ეშმაკის მათრახი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ეშმაკის მათრახი“ (1919-1921) - ყოველკვირეული იუმორისტული ჟურნალი. რედაქტორგამომცემელი თ. ბოლქვაძე. იბეჭდებოდა თბილისში. ჟურნალი ასევე გამოიცემოდა, 1907-1908 და 1915-1917 წლებში. გარდა კარიკატურებისა, მასში იბეჭდება პამფლეტები, ფელეტონები და პუბლიცისტური წერილები.

წამყვანი ავტორები არიან: თაგუნა (შ. შარაშიძე), ეშმაკი (ნ. კალანდაძე), მორიელი (ლ. ალექსაშვილი), ბუტუნა (ს. ორაგველიძე) და სხვ., ჟურნალის მხატვრული გაფორმება, კარიკატურები და ნახატები ეკუთვნით ო. შმერლინგს, შ. ქიქოძეს და მ. ჭიაურელს.

„ეშმაკის მათრახში“ წარმოდგენილი მასალა ცხადყოფს, რომ გამოცემა, როგორც თავისუფალი პრესის ნიმუში, პირუთვნელად აკრიტიკებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის ყველა იერარქიის ხელისუფალს. მხილებულია ხელისუფლებისათვის დამახასიათებელი ბიუროკრატიზმი, ფორმალიზმი და კორუმპირებულობა. გაკრიტიკებულია უმოქმედო ადგილობრივი ხელისუფლება, ქალაქების - თბილისის, ქუთაისის, ფოთის, ოზურგეთისა და სხვ. თვითმმართველობები, ასევე, სასამართლო ხელისუფლება. გაშარჟებულია ხელისუფლების ეკონომიკური, ფინანსური, განათლებისა და ჯანდაცვის პოლიტიკა.

საგაზეთო კარიკატურები („ბათუმის ოპერაცია“, „საიუბილეო საჩუქარი“, „ბათომი და საქართველო“ და სხვ.) შეეხება იმდროინდელ საერთაშორისო ამბებს, კარიკატურისტის სატირულ ხედვას უყურადღებოდ არ რჩება არც ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ქვეყნის შიდა თუ გარე ძალების მანკიერი ქმედება. პამფლეტი „კორესპონდენტი ანუ სინდისიც კარგი საქონელია“ თემატურად ეხმიანება წარმოდგენილ კარიკატურას, რომლითაც გაშარჟებულია დასავლური პრესა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს საგარეო იმიჯისთვის ნეგატიური ფაქტორი. პამფლეტის გმირია ინგლისელი რეპორტიორი ჯონ ჯოლი, რომელიც თავისი კორესპონდენციით დეზინფორმაციას ავრცელებს „საერთაშორისო ფერხულში ჩაბმულ პატარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე“.

ჟურნალი ჭარბად აქვეყნებს საბჭოთა რუსეთის პოლიტიკის მამხილებელ კარიკატურებს („დიახ, ჩვენ გავჭერით ფანჯარა ევროპისაკენ“, „III ინტერნაციონალი“, „ინგლისი და კომუნისტები“ და სხვ.), რომელთა მიხედვითაც, რუსეთის საგარეო პოლიტიკა ღიად იმპერიალისტურია. კარიკატურა „სურათი-გამოცანა“ უსათაუროა, თუმცა მისი მთავარი სათქმელის ამოკითხვა იოლია. ნაგულისხმევი დამპყრობელი რუსეთი წარმოდგენილია რვაფეხას სახით, რომლის საცეცებიც ყველაფერს სწვდება. რუსეთი ასევე გვევლინება მის სიმბოლოდ ქცეული დათვის სახით, მას უღონოდ შეჰყეფს ფინია, რომელიც პატარა საქართველოს მეტაფორული სახეა. გამოცემაში მრავლად გვხვდება კარიკატურები („აღლუმი“, „რუსული სოციალიზმი ხელოვნებაში“, „კომუნისტურ რუსეთში“ და სხვ.), რომლებშიც გამათრახებულია ბოლშევიკური ტოტალიტარიზმი. კარიკატურისტთა ირონიის სამიზნეა კომუნისტური ეკონომიკური სისტემა, როგორც ილუზორული და ქიმერული. გაშარჟებულია კომუნისტური შრომის სახელით მონათლული უსაქმურობა. მხილებულია ბოლშევიკური რეჟიმის ტოტალური დესტრუქტივიზმი - ნგრევისა და განადგურების ტენდენცია. პამფლეტ „ბოლშევიკის აღსარებაში“ გადმოცემულია საბჭოთა რეჟიმის აბსურდული შინაარსი და ახსნილია ბოლშევიკური სისტემის ბოროტების მექანიზმი. კარიკატურებში გაკიცხულია რუსეთის ეკონომიკური ვითარება - მატერიალური სიდუხჭირე და მძიმე სოციალური ფონი, ნაჩვენებია ბოლშევიკური რუსეთის ტექნოლოგიური რეგრესი.

ჟურნალში გვხვდება პერსონალური შარჟები, რომლებიც ეძღვნება ლენინსა და ტროცკის. ერთი მხრივ, გაშარჟებულია ბელადომანია, პიროვნების კულტი და, მეორე მხრივ, ქართველი კომუნისტების კოლაბორაციონიზმი და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება („საქართველოს კომუნისტები თხრიან მიწისქვეშა გვირაბს“). ქართველი კომუნისტების შესახებ შექმნილი უკიდურესად ნეგატიური აზრი ჩანს კარიკატურით „სამეგრელოში“ და პამფლეტით „შეურაცხყოფილი კაენი“. კარიკატურაში „ორი წელიწადი“ ნაჩვენებია დამოუკიდებელ, განვითარების გზაზე შემდგარ საქართველოსა და ბოლშევიკურ, დროში ჩარჩენილ რუსეთს შორის არსებული განსხვავება. საგულისხმოა, რომ ეს შარჟი გამოქვეყნდა 1920 წლის 26 მაისს, იმ დღეს, როცა უკანასკნელად აღინიშნა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა.

გამოცემა საგანგებო ნომრებს უძღვნის ცალკეულ მოვლენებს. მაგ.: 1919 წლის მესამე ნომერი ეძღვნება სახალხო გვარდიას. იბეჭდება მეთაური სტატია - „ნ. ჟორდანიას აზრი სახალხო გვარდიაზე“, რომელსაც ერთვის ფოტომასალა. 1920 წლის მე-15 ნომერი გორში მომხდარ მიწისძვრას ეხმაურება თაგუნას სტატიით „მიწისძვრა“, ეშმაკის ლექსით -„გორი დაინგრა, ქართველო“, ასევე, ამ მოვლენის ამსახველი ფოტომასალითა და ნახატით - „გორს დავეხმაროთ“. ჟურნალში გვხვდება რუბრიკები: „ქრონიკა“, „პროვინციის ქრონიკა“, „ბათუმის ქრონიკა“, „რკინის გზის ქრონიკა“, „დეპეშები“ და სხვ. უხვად იბეჭდება ლიტერატურული მასალა - იუმორისტული ლექსები, მოთხრობები, ზღაპრები, შარადები, გამოცანები, ეპიგრამები და პიესები.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

  • ჟურ. „ეშმაკის მათრახი“, 1919-1921;
  • გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები