ეროვნული სამხატვრო გალერეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეროვნული გალერეა, დიდების ტაძარი

ეროვნული სამხატვრო გალერეა - 1920 წლის 30 მარტს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი ქ. თბილისში ამა წლის 1 თებერვლიდან ეროვნული სამხატვრო გალერეის დაარსების შესახებ. გალერეა 1888 წელს აგებულ რუსეთის სამხედრო-ისტორიის მუზეუმის (დიდების ტაძრის) შენობაში განთავსდა. მისი გახსნა და ხელმძღვანელობა დიმიტრი შევარდნაძის სახელთანაა დაკავშირებული.

სამხატვრო გალერეის მიზანს საქართველოსა და საქართველოს მოსაზღვრე ხალხთა ხელოვნების, და ახალი, მხატვრობისა და ქანდაკების ნაწარმოებთა შეძენა და დაცვა წარმოადგენდა. მასთან არსებობდა წიგნსაცავი, სადაც წიგნები, სამხატვრო ჟურნალები გროვდებოდა. სამხატვრო გალერეა სახალხო განათლების მინისტრს ექვემდებარებოდა. მისი საჭიროებისთვის 1.II.1920-დან 1.VI.1920-მდე 43.780 მანეთი გამოიყო. გალერეის ფინანსებს შეადგენდა:

ა. სახალხო განათლების სამინისტროდან გამოყოფილი თანხა;
ბ. მუზეუმში შესასვლელი გადასახადი, შემოწირულებანი, კოლექციების ასლების გაყიდვით მიღებული თანხები.

19.X.1920 ჟურნალ „მხედარში“ საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეის მოწოდება დაიბეჭდა: „ბ-ნ განათლების მინისტრის თანხმობით და მოწონებით საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერეა მხატვრულ-მეცნიერული მიზნით აწყობს მთელი მხატვრობის სურათების გამოფენას, გალერეა თხოვს ყველას ნახატების ჩაბარებას. გალერეა გარანტიას იძლევა სურათების დაცვისა და ხელშეუხებლობისათვის. გამორჩეულებს კი შეიძენს“. 1920 წლის ოქტომბერში პირველი გამოფენა გაიხსნა, სადაც, იმ პერიოდში მოღვაწე მხატვრების ნამუშევრებთან ერთად, XVIII-XIX სს. ე.წ. „ტფილისური სკოლის“ პორტრეტები, დასავლეთ ევროპული, რუსული და ირანული ხელოვნების ნიმუშები გამოიფინა. ხელისუფლების მხარდაჭერითა და იმდროინდელი საზოგადოების დახმარებით, გალერეას მალე საკმაოდ დიდი კოლექცია შეემატა.

1921 წლიდან საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციამ გალერეის განვითარებაც შეაფერხა. 1932 წელს გალერეის რეორგანიზება განხორციელდა, მის ბაზაზე შეიქმნა სახვითი ხელოვნების მუზეუმი, სადაც წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და თბილისის უნივერსიტეტი ხელოვნების კოლექციები გაერთიანდა. სახვითი ხელოვნების მუზეუმი მეტეხის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა. 1950 წლიდან ის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმად იწოდებოდა და 1838 წელს აგებულ სასულიერო სემინარიის შენობაში განთავსდა.

დღეს საქართველოს ეროვნულ სამხატვრო გალერეას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა ეწოდება, სახვითი ხელოვნების მუზეუმს კი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი. 2007 წლიდან ეს მუზეუმები გაერთიანებულია ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში.

სალომე ჭანტურიძე, მაია ციციშვილ

ლიტერატურა

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული, თბ., 1990.
  • ჟურნალი „მხედარი“,1920, №16.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები