ეში სოლომონ ელიოტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ ელიოტ ეში

ეში სოლომონ ელიოტ - Asch Solomon Eliot, Аш Соломо́н Э́лиот, 1907-1996

პოლონური წარმომავლობის ამერიკელი ფსიქოლოგი, სოციალური და ზოგადი ფსიქოლოგიის სპეციალისტი, კონფორმიზმის კვლევის საყოველთაოდ ცნობილი ექსპერიმენტების ავტორი. ბაკალავრის წოდება მიიღო ნიუ-იორკის საქალაქო კოლეჯში, მაგისტრისა და დოქტორისა - კოლუმბიის უნივერსიტეტში მ. ვერთჰაიმერის ხელმძღვანელობით. დიდხანს მუშაობდა სუორტმორის კოლეჯში, შემდგომ გახდა შემეცნების კვლევის ინსტიტუტის ერთერთი დამაარსებელი რატჯერსის უნივერსიტეტში. კარიერა დაასრულა პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორად. მიღებული აქვს АРА-ს ჯილდო „ფსიქოლოგიაში გამორჩეული წვლილისთვის” , რომელიც ყველაზე პრესტიჟულია ფსიქოლოგთათვის.

თავდაპირველად, გეშტალტფსიქოლოგიის გავლენით, ეში აღქმას იკვლევდა. 1951 წელს გამოქვეყნდა კონფორმულობის მისი კვლევის პირველი შედეგები, რომლებიც მომდევნო წლებში გაგრძელდა სხვადასხვა ვარიანტებით. კვლევის კლასიკურ ვარიანტში სტუდენტების ჯგუფს (7-9 ადამიანი) მიწოდებული ხაზების სიგრძის შეფასება ევალებათ. ერთ ნახაზზე სამი განსხვავებული სიგრძის ხაზია ნაჩვენები, ხოლო მეორეზე – ერთი. ცდისპირებს სამი ხაზიდან იმ ხაზების ამორჩევა ევალებათ, რომლებიც, მათი აზრით, ცალკე მოცემული სწორი ხაზის ტოლია. ექსპერიმენტი ორ ვარიანტად – ინდივიდუალურად და ჯგუფურად ტარდება. ექსპერიმენტის ინდივიდუალურ ვარიანტში სწორი პასუხების სიხშირე თითქმის 100 %-ია. ექსპერიმენტის ჯგუფური ვარიანტი კი ცრუ ცდისპირების გამოყენებით ტარდებოდა. წარმოსადეგი ცრუ ცდისპირები, რომელთა რაოდენობა შვიდკაციან ჯგუფში ექვსს უდრიდა, განგებ მცდარ პასუხებს იძლეოდნენ. ერთი ნამდვილი ცდისპირი კი მხოლოდ მათ შეფასებათა შემდეგ აფასებდა მოცემულ ხაზებს. კვლევამ აჩვენა, რომ ნამდვილ ცდისპირთა 37% ცრუ ცდისპირების მცდარ შეფასებებს იმეორებდა, რაც კონფორმულობის მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი ძალიან მნიშვნელოვნად მცირდება, თუკი ექსპერიმენტში ორი ნამდვილი ცდისპირი მონაწილეობს, ან თუკი ცრუ ცდისპირებში ერთი მაინც სწორ პასუხს იძლევა. მაშასადამე, სოციალური თანადგომა ამცირებს კონფორმულობას. ამ შემთხვევაში ადამიანები ბევრად უფრო თამამად უწევენ წინააღმდეგობას ჯგუფის წნეხს {ველისგან დამოუკიდებლობა}. და მაინც, ეშის კველევა ძალზე შთამბეჭდავია, რადგანაც აჩვენებს ადამიანის დამოკიდებულობას ჯგუფის გავლენაზე მაშინაც, როდესაც იგი დარწმუნებულია თავის სიმართლეში და აცნობიერებს სხვების აზრის სიმცდარეს.

გამოვლინდა კონფორმულობის ორი ტიპი - გარეგანი და შინაგანი. პირველ შემთხვევაში ადამიანი უმრავლესობის აზრს მხოლოდ მათ დასანახად ანუ გარეგნულად ეთანხმება (თვალთმაქცობს), ისე, რომ მას შინაგანი თანხმობის განცდა არა აქვს. მეორე შემთხვევაში კი ადამიანი ნამდვილად ეთანხმება ჯგუფის წევრების შეფასებას და მას ითავისებს {ინტერნალიზაცია}.

ეშის ამ ექსპერიმენტებმა დასაბამი მისცა კონფორმულობის მნიშვნელოვანი მოვლენის კვლევებს, რომლებიც ამჟამადაც გრძელდება. მაგ., საქართველოში განწყობის თეორიის საფუძველზე ჩატარებული კვლევებით გამოჩნდა, რომ გადამწყვეტია ცდისპირის დამოკიდებულება ჯგუფის მიმართ: თუკი ცდისპირს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ჯგუფის მიმართ, კონფორმული ქცევა არ ხდება, პირიქით (გ. მაღრაძე). საყურადღებოა აგრეთვე ანტიკონფორმიზმისა და ნონკონფორმიზმის განსხვავება.

ეშმა საინტერსო ექსპერიმენტული კვლევები ჩაატარა სოციალური პერცეფციის მიმართულებითაც.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები