ეტიფანეს განჩინება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეტიფანეს განჩინება - ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ეტიფანეს (ეპიფანეს) განჩინება („დაწერილი“). აღმოჩენილია 1910 წ. ნ. მარის ხელმძღვანელობით ანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას ერთ-ერთი ქართულ ეკლესიის ნანგრევების გაწმენდის დროს. კედლიდან ჩამოცვენილი პერანგის ქვები მიწით იყო დაფარული. მათი აწყობის შემდეგ (ცალ-ცალე გადაღებული ფოტოსურათების ერთმანეთზე მორგებით) დიდი მოცულობის ტექსტი მთლიანად გაიმართა. წარწერა ამოკვეთილი ყოფილა 20 სტრიქონად ქვის 50-ზე მეტ ფილაზე. პირველი 19 სტრიქონი ქართული ასომთავრულითაა შესრულებული, ხოლო მე-20, ქართული ტექსტის სომხური დამოწმება – ერკათაგირით. წარწერიანი ფილები ამჟამად დაკარგულია (1915 წ., I მსოფლიო ომის დროს, როდესაც ანისი და მისი მიდამოები თურქულ ჯარს უნდა აეღო, ანისის მუზეუმის თანამშრომლებმა, სხვა არქეოლოგიურ მასალასთან ერთად, წარწერიანი ფილები, დაცვისა და შენახვის მიზნით, კვლავ მიწაში ჩაფლეს).

„დაწერილი“ ლაშა-გიორგის დროინდელი საქართველოს ეკლესიის მეთაურის განჩინებაა ანისის მართლმადიდებელი სამღვდელოებისა და მისი მრევლისადმი. განჩინების გამოტანა გამოწვეული იყო 1218 წ. წინა ხანებში ანისის მართლმადიდებელ მრევლსა და სამ ღვდელოებას შორის საეკლესიო გადასახადის გამო ჩამოვარდნილი განხეთქილებით. როგორც წარწერის ტექსტიდან ჩანს, სამღვდელოება ქორწინებისა („გჳრგჳნთა კურთხევისათჳს“) და მიცვალებულთა წესის აგებისათვის („მკუდართათჳს“) მრევლისაგან თითოეულში ცალ-ცალკე ითხოვდა 100 დრამას. ამას უკმაყოფილება გამოუწვევია, რაც იმაში გამოიხატა, რომ მრევლის ერთ ნაწილს წირვა-ლოცვაზე დასწრება შეუწყვეტია, ხოლო საპასუხოდ სამღვდელოების ერთ ნაწილს – მისი ჩატარება. სწორედ ამიტომ წერს კათოლიკოსი: „ლოცვას ნუცა თქუენ დააკლდებით და ნუცა თქუენო“. „დაწერილი“ აგებულებით ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ ნაწილში კათოლიკოსი სამღვდელოებას მიმართავს: „უსასყიდლოდ მიგიღებიეს, უსასყიდლოდ მისცემდით“ (მათე 10, 8). შემდეგ განმარტავს სახარების ამ ადგილს: „ესე იგი არს, გეტყჳს ღმერთი უკუდავი — „ჩემდა რაჲ მიგიცემიეს მადლსა მისთგს, რომელი ჩემგან მიიღით? თქუენცა ჰყიდდით დიდსა მადლსა ჩემგან უსყიდულსა. უკუეთუ მე უსასყიდლოდ მომიცემიეს, არცა თქუენგან ჯერ-არს სყიდაჲ ლოცვათა ერისა მიმართ“. მეორე ნაწილში კათოლიკოსი მრევლს მიმართავს: „უფროჲ სად მხიარულებით მისცემდით თჳნიერ დაჭირებისა, რამეთუ „მხიარულებით მისაცემელი უყუარს უფალსა“ (შდრ. 2. კორინ. 9, 7). შემდეგ იგი მოძღვრავს მრევლს: „მკჳდრნო ამის ქალაქისანო(!) ქართველნო, რაოდენცა პირველად დიდად პატივცემდით, მღდელთაგან გიჴმს ლოცვაჲ და წირვაჲ, ნუ გეწყინების მათთჳს ძალისაებრი მისაცემელი“.

ბოლოს კათოლიკოსი მიმართავს თავისი განჩინების ორსავე მხარეს: „და თქუენ გიყუარდენ, ვითარცა მამანი სულიერნი, და მათ უყუარდით, ვითარცა შვილნი სულიერნი...“, განჩინების შინაარსის მიხედვით, კათოლიკოს ეტიფანეს მაინც მრევლის მხარე დაუჭერია და დავა, როგორც ჩანს, მის სასარგებლოდ გადაუწყვეტია – ორივე შემთხვევისათვის საეკლ. გადასახადი 100 დრამის ნაცვლად 100 „ტფილურით“ განუსაზღვრავს. რაც შეეხება ფულის ერთეულ „ტფილურს“ იგი სხვაგან არ გვხვდება. ჩანს, რომ ეტიფანეს დროსაც ახალი დაწესებული იყო, რადგან კათოლიკოსი განმარტავს: „ტფილური ასი დრამაჲ იგი იყოს: დანგი ერთი გ მიეცეს“; ე.ი. ერთი დანგი სამი ტფილური არისო. ერთ-ერთ გადასახადად კათოლიკოსი ადგენს „ზროხის ტყავს“, რომლის შესახებ წერს: „ზროხის ტყავი, რომელ ერთობ წაგიღიათ აქამდის, აწ საწირავადვე მისცემდით თჳთო შოლტსა“. ეტიფანე კათოლიკოსის განჩინებას, ტექსტის ბოლოს, სომხურ ენაზე ამოწმებენ ანისის ადგილობრივი ხელისუფალნი – ეპისკოპოსი მეუფე გრიგოლი და ქალაქის ამირა ვაჰრამი. განჩინებას მიწერილი აქვს ორი თარიღი: ქართული – „ქრონიკონსა ჳლჰ“ და სომხური – „წელი 667“. ორივე, ჩვენს წელთაღრიცხავზე გადმოყვანით, 1218 წელია. საყურადღებოა, რომ ქართულში ჱ-ს ნაცვლად მისი მნიშვნელობით დასმულია ჰ. ეს წერილობით ძეგლებში იშვიათად, მაგრამ სხვაგანაც გვხვდება. დასასრულ, ამ მრავალმხრივ არაორდინარული წარწერა-საბუთის ტექსტი ასეთია: [†] იტყუის ჴმაჲ საღმრთ[ოჲ]: „უსასყიდლოდ მიგიღ[ებ]იეს, უსასყიდლოდ მისცემდით“. ესე იგ[ი] არს გეტყ[უი]ს ღმერთი უკუდავი: „ჩემდა რაჲ მიგიცემიეს მადლისა მ[ის]თუის, რომელი ჩემგან მიიღით? თქუენცა ჰყიდდით დიდსა მადლსა ჩემ[გ] ან უსყიდულსა უკუეთუ მე უსასყიდ[ლ]ოდ მომიცემიეს, არცა თქუენგან ჯერ-არს [ს]ყიდაჲ ლო[ც]ვათა ერ[ის]ა მიმ[ართ]. ან, სასონო ჩემნო, ან[ე]ლნო ხუცესნო, ნუ [ი] ქნებით დასაბრკოლებელ [სიტ] ყუათა და ნუცა გარდ[აჰ]ჴდებით მოციქულთ[ა] [მც]ნებას[ა] ცუდისა და [წა]რმავალი[სათუის]. ყოვლად უწეს[ო] არს აღ[ებ]აჲ თქუნგანცა გუირგუინთა კურთხე[ვისათუის] ასისა დრამის[აჲ], [ხოლო ასისა ტფილურისაჲ-ჯერ] არს; თ[უ] ძალი ედვას, პური აჭამოს.

ეგრეთვე მკუ[დარი]სათუის, რომელი ჭირს თ[ანაუ]ფრო შესჭირდების, მისისა სული[ს]აჲ ეგდენივე ასისა ტფილურისა მიეცეს და [თუ ძალი] [ედვას], პური აჭამოს და სხუად წაღებაჲ? ძალისაებრად. ყოვე[ლ]ივე მისაცემელი მღ[დელთა უბრკოლ]ებელი იყვან თქუენდა მოსაცემელად. მ[კუ]იდრნო ა[მ]ის ქალაქისანო(!) ქართველნო, რ[აოდენ]ც[ა] პირველად დიდად პატივცემდით! მღდელთაგან გიჴმს ლოცვაჲ და წირვაჲ, ნუ გეწყინების [მ]ათთუის ძა[ლი] საებრი მისაცემელი! უფრ[ოჲ] სად მხიარულებით მისცემდით, თუინიერ დაჭირებ[ი]სა, „რამეთუ მხი[არ]ულებით მისაცემელი უყუარს უფალს[ა]“ და თქუენ გიყუარდენ, ვითარცა მამანი სულიერნი, და მათ [უ]ყუარდით, ვითარც[ა] შვილნი სულიერნი. ლოცვასა ნუცა [თ]ქუენ დააკლდებ[ი]თ და ნუცა თქუენ. ყოველსა [ზ]ედა უფროჲსა[დ] [ს]აღმრთოჲ [იგი] [ს]იყუარული ერთმანეთისაჲ მოიგეთ [დ]ა ამით მ[ი]ეცით სასურეო საღმრთოთა მცნებათაჲ. ესე მე, ეტიფანეს კათალიკოზსა ჩემითა ჴელითა დ[ა]მიწერია, ოდეს ანისს ეკლესიანი ვაკურთხენ. ტფილური ასი დრამა[ჲ] იგი იყოს: დანგი ერთი გ მიეცეს. და ზროხის ტყავი, რომელ ერთობ წაგიღიათ აქამდ[ი]ს, აწ საწირავ[ად]ვე მისცემდით თუითო შოლტსა; ჩუენ საეკლესიოითა წესთაგან რად შევიცვალებით? ვინცა ესე ჩემი გა[ნგე]ბული შე[ცვ]ალოს, არ[ა ცვალაა მან ბრ]ძანებაჲ ღმრთის[ა]გან და მისთა წმიდათაგან?
ქრონიკონსა ჳლჰ
დამოწმება სომხურ ენაზე: br /> წელი 667. მე, მეუფე გრიგოლ [მღვდელმთავარი ეპისკოპოსი], მე, ვაჰრამი, ამირა ქალაქისა, მოწამენი ვართ, რომ კათალიკოსის ბრძანება [მტკიცეა და ჭეშმარიტი]“.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები