ეტანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტანა – შუმერული ქალაქის ქიშის მეფე, რომელიც არწივზე ამხედრებული ცად ავიდა შობის ბალახის ჩამოსატანად. ამ ამბავს წინ უძღვის იგავი არწივისა და გველის საბედისწერო მეგობრობის შესახებ.

ერთხელ არწივი და გველი ერთმანეთს შეეყარნენ. უთხრა არწივმა: შენთან მეგობრობა მწადია. მოდი, დავძმობილდეთ, ერთად ვიცხოვროთ, ჭირი და ლხინი გავიყოთო. გველი უნდობლად მოეკიდა არწივის სიტყვებს: დაუნდობელი ხარ, არწივო. არ ვენდობი შენს ნათქვამს. თუ ჩემთან ძმობა გსურს, დავტოვოთ ეს ბარი, ავიდეთ მაღალ მთაზე და იქ შევფიცოთ ერთმანეთს, რომ საუკუნოდ ერთმანეთის ძმები ვიქნებით.

ასეც მოიქცნენ. ავიდნენ მთაზე და მზის ღმერთის შამაშის წინაშე შეჰფიცეს ერთმანეთს. ასეთი სიტყვები წარმოთქვეს:

ვინც გადაუხვიოს შამაშის გზიდან,
დაე, შეეკრას მთის გადასასვლელი!
ბილიკი დაეკარგოს, გზა ვეღარ გაიგნოს!
ვრცელია ბადე გმირი შამაშისა,
უვრცელეს ხმელეთს ზედ ეფინება,
შორეულ ზეცას მოიცავს იგი!
შამაშის ბადეს თავს ვინ დააღწევს?

ასე შეჰფიცეს ერთმანეთს გველმა და არწივმა, ერთხმად წარმოთქვეს ეს სიტყვები შამაშის წინაშე. მერე წავიდნენ და იპოვეს ერთი უზარმაზარი ხე და დაიწყეს ცხოვრება. ხის ფესვებში გველმა სორო გაიკეთა და წიწილები დაყარა. არწივმა კი ხის ტოტებში მოიწყო ბუდე და მართვე გამოჩეკა. დაბლა გველი და მაღლა არწივი, არავინ იყო აქ, ამ მწვერვალზე და ხის შორიახლო მათ გარდა. მხოლოდ მზე-შამაში დაჰყურებდა მათ ზემოდან და თვალს ადევნებდა მათ ქცევას. წავიდოდა გველი სანადიროდ, მოიტანდა ნანადირევს – ძროხას ან ცხვარს, თხას ან ქურციკს, და არწივიც, მისი ძმობილი, კვებავდა თავის მართვეს. და ასე გაიზარდა იგი გველის ნანადირევით.

როცა გაიზარდა არწივის მართვე, სრულიქმნა ტანით და ფრთებიც გაუმაგრდა, არწივმა იფიქრა გულში: „გაიზარდა ჩემი მართვე, გაუმაგრდა ტანი და ფრთები. ახლა თავად შეუძლია გაფრენა საზრდელის საძებრად. ავდგები და შევჭამ გველის წიწილებს, მერე კი დავტოვებ ამ არემარეს, ცაში ავფრინდები და იქ დავიდებ ბინას. ვინ იქნება ჩემი მპოვნელი? გველი რას მიხვდება?!“

მისმა მართვემ, ბრძენმა და კეთილმა, ასე გააფრთხილა არწივი:

ნუ შეჭამ, მამავ, გველის წიწილებს,
შამაშის ბადეში გაეხვევი,
შეგიპყრობს ბადე შამაშის ფიცისა.
შამაშის მცნებათა დამრღვევი
შამაშის ხელითვე სასტიკად ისჯება.

არ შეისმინა არწივმა მართვეს გაფრთხილება, დაეშვა ხის ძირას და შეუჭამა გველს წიწილები, მერე აფრინდა და იქაურობას გაერიდა.

დაბრუნდა გველი შუადღისას ნადირობიდან და, რას ხედავს, ანგრეულია მისი ბუდე და აღარ არის წიწილები. მიხვდა გველი არწივის ვერაგობას, ახედა შამაშს და მის წინაშე ცრემლების მღვრელმა ეს წარმოთქვა: „შენ შეგივრდები, გმირო შამაშ, ღმერთო სამართლისა და სიმართლისა! შენს წინაშე შევფიცეთ ერთმანეთს ძმობა მე და არწივმა. შენ იყავი მოწმე, როგორ ვერთგულობდი მას. ხედავდი, რომ ავი არ მიზრახავს ჩემი ძმისათვის, მარადდღე ფიცის ერთგული ვიყავი. ჩემი ზურგით მოტანილი ნანადირევით ვუზრდიდი მართვეს. მან კი მიღალატა. როცა სანადიროდ ვიყავი წასული, მოძებნა ჩემი ბუდე და შემიჭამა წიწილები. აჰა, მრთელია მისი ბუდე, ჩემი კი ანგრეულია. მრთელია მისი მართვე, ჩემი წიწილები კი აღარა არიან. ახლა შენ გევედრები, მართალო შამაშ! შენ მიზღე ჩემი ღალატისთვის არწივს. ვრცელია შენი ბადე, უვრცელეს ხმელეთს ეფინება, შორეულ ზეცას მოიცავს იგი! მაგ ბადისაგან თავს ვინ დააღწევს? თვით ავი ანზუდიც კი ვერ გაექცა. ნუ გაექცევა შენს ბადეს არწივი, ბოროტისმქმნელი და მზაკვარი“.

მოუსმინა მაღლიდან მზე-შამაშმა გველს და შეიწყნარა მისი ვედრება. ასე დაარიგა: „წადი, გაჰყევი ამ გზას და მთა გადაიარე. გზაზე, ერთ ორმოსთან, ხარის ლეშს დაგახვედრებ. მუცელი გაუფატრე, შეძვერი მის შიგანში და იქ დაიდე ბინა. ცის სუყველა ფრინველი დაეშვება ხარის შესაჭმელად. შორიდან ჰკიდებს თვალს არწივი და ისიც გამოფრინდება ხარის ლეშისკენ, შიგანში შესასვლელს დაუწყებს ძებნას, იპოვის და შეაღწევს შიგნით. ამ დროს იმარჯვე, შემოვა თუ არა, ფრთებზე მოეჭიდე და დაულეწე ფრთები, მხარი მოსტეხე და ორმოში ჩააგდე. დაე, იქ ეგდოს მშიერ-მწყურვალი, რათა მოკვდეს. ეს იქნება მისი სასჯელი“.

მოისმინა გველმა შამაშის სიტყვები და გაჰვა გზას, მთა გადაიარა და ხედავს, მართლაც, ხარის ლეში გდია ორმოსთან გზაზე. მიადგა გველი ლეშს, მუცელი გაუფატრა და შიგანში შეუძვრა.

შორიდან ჰკიდეს თვალი ხარის ლეშს ცის ფრინველებმა და დაეშვნენ ძირს. არწივმაც დაინახა ლეში და ეუბნება თავის მართვეს: „ჩავფრინდეთ, ვჭამოთ ხარის ხორცი.“ მაგრამ მართვემ, ბრძენმა და კეთილმა, არ ურჩია მამას, ჩაფრენილიყო ლეშის საჭმელად. გააფრთხილა: გველი არ იყოს მის შიგანში მოკალათებულიო. არ დაუჯერა არწივმა მართვეს, ბრძენსა და კეთილს, არ შეისმინა მისი სიტყვები და დაეშვა მიწაზე ხარის შესაჭმელად. მაინც ფრთხილობა, აქეთ-იქით იცქირებოდა, ზვერავდა. ბოლოს, ლეშს დახარბებულმა მოძებნა ხარის შიგანში შესასვლელი ხვრელი და შევიდა შიგ. მყისვე ეცა გველი თავის მტერს და მაგრად შემოეჭდო ფრთებზე. რაღა ეთქმოდა არწივს, დამდგარიყო შურისგების ჟამი. ესღა უთხრა: „ოღონდ გამიშვი და, რასაც მთხოვ, მოგცემ“. არ აპატია გველმა არწივს დანაშაული და უთხრა: „რომ გაგიშვა, რა პასუხი გავცე მაღალ შამაშს? სასჯელი, რომელიც შენ უნდა დაგეკისროს, ჩემზე მოექცევა“. ეს უთხრა და დაუგლიჯა ფრთები და ნისკარტი, მხარი მოსტეხა და ორმოში ჩააგდო, რომ მშიერ-მწყურვალი მომკვდარიყო.

და გდია ფრთებდალეწილი არწივი ორმოში და მარადდღე ემუდარება შამაშს:

ნუთუ ორმოში უნდა დავიღუპო?
ვინ უწყის, რა მძიმეა სასჯელი ჩემი?
იხსენი სიცოცხლე ჩემი, არწივისა,
და სახელს შენსას მარად მოვიხსენებ.

მაშინ დაძრა სიტყვა სამართლის ღმერთმა და უთხრა არწივს:

ბოროტი ხარ, ძალზე მაწყენინე,
ღმერთებისგან აკრძალული გიჭამია.
თუნდაც შემომფიცო, არ მოგივალ,
ჰა, კაცი ერთი – მას მოგივლენ,
ის გეყოლება ხელისამპყრობელად.

უშვილო ეტანა ევედრება შამაშს, რომ მან მიანიჭოს მემკვიდრე. შამაში ეტანას აგზავნის ორმოში ჩავარდნილ არწივთან, რომელსაც უნდა მოუაროს, განკურნოს, ფრთები გაუმრთელოს, რის შემდეგაც მადლიერი არწივი წაიყვანს მას ანუს ცაში „შობის ბალახის“ მოსაპოვებლად. ტექსტიდან არ ჩანს, მოიპოვა თუ არა ეტანამ ჯადოსნური ბალახი. აღწერილია მხოლოდ მისი ცად ასვლა არწივის ფრთებზე და ძირს დაშვება. ადამიანისა და არწივის ურთიერთობა, ურთიერთშემწეობა გავრცელებული მოტივია მრავალი ქვეყნის ხალხურ ზღაპრებში.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები