ეფრემ მცირე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეფრემ მცირე

ეფრემ მცირე (XI ს.) — მეცნიერი, მწიგნობარი, მთარგმნელი, ათონის სალიტერატურო სკოლის გამგრძელებელი და განმავითარებელი.

მისი ცხოვრების შესახებ ცოტა რამ ვიცით. ვარაუდობენ, რომ გვარად კარიჭისძე იყო. დაიბადა XI ს. პირველ ნახევარში. სწავლა კონსტანტინოპოლში მიიღო. სრულყოფილად შეისწავლა ბერძნული ენა და ლიტერატურა. XI ს. 60-იანი წლების დამდეგს უკვე თარგმნიდა ბერძნულიდან ქართულად. მოღვაწეობდა მცირე აზიაში, ანტიოქიის მახლობლად, შავ მთაზე, სადაც იმხანად ქართველმა ბერ-მონაზვნებმა ძლიერი სალიტერატურო სკოლა შექმნეს. როგორც ჩანს, ავი მთა სიკვდილამდე არ დაუტოვებია. 1091 წ. ახლო ხანს შავი მთის კასტანას მონასტრის წინამძღვარი იყო. 1103 წ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრების აქტები მას უკვე მიცვალებულად მოიხსენიებენ. ეფრემ მცირე დიდად განსწავლული ფილოლოგოსი იყო. მისეული ანდერძ-მინაწერიდან ჩანს, რომ მთარგმნელობას ასწავლიდნენ საბა თუხარელი და ანტონ ტბელი, პუნქტუაცია უკარნახა იოანე ფარნაკელმა, ხოლო სათარგმნ თხზულებებს გაბრიელ მღვდელი ურჩევდა. ეფრემს ლიტერატურულ-მეცნიერული კონტაქტი ჰქონდა ანტიოქიის პატრიარქთან, რომლის ნებართვით ეფრემი სარგებლობდა სვიმეონწმიდის მონასტრის უმდიდრესი წიგნთსაცავით. პირადად იცნობდა სახელგანთქმულ ბერძენ კანონისტს ნიკონ შავმთელს, არაბ ჰაგიოგრაფს მიქელ ბერს, ადენის მიტროპოლიტს სამოელს - არაბულიდან ბერძნულად მთარგმნელს.

ეფრემ მცირეს სამწერლო მემკვიდრეობა ორგვარია: ორიგინალური თხზულებანი და თარგმანები. ორიგინალურ თხზულებათაგან მნიშვნელოვანია: „მოსახსენებელი მცირე სვიმეონისათვის ლოღოთეტისა და „თხრობაჲ მიზეზსა ამათ საკითხავთა თარგმანისასა“, „უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისაჲ თუ რომელთა წიგნთა შინა მოიხსენების“; ფსალმუნთა კატენების შესავალი; სქოლიოები, რომლებიც სხვადასხვა თხზულებას ერთვის.

ნახევრად ორიგინალურია ეფრემის მიერ შედგენილი „თარგმანება“ ფსალმუნთა. მას გამოუყენებია მრავალი ავტორის განმარტებანი და მათს საფუძველზე შეუდგენია ნაშრომი, ამ მხრივ უნიკალური მთელ მსოფლიო ეგზეგეტიკურ მწერლობაში. ნაშრომის დართულ შესავალში მოცემულია საგულისხმო ცნობები ბიზანტიური და ქართული მწერლობის შესახებ, დასახელებული და დახასიათებულია ნაშრომის წყაროები.

ეფრემ მცირემ შექმნა საკუთარი მთარგმნელობითი თეორია, რომელიც სამი ძირითადი პრინციპით განისაზღვრება: 1. თხზულება უნდა ითარგმნებოდეს უცილობლად დედნიდან; 2. თარგმანი ზედმიწევნით ზუსტი უნდა იყოს, მაგრამ სიზუსტემ არ უნდა შელახოს იმ ენის ბუნება, რომელზეც ძეგლი ითარგმნება: 3. თარგმანს დართული უნდა ჰქონდეს სპეციალური კომენტარები, რომლებშიც განხილული იქნება თხზულელებასთან დაკავშირებული ისტორიულ-ტექსტოლოგიური საკითხები, ეფრემი ამ ზოგად შეხედულებებს ზუსტად იცავდა თავის პრაქტიკულ მთარგმნელობითს მოღვაწეობაში. სწორედ ამიტომ მან უშუალოდ ბერძნულიდან თარგმნა გრიგოლ ღვთისმეტყველის ჰომილეტიკური სიტყვანი, რომელთა ერთი ნაწილი, გრიგოლ ოშკელის მიერ სომხურიდან თარგმნილი, ქართულად უკვე არსებობდა ეფრემმა იცოდა ეს ამბავი, მაგრამ შენიშნავდა: „მე სომხურისა წილ ბერძნულისაგან კვალად მეორედ ვიიძულე თარგმნად, რამუთუ სომეხისა შვილსა და ბერძნისა შვილიშვილსა, ნუუკვე და არა უეჭველსა, თვით უეჭვი და საკუთარი შვილი აღვირჩივე“. განსაკუთრებით დიდი გულმოდგინებით ადევნებდა ეფრემი თვალს იმას, რომ ქართული თარგმანი ზუსტი ყოფილიყო ამ თვალსაზრისით უაღრესად საინტერესოა ის გარემოება, რომ ეფრემი არ მოერიდა ისეთ დიდ ავტორიტეტებს, როგორიც იყვნენ ექვთიმე და გიორგი ათონელები. ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილ გრიგოლ ღვთისმეტყველის თხზულებაში ორი სხვადასხვა სიტყვა ერთმანეთზე მექანიკურად იყო გადაბმული. ეფრემი აღნიშნავს: არ ვიცი, რამ გამოიწვია ასეთი აღრევა, მაგრამ ამას „ჩვენ გვაყვედრებდეს ბერძენნი“, იგი თავიდან თარგმნის ამ ორ თხზულებას ორიგინალის ტექსტის შედგენილობის ზუსტი დაცვით. ეფრემი მოითხოვდა ბერძნულ დედანთან უაღრესად ზუსტად მისვლას. ამ თვალსაზრისით მან გიორგი ათონელის მიერ თარგმნილი „სამოციქულო“ თავიდან ბოლომდე შეუდარა დედანს და საკუთარი შენიშვნები დაურთო. ამგვარი კრიტიკული დამოკიდებულება დიდთა წინაპართადმი მას, როგორც ჩანს, არ აპატიეს და იგი იძულებული გახდა განეცხადებინა — ექვთიმესა და გიორგის წინაშე ქედს ვიხრიო. ეფრემის ტექსტოლოგიური ძიების სიღრმე სხვა მიმართულებითაც გამომჟღავნდა. იგი ჩინებულად იცნობდა ქართულ მწერლობას და ცდილობდა ქართულად ერთხელ უკვე ნათარგმნი თხზულება მანამდე არ ეთარგმნა, ვიდრე ძველ თარგმანს დაწვრილებით არ შეისწავლიდა. 12 წელს ელოდებოდა იგი პროკოფი მღვდელის მიერ ქართულად თარგმნილ „ასკეტიკონს“ და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო ამ წიგნის თარგმნა, როცა დაასკვნა - ძველი თარგმანი უკვე დაკარგული არისო. რაკი ექვთიმეს მიერ თარგმნილ თხზულებებს ხელმეორედ თარგმნიდა, ეფრემი განმარტავდა, ექვთიმეს მთარგმნელობითს სტილს, „კლება–შემატების“ მეთოდს. მისი ქმნილ თხზულებებს ხელმეორედ თარგმნიდა, ეფრემი განმარტავდა, ქართველი მკითხველი საზოგადოება სათანადოდ არ იყო მომწიფებული. მაგრამ ახლა, ეფრემის აზრით, უფრო მაღალი დონის ქართველი მკითხველისთვის ზუსტი თარგმანის მიწოდება იყო საჭირო. ეფრემი გარკვეულ მუშაობას აწარმოებდა სათარგმნი ბერძნული დედნების შესარჩევადაც. მაგალითად, ბასილი დიდის „ასკეტიკონის“ თარგმნისას მას ორი წიგნთსაცავის რამდენიმე ხელნაწერით უსარგებლია.

განსაკუთრებით საყურადღებოა ის კომენტარები, სქოლიოები (ანუ „შეისწავლენი“, როგორც თვითონ უწოდებს), რომლებსაც ეფრემ მცირე თარგმნილ თხზულებებს ურთავდა ხოლმე. ამ სქოლიოებით, ანდერძებითა და წინათქმებით უხვადაა მოფენილი ეფრემისეული თარგმნილი თხზულებების გვერდები. მათში ვხვდებით უაღრესად საგულისხმო კომენტარებს და ცნობებს ქართული და ბერძნული ენის, ქართული და ბიზანტიური ლიტერატურის ისტორიისთვის. ეფრემის ინტერესთა სფეროში შემოდის ფილოსოფიის, რელიგიური ფილოსოფიის, თეოლოგიისა და ისტორიის საკითხები. ეფრემი კრიტიკულად იკვლევს სახარების უძველესი ქართული თარგმანის ბერძნულ ტექსტთან მიმართების პრობლემას, ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი ბასილი დიდის „ითიკის“ რაობას, ბასილი დიდის „ასკეტიკონის“ ავტორობის საკითხს, ქართული და ბერძნული ცალკეული ლექსიკური ერთეულების ნიუანსებს, ბასილი დიდის სანათესაო კავშირს პონტოსთან, არეოპაგიტულ წიგნთა ავტორის ვინაობას, არეოპაგიტიკის მიმართებას ქრისტიანობასთან. განსაკუთრებით დაინტერესებულია ანტიკური მითოსის საკითხებით. ამ ტიპის კომენტარები გულმოდგინედ უძებნია ბერძნულ სასულიერო მწერლობაში და ქართულად დამოუკიდებელ თხზულებებად გადმოუღია. ამ თხზულებებს ჰქვია: „ზღაპრობანი დიდისა ბასილისა ეპიტაფიასა შინა შემოღებულნი“ და „ზღაპრობანი კვალად იესუსნი“.

ამგვარი მაღალი ფილოლოგიური აკრიბიით ეფრემ მცირეს ქართულად უთარგმნია უმდიდრესი ფილოსოფიურ-თეოლოგიური, დოგმატიკურ-პოლემიკურ, ასკეტიკურ-მისტიკური, ჰომილეტიკურ-ეგზეგეტიკური, ისტორიულ–ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიულ-ლიტურგიული ლიტერატურა. ამათგან საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ფსევდო-დიონისე არეოპაგელის ხუთივე თხზულების თარგმანი, რომელსაც საყურადღებო სქოლიოები ერთვის, იოანე დამასკელის „წყარო ცოდნისა“ („დიალექტიკა“ და „გარდამოცემაჲ უცილობელი მართლმადიდებელთა სარწმუნოებისა“), „თარგმანებაჲ დავითნისა.“ კატენების სახით შედგენილი (დავითის „ფსალმუნთა“ ყოველ მუხლს არშიაზე ახლავს სხვადასხვა ღვთისმეტყველთა განმარტება), პავლეს ეპისტოლეთა იოანე ოქროპირისეული კომენტარები, ბასილი დიდის „ასკეტიკონი“, პალადი ჰელენოპოლელის „ლავსაიკონი“, გრიგოლ ღვთისმეტყველის „სიტყვანი“, მეტაფრასული რედაქციის ჰაგიოგრაფიული „ცხოვრებანი“ და „წამებანი“.


სარჩევი

თხზულებები

  • იოანე დამასკელი, „დიალექტიკა“ (თბილისი, 1976);
  • პეტრე იბერიელი (ფსევდო-დიონისე არეოპაგელი), „შრომები“ (თბილისი, 1961).


ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია, I, 1960, გვ. 250-269;
  • შ. ნუცუბიძე, ქართული ფილოსოფიის ისტორია, I, 1956 გვ. 379-395;
  • ე. ხინთიბიძე, ბიზანტიურ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობანი, 1969, გვ. 107-131.

იხილე აგრეთვე

ელინოფილიზმი

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები