ერწოს ნატბეური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ერწოს ნატბეური – ერწოში უხსოვარ დროს ტბა მდგარა. ხალხი მაღლა ცხოვრობდა თურმე, ტყეში ნასოფლარებია. ტბაში ერთი გველეშაპი ყოფილა დაბუდებული. სოფელში ხატს კურატები ჰყოლია. ერთი, შვიდი წლის კურატი კოპალას სახელზე ყოფილა აშებული. ხედავს მწყემსი, რომ დღისით დაიკარგება ეს კურატი და საღამოს ქანცგაწყვეტილი და მშიერი მოვა. გულისხმაში ჩავარდა მწყემსი, უნდა გავყვეო. მეორე დღეს ჩუმად გაჰყვა თან. ხევსურთსოფლის თავში რომ ჩავიდა, კურატმა შეჰღმუვლა სამჯერ და ტბიდან გველეშაპი გამოვიდა. ეცნენ ერთმანეთს და დაიწყეს ბრძოლა, დაიღალნენ. ვერც ერთმა ვერ სძლია. საღამოთი კურატი რომ დაბრუნდა, მწყემსმა რქებზე სალტეებით შუბები გაუკეთა. დილით კარგად გააძღო და გაუშვა. კვლავ ეძგერნენ ერთმანეთს და ამოჰკრა რქები კურატმა, დაჩხვლიტა ეს გველეშაპი და ივრის მხარეს გააქცია. გაქცეულმა გველეშაპმა თავისი ტანით ღარი გაიტანა, ტბის წყალი გაყვა ღარს, ტბა დაიწრიტა და გადაიქცა ის ადგილი ნატბეურად. ასე გაკეთდა მდინარე აძეძის კალაპოტი.

სხვა თქმულებით, გველეშაპი ყოველდღე მიდიოდა თურმე ზღვაზე, ჩაიგუბებდა წყალს, მოჰქონდა და აქ, ერწოში, გადმოღვრიდა. ტბა თანდათან იზრდებოდა და მთებზე მოსახლე ხალხს წალეკვით ემუქრებოდა. გველეშაპთან შებმას, აბა, ვინ გაბედავდა. ჰოდა, ერთ კაცს საოცარი მოზვერი ჰყოლია, რქები დანასავით ჰქონია გალესილი. ერთ მშვენიერ დღეს გაპარვია კაცს ეს მოზვერი, შეჭიდებია გველეშაპს და სულ დაუფატრავს, ისე რომ გველეშაპისგან კუდიღა დარჩენილა. ეს კუდია ჩვენი იორი, დღემდე რომ ჩაგვიდის და არ გვიწყდება.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები