ესთეტიური ლიგა პატრიოტებისა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ესთეტიური ლიგა პატრიოტებისა - ქართველ პოეტთა, მწერალთა და მხატვართა მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ჩამოყალიბდა 1919 წლის იანვარში საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ჯგუფში შედიოდნენ: პაოლო იაშვილი, იაკობ ნიკოლაძე, პავლე ინგოროყვა, ტიციან ტაბიძე, ლადო გუდიაშვილი და ალი არსენიშვილი.

ლიგის წევრები ეროვნულ-დემოკრატიულ მსოფლმხედველობას იზიარებდნენ. პავლე ინგოროყვა და ტიციან ტაბიძე თავდაპირველად ედპ-ის წევრები და მისი დამფუძნებელი ყრილობის დელეგატებიც იყვნენ. პ. ინგოროყვა ყრილობაზე მოხსენებით გამოვიდა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე - „საქართველოს ტერიტორია“. ტიციან ტაბიძე კი პრეზიდიუმში აირჩიეს, როგორც ყრილობის ერთ-ერთი მდივანი. იგი იყო გაზეთ „საქართველოს“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ხოლო 1917 წლის ნოემბერში კოოპტაციის წესით პარტიის მთავარი კომიტეტის წევრიც გახდა.

ინფორმაცია ესთეტიური ლიგის შექმნის შესახებ ქართულ პერიოდულ პრესაში დაიბეჭდა, მაგრამ მასში არაფერი იყო ნათქვამი ლიგის პროფილსა და სოციალურ-პოლიტიკურ ორიენტაციაზე. ლიგას არც საარჩევნო პლატფორმა გამოუქვეყნებია და არც წინასაარჩევნო კამპანია უწარმოებია. ესთეტიური ლიგის საკანდიდატო სია მცირერიცხოვანი იყო და მასში ამ ორგანიზაციის დამაარსებელი ზემოთ დასახელებული 6 კაცი შედიოდა. საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში ესთეტიურმა ლიგამ მონაწილეობა დამოუკიდებლად მიიღო. ლიგის, როგორც საარჩევნო სუბიექტის, სიას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მე-14 ნომერი მიაკუთვნა. არჩევნების შედეგები არასახარბიელო გამოდგა. ლიგამ დამფუძნებელი კრების ძირითად და დამატებით არჩევნებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ რაღაც 66 ხმა მიიღო (მათ შორის: თბილისში - 16, ქუთაისში - 11), რაც უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესასვლელად საკმარისი არ იყო. განცდილი მარცხის შემდეგ ლიგის წევრები აქტიურ პოლიტიკას ჩამოშორდნენ და თავიანთ შემოქმედებით საქმიანობას დაუბრუნდნენ.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის გამო ემიგრაციაში არც ერთი მათგანი გახიზნულა. 1921-1923 წლებში პ. ინგოროყვა საბჭოთა რეჟიმისადმი პროტესტს, კ. გამსახურდიასთან, ვ. კოტეტიშვილსა და ა. აბაშელთან ერთად, შავი ჩოხის ტარებით გამოხატავდა.

კომუნისტურ ხელისუფლებას ლიგის ყოფილ წევრთა მიმართ თავდაპირველად განსაკუთრებული მტრობა არ გამოუჩენია, 1926 წელს სამშობლოში უპრობლემოდ დაბრუნდა უცხოეთში სასწავლებლად მყოფი ლ. გუდიაშვილიც. თუმცა 1930-იან წლებში პაოლო იაშვილი და ტიციან ტაბიძე პოლიტიკურ რეპრესიებს შეეწირნენ. ქაშუეთის ტაძრის კედლების მოხატვისათვის შევიწროება განიცადა ლადო გუდიაშვილმაც.
ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები