ეშიკაღასბაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეშიკაღასბაში - (სპარს.-თურქ. ešīk - ზღურბლი, āqā - ბატონი, bāshi - თავი, უფროსი), ცენტრალური აპარატის საპოლიციო უწყების ხელმძღვანელი XVII-XVIII სს-ის საქართველოში.

სეფიანთა ირანის ადმინისტრაციაში ორი მოხელის აღმნიშვნელად გამოიყენებოდა - დივანის ეშიკაღასბაში და ჰარემის ეშიკაღასბაში დივანის ეშიკაღასბაშის თანამდებობა შემოღებული იყო შაჰ-თამაზის (1524-1576) სიკვდილის შემდეგ სეფიანთა დინასტიის მმართველობის დროს ამ მოხელის იურისდიქცია მოიცავდა როგორც სასახლის გარე, ისე შიდა ფუნქციებს. მას ექვემდებარებოდნენ ადიუტანტები (yasāvolān-e ṣ oḥ bat), ცერემონმეისტერები (ešīk-āqāsīs), სასახლის კარის დაცვის წევრები (qāpūčīān) და სხვ. იგი სრულად განაგებდა სასახლის პროტოკოლს. ამასთანავე, ვეზირს წარუდგენდა მის მიერ განხილულ და ნებადართულ რაყამს ხელფასის, სარგოს, მიწის ბოძების, ჰონორარის შესახებ. შაჰ სულთან-ჰუსეინის (1694-1722) ადმინისტრაციაში იგი ამ ტიპის დოკუმენტებს ბეჭდითაც ამოწმებდა. ყაჯართა დინასტიის მმართველობის აპარატში ეს სახელო დამცრობილია და მხოლოდ ცერემონიებისა და პროტოკოლის უფროსის ფუნქციით შემოისაზღვრება.

ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოში ეშიკაღასბაშის სახელოს შემოღებას როსტომ მეფის (1632-1658) სამოხელეო რეფორმას უკავშირებს, თუმცა, ქართულ-სპარსულ ისტორიულ საბუთებში ეშიკაღასბაშისა და მისი ქვემდგომი ეშიკაღასის სახელოები სვიმონ I-ის (1556-1600 წწ.) ირანის ტყვეობიდან დაბრუნების შემდგომ ჩანს. ვახუშტის განმარტებით, ეშიკაღასბაშმა შეცვალა ადრინდელი მანდატურთუხუცესი, მაგრამ რამდენადაც მანტატურთუხუცესის ფუნქციები ბევრად ფართო და მრავალფეროვანი იყო, მათ შორის მხოლოდ ნაწილობრივ მსგავსებაზე შეიძლება ლაპარაკი.

ეშიკაღასბაშის უწყებაში შედიოდნენ, უპირველესად, ეშიკაღასბაშები, ბოქაულთუხუცესი და ბოქაულები, სოჰბათიასაული, ყორიასაული, მეჰმანდარი, ყაფიჩი და თალიში. ამ მოხელეთა საშუალებით მოჰყავდაე შიკაღასბაშს სისრულეში სამეფო ბრძანება-განკარგულებები, საგამოძიებო გადაწყვეტილებები, სასამართლო განჩინებები და დადგენილებები. ეშიკაღასბაში მონაწილეობდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხის განხილვაში. გარდა საპოლიციო საქმანობისა, ეშიკაღასბაშები ზოგჯერ გადასახადების აკრეფითაც იყვნენ დაკავებულნი.

ვახტანგ VI-ის „დასტურლამალის“ თანახმად, ქართლში ერთდროულად ორი ეშიკაღასბაში არსებობდა. სამეფო მეჯლისზე ორივე ეშიკაღასბაში ერთად იღებდა სტუმრებს, ორივე ხელმძღვანელობდა ცერემონიალს და თვალყურს ადევნებდა წესრიგის დაცვას. ეშიკაღასბაშის სახელოს მნიშვნელობას ხაზს უსვამს დიდი სამეჯლისო ცერემონიალის დროს ეშიკაღასბაშის გატოლება სახლთუხუცესთან - ისინი ერთად ისხდნენ სუფრასთან მეფის პირდაპირ.

XVII-XVIII სს. წყაროებში იხსენიება დედოფლის ეშიკაღასბაში, XVIII ს. მეორე ნახევრიდან - ბატონიშვილების ეშიკაღასბაშები, სასახლის ე.წ. „არმის“ (haram) ეშიკაღასბაში, რომლის ფუნქცია იყო ზრუნვა სასახლის წესრიგზე, სასახლის იასაულების გაწრთვნა, ხელმძღვანელობა და მგზავრობისას მეფის ოჯახის ხლება. ამავე პერიოდში იხსენიება ხალვათხანის ეშიკაღასბაში, რომლის კონკრეტული ფუნქციები გარკვეული არ არის, მაგრამ, ჩანს, რომ ლოკალური დანიშნულებისა უნდა იყოს. კომპეტენციების სისრულითა და მოვალეობებით ამათ ყველას აღემატებოდა ქართლის ეშიკაღასბაში, რომლის უფლებები მთლიანად სამეფოს მასშტაბით ვრცელდებოდა (ქართლსა და კახეთში). მისი საქმიანობის მასშტაბების შესაბამისი იყო ქართლის ეშიკაღასბაშის მაღალი ანაზღაურებაც - გიორგი XII-ის მეფობის პერიოდში ქართლის ეშიკაღასბაშის შემოსავალი ჯამაგირისა და ულუფის სახით 300 თუმანს აღემატებოდა, მაშინ როდესაც ე.წ. არმის ეშიკაღასბაშის ჯამაგირი 300 მანეთს შეადგენდა.

ეშიკაღასბაშის თანამდებობაზე ინიშნებოდნენ ქართლისა და კახეთის უმაღლესი არისტოკრატიის - ორბელიანების, ციციშვილების, ბარათაშვილების, ვაჩნაძეების, მაყაშვილების, ხერხეულიძეების, საგინაშვილების, ჭავჭავაძეების და სხვ. სახლების წარმომადგენლები.

ეშიკაღასბაშები. XVI-XVIII სს.

  • ბარათაშვილი იოვანე (ალლაჰ-ყული-ბეგ) - ეშიკაღასბაში 1583 წ. ქისკ 2016: 349.
  • ბარათაშვილი ყაფლან - ეშიკაღასბაში 1627-1637 წწ. მდივანბეგი 1636 წ. ქსის 1955: 64, 131.
  • ხოსრო - ეშიკაღასბაში 1627 წ. ქსის 1955: 72.
  • ჯავახიშვილი როინ - ეშიკაღასბაში 1636 წ. (პალ 2015: 456).
  • საგინაშვილი ანდერმან - ეშიკაღასბაში 1651 წ. ბოქაულთუხუცესი 1643-1657 წწ.
  • ამირეჯიბი ქაიხოსრო - ეშიკაღასბაში მეღვინეთუხუცესი, სუფრაჩი, ატენის მოურავი, 1684-1725 წწ.
  • ამილახორი ბეჟან - ეშიკაღასბაში 1688-1700 წწ.
  • ამილახორი ავთანდილ - ეშიკაღასბაში 1692-1698 წწ.
  • ერისთავისშვილი ზურაბ - ეშიკაღასბაში 1693-1710-იანი წწ. ბოქაულთუხუცესი 1693-1699 წწ.
  • ორბელიშვილი/ასლანისშვილი რევაზ - ეშიკაღასბაში 1698-1700 წწ., მეჯინიბეთუხუცესი 1693-1699 წწ.
  • ამილახვრისშვილი რევაზ - ეშიკაღასბაში 1710-იანი წწ.
  • ავალისშვილი ზაზა - ეშიკაღასბაში 1700-1713 წწ.
  • ციციშვილი პაატა - ეშიკაღასბაში XVII-XVIII სს. მიჯნა.
  • დურმიშხან - ეშიკაღასბაში 1721 წ.
  • დიმიტრი/დემეტრე-ბეგ - ეშიკაღასბაში 1721-1738 წწ.
  • იოთამ - ეშიკაღასბაში 1725 წ.
  • სოლომონ - ეშიკაღასბაში 1727 წ.
  • ორბელიანი ელისბარ - ეშიკაღასბაში 1732-1742 წწ. თბილისის მხარეთა ჯარის სარქარი 1742 წ.
  • ქავთარისშვილი სულხან - ქართლის ეშიკაღასბაში 1736-1643 წწ. წ.
  • მილახორი 1639 წ.
  • ციციშვილი მანუჩარ - ეშიკაღასბაში 1736-1738 წწ.
  • დავით - ეშიკაღასბაში 1738 წ.
  • ზურაბისშვილი - ეშიკაღასბაში 1738 წ.
  • რევაზ - ეშიკაღასბაში 1738 წ.
  • ბეჟან - ეშიკაღასბაში 1739 წ.
  • გერმანოზაშვილი პაპუა - ეშიკაღასბაში 1743 წ.
  • გუგუნა - ეშიკაღასბაში 1743 წ.
  • იარალიშვილი იარალი - ეშიკაღასბაში 1764 წ.
  • ამირეჯიბი რევაზ - ეშიკაღასბაში 1764 წ.
  • დიმიტრი - ეშიკაღასბაში 1767 წ.
  • მაყასშვილი სვიმონ - გიორგი ბატონიშვილის ეშიკაღასბაში 1768 წ.
  • ჭავჭავაძე ალექსანდრე -ეშიკაღასბაში 1800 წ.
  • მაყაშვილი ალექსანდრე - არმის ეშიკაღასბაში XVIII ს-ის მიწურული.
  • გარსევან - ეშიკაღასბაში XVIII ს-ის მიწურული.
  • ორბელიანი ასლან - ეშიკაღასბაში 1765 წ.
  • ციციშვილი გიორგი - ხალვათხანის ეშიკაღასბაში XVIII ს-ის მიწურული.
  • ხერხეულიძე გიორგი - ქართლის ეშიკაღასბაში XVIII ს-ის მიწურული.


წყაროები

  • პალ 1991: 73, 116-117, 119, 137, 148-149, 190;
  • პალ 2004: 336;
  • პალ 2007: 7, 113;
  • დსსი 1940: 201, 215-216, 251-253, 259-260, 274-275, 317-318;
  • მესხია 1948: 9, 46, 57-58, 61, 72, 77, 78, 97, 137;
  • მსეი 1953: 14, 15; სის 1965: 78;
  • სმსფჰ 1949: 74; სს 1909: 392-393;
  • ქსის 1955: 131, 126;
  • დასტურლამალი 1965: 240;
  • ქსოის 1984: 59;
  • დუნდუა: 2010: 59;
  • ხეც: HD-14607;Hd: 17, Hd-3816; Hd-980; Hd-2434; Hd-1904; Hd-2490; Ad-1421, Ad-1454; Qd-2026; Qd-199; Sd-2286, Sd-1730;
  • სეა: 1448-3916.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები