ვაზირი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაზირი/ვეზირი - (არაბ. Vāzir - მრჩეველი), უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის დიდმოხელეთა ტიტული შუა საუკუნეების საქართველოში. ტერმინი შემოსულია მუსლიმური სამყაროდან, მაგრამ თავად ვაზირის სამოხელეო ინსტიტუტი ძველისძველ ქართულ „უხუცესთა“ ინსტიტუტს უკავშირდება. ვაზირის თანამდებობის შემოღება გიორგი III-ის დროიდანაა სავარაუდებელი (ივ. ჯავახიშვილი), თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ამ სამოხელეო ინსტიტუტის დამკვიდრება ჯერ კიდევ დავით აღმაშენებლის დროს მოხდა, რომლის პირველი ვაზირი იყო გიორგი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი (ნ. ბერძენიშვილი, შ. მესხია, ი. ანთელავა).

XII-XIII სს-ებიდან საქართველოს ერთიან სამეფოში ვაზირები სახელმწიფო მმართველობის ცალკეულ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, ფინანსურ და სხვ.) ხელმძღვანელობდნენ. უფროს ვაზირად მიჩნეული მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი მეფის შემდგომ პირველი პირი და ვაზირთუხუცესი იყო, დანარჩენი ვვაზირები: ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი, მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი, XIII ს-ის დასაწყისიდან ათაბაგი., ფუნქციების და მნიშვნელობის მიხედით იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“ (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, პირველი ჯგუფი უპირატესობით სარგებლობდა დარბაზობის, ვაზირობის და პურობის დროს. ვაზირთა ინსტიტუტის არსებობა დადასტურებულია გიორგი V ბრწყინვალის „ძეგლის დადების“ შესავალშიც.

XVI ს-იდან ვაზირი ეწოდებოდა როგორც მმართველობის ცენტრალური აპარატის მოხელეებს, ისე მეფისა და მთავრის კარის პირველ მოხელეს. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ ქართლის მეფე როსტომმა (1632-1658) ადრინდელი სამოხელეო სახელების ყიზილბაშურით შეცვლასთან დაკავშირებით „კუალად ყიზილბაშთა რიგის შესძინა ვეზირი, მუსტოფი და მუნში.

XVII-XVIII სს-ეების მიჯნაზე, ვახტანგ მეფის „დასტურლამალის“ მიხედვით, ქართლის სამეფო კარზე ვაზირი ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა, ხოლო ქართლკახეთის სამეფოების გაერთიანების შემდგომ ვაზირის სახელომ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და ცენტრალური აპარატის ცალკეულ მოხელეთა სახელადღა შემორჩა.



წყაროები და ლიტერატურა

ხელმწიფის კარის გარიგება 1965: 86, 95-97;
ძეგლის დადება მეფეთ-მეფე გიორგის მიერ 1963: 401;
ვახუშტი 1973: 32; ქსე (4) 1979: 345;
ჯავახიშვილი 1982: 65-270;
გაბაშვილი 1940: 195-98.
გაბაშვილი 1951: 131-36;
სურგულაძე 1952: 361-79;
ლორთქიფანიძე 1955: 68-69;
მესხია 1979: 12-70; ქსძ (4) 1979: 345;
ანთელავა 1983: 99-100.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები