ვაგნერი რიხარდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რიხარდ ვაგნერი

რიხარდ ვაგნერი - (Richard Wagner 22. V. 1813, ლაიფციგი, – 13. II. 1883, ვენეცია), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, მუს. მწერალი და თეატრალური მოღვაწე. ვაგნერი XIX ს-ის მეორე ნახევრის უდიდესი კომპოზიტორია. მის სახელთანაა დაკავშირებული რომანტიკული მიმართულების უმაღლესი ეტაპი. მისი ნოვატორობა უმთავრესად გამოვლინდა საოპერო ჟანრში. იგი იყო გენიალური კომპოზიტორი, შესანიშნავი დირიჟორი, ბრწყინვალე ლიტერატორი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი და დრამატურგი. ვაგნერი თვითონ ქმნიდა ლიბრეტოებს თავისივე ოპერებისათვის. იგი საოპერო ჟანრის დიდი რეფორმატორია, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ორკესტრს.

ვაგნერმა 15 წლისამ დაიწყო მუსიკის შესწავლა. 1831 წლიდან იგი ლაიფციგის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო; მუშაობდა ქორმაისტერად, შემდეგ – დირიჟორად მაგდებურგში, კენიგსბერგში, რიგასა და დრეზდენში. 1830-იან წლებში დაწერა ოპერები „ფერიები“ (1834), „სიყვარულის აკრძალვა“ (1836), „რიენცი“ (1840), 1839-42 წლებში ცხოვრობდა პარიზში, სადაც შექმნა უვერტიურა „ფაუსტი“ და პირველი მნიშვნელოვანი ოპერა (მუსიკალური დრამა) „მფრინავი ჰოლანდიელი“ (1841). 1843-49 დრეზდენის ოპერის დირიჟორია, აქ დაიწერა ოპერები „ტანჰოიზერი“ (1845) და „ლოენგრინი“ (1848). მონაწილეობდა დრეზდენის აჯანყებაში (1849). 1849-58 ცხოვრობდა შვეიცარიაში. მუშაობდა საოპერო ტეტრალოგიის „ნიბელუნგის ბეჭდის“ ლიტერატურულ ტექსტსა და მუსიკაზე: 1852-59 დაწერა ტეტრალოგიის პირველი ორი ნაწილი – „რაინის ოქრო“ და „ვალკირია“, 1857-59 შექმნა თავისი ერთ-ერთი ცენტრალური ნაწარმოები – გენიალური მუსიკალური დრამა „ტრისტან და იზოლდა“, 1868 დაიდგა მისი ერთადერთი კომიკური ოპერა „ნიურნბერგელი მაისტერზინგერები“, 1871–74 დაასრულა ტეტრალოგიის უკანასკნელი ნაწილები: „ზიგფრიდი“ და „ღმერთების აღსასრული“. სრული სახით ტეტრალოგია დაიდგა ქ. ბაიროითში 1876 მისთვის სპეციალურად აგებულ თეატრში (აქ დღემდე ყოველწლიურად იმართება ვაგნერის საოპერო მუსიკის ფესტივალები). თავისი საკომპოზიტორო მოღვაწეობა დაამთავრა 1882 ოპერა-მისტერიით „პარსიფალი“.

მერყევი იყო ვაგნერის ესთეტიკური, საზოგადოებრივი და მსოფლმხედველობითი შეხედულებების ევოლუცუია, სხვადასხვა დროს მასზე გავლენა მოახდინეს ლ. ფოიერბახის, ა. შოპენჰაუერისა და ფ. ნიცშეს ფილოსოფიურმა მოძღვრებამ. ძალზე ვრცელია ვაგნერის ლიტერატურული მემკვიდრეობა (ლიბრეტოები, დრამები, ესთეტიკური პოლიტიკური და ფილოსოფიური ნარკვევები, რეცენზიები, წერილები და ა. შ.). მის თეორიულ ნაშრომებს შორის მთავარია – „ოპერა და დრამა“ (1849-51), რომელშიც მკაცრადაა გაკრიტიკებული „ძველი“ ოპერა და ჩამოყალიბებულია საოპერო ჟანრის (მუსიკალური დრამის) მისეული კონცეფცია.

ვაგნერმა უდიდესი გავლენა მოახდინა თანამედროვე და მომდევნო ეპოქების მსოფლიო მუსიკაზე, შეიძლება ითქვას, რომ მისი შემოქმედებიდან გამოიზარდა მომდევნო ეპოქის ორი უმთავრესი მიმართულება მუსიკალურ ხელოვნებაში – იმპრესიონიზმი და ექსპრესიონიზმი. განსაკუთრებით ძლიერი იყო ვაგნერის მუსიკის ზემოქმედება საოპერო დრამატურგიის, საორკესტრო ხელოვნების, უწყვეტი სიმფონიური განვითარების („უსასრულო მელოდიის“) და მუსიკალური ენის (განსაკუთრებით ჰარმონიის) სფეროებში. (გ. ტორაძე.)

ვაგნერის თეატრი

საკუთარი ოპერების დასადგმელად ვაგნერმა ჩაიფიქრა ბაიროიტში „საფესტივალო სახლის“ (Bayreuther Festspielhaus) აგება, რომელიც 1876 წელს გაიხსნა ვაგნერის ტეტრალოგიით „ნიბელუნგების ბეჭედი“. ამ ჩანაფიქრის განხორციელება ლიუდვიგ II ბავარიელის წყალობით მოხდა. ვაგნერის მიერ დაარსებული ფესტივალი და შენობა დღესაც არსებობს. ვაგნერი შენობის დიზაინზეც მუშაობდა. შენობის არქიტექტურა და დიზაინი კლასიკურ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაყრდნობითაა შექმნილი. დასაჯდომი ადგილები მარაოსებრია, რაც საშუალებას იძლევა, ყველა ადგილიდან თვალყური ადევნო და დატკბე სცენაზე მიმდინარე წარმოდგენით. ვაგნერმა პარტერში მოსპო ადგილები, რომლებიდანაც მდიდარი მაყურებელი ერთმანეთს უყურებდა და არა სცენაზე განვითარებულ ქმედებას. შენობაში, სკამებამდე მისასვლელად, მხოლოდ ორი გვერდითა გასასვლელი დატოვა. ვაგნერმა ორკესტრი ორმოში (ე. წ. საორკესტრო ორმოში „მისტიკურ ყურეში“) მოათავსა, რათა ის ქცეულიყო დარბაზში განშლილი მუსიკალური ხმის, ჟღერადობის ფარულ წყაროდ. თავად სცენა სიღრმისკენ მაღლდებოდა, პეიზაჟი გადაადგილდებოდა ეტლების და ბოძების სისტემის გამოყენებით. სცენების მონაცვლეობის შესაფუთად (დასამალად) ვაგნერმა ორთქლის გამწოვი სისტემა, ე. წ. ორთქლის ფარდა შემოიღო.

ვაგნერისთვის თეატრი აღარ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვადასხვა ნაწილის კომბინაცია. მისთვის იდეალური იყო - „Gesamtkunstwerk“ („ხელოვნების მთლიანი ნიმუში“), რომელშიც შერწყმულია სათეატრო, საშემსრულებლო ხელოვნების ყველა ელემენტი - არაფერი არ უნდა დარჩეს შემთხვევითობას მინდობილი, ყველაფერი ერთი და იმავე მიზნისკენ უნდა იყოს მიმართული.

ვაგნერის ოპერებიდან თბილისში დადგმულია „ტანჰოიზერი“ (1886), „ლოენგრინი“ (1890, 1922, 1973) და „მფრინავი ჰოლანდიელი“ (1976).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები