ვადაჭკორია სოლომონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოლომონ ვადაჭკორია

ვადაჭკორია სოლომონ ივანეს ძე - (დ. - 1880, სოფ, ჭანჭეთი, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 1928, ბერლინი) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების წევრი.

ბიოგრაფია

დაიბადა გლეხის ოჯახში. დაწყებითი განათლება სოფლის სკოლაში მიიღო. ადრეული ასაკიდან მუშაობდა ტიპოგრაფიულ ორგანიზაციებში ასოთამწყობად. 1898 წელს შეუერთდა „მესამე დასს“. 1901 წლიდან იყო რსდმპ-ის თბილისის კომიტეტის წევრი. 1900-იან წლებში არაერთხელ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური საქმიანობის გამო. მონაწილეობას იღებდა არალეგალური პარტიული გაზეთის გამოცემაში. უკანასკნელი დაპატიმრების შემდეგ გადაასახლეს ციმბირში, საიდანაც გაიქცა საზღვარგარეთ. წლების განმავლობაში ცხოვრობდა სტამბოლსა და ბერლინში. 1918 დაბრუნდა საქართველოში.

1918 წელსსოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით შეყვანილი იქნა საქართველოს ეროვნულ საბჭოში (პარლამენტში). 1919 წლის თებერვლის დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობას იღებდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა. 1919 წლის მაისში, დამფუძნებელი კრების გარდაცვლილი წევრის ნაცვლად, კრების წევრი გახდა. 1919 წლის სექტემბერში, პირველი დამატებითი არჩევნების შედეგად, დაკარგა დეპუტატის მანდატი. დამოუკიდებლობის პერიოდში ეწეოდა აქტიურ პარტიულ საქმიანობას. იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. მუშაობდა დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ტიპოგრაფიის გამგედ.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე თვეში დააპატიმრეს. პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ არალეგალურად მუშაობდა ტიპოგრაფიაში. არალეგალურად ეხმარებოდა ანტისაბჭოთა მოძრაობას. 1923 წელს სცადა არალეგალურად საზღვრის გადაკვეთა, თუმცა ჩეკამ დააპატიმრა. პატიმრობის პერიოდში ჩეკამ შეძლო მისგან ინფორმაციის მოპოვება ყოფილ თანამებრძოლებზე. 1924 სხვა ყოფილ თანამებრძოლ პოლიტპატიმრებთან ერთად გაათავისუფლეს. 1925 შეძლო ფარულად საზღვრის გადაკვეთა. სიცოცხლის ბოლო წლები ბერლინში გაატარა.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა , ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 1919, №188.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები