ვაკელი იონა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
იონა ვაკელი

ვაკელი იონა – (1900 – 1988), დრამატურგი, მწერალი, პოეტი. დაიბადა სოფელ ვაკეში (ოზურგეთი). 1920 წელს დაამთავრა შალვა ნუცუბიძის მიერ დაარსებული განათლების კურსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ჟურნალ-გაზეთებში; მისი პირველი ლექსი „გურია” 1918 წელს გამოქვეყნდა ჟურნალ „მხედარში”, ლექსთა პირველი კრებული გამოსცა 1922 წელს, შემდეგ კრებულები: „შარავანდედი” (1923), „რა ცოტა გვყოფნის“ (1987).

იონა ვაკელმა ცნობილია, როგორც დრამატურგი, მისი პიესა „აპრაკუნე ჭიმჭიმელი“ დიდი წარმატებით სარგებლობდა და 1933 წელს დაიდგა მარჯანიშვილის თეატრშიც; მან თარგმნა პუშკინის, ლერმონტოვის, გოეთეს, შელის და სხვათა ნაწარმოებები.


თაობებს შორის
თაობებს შორის უხილავი დაეშვა ფარდა
და უკვე თვალებს ეფარება საღამოს ბინდი,
მიდის და მიდის, ვისიც გვწამდა და ვინც გვიყვარდა,
ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
და რჩები ობლად, ახლობლებიც ვეღარ გშველიან,
შემოიჭრება ცხოვრებაში ახალი მითი,
მაინც მარტო ხარ, თუმცა სევდა კვლავ ნათელია,
ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
და ეთხოვები ძველ მეგობრებს,
მათს გულს, მათს სახელს,
თითქოსდა ჩუმად მდინარეზე ჩაგვიტყდა ხიდი,
ვერ აგებინებ ახალბედებს გულის მწველ ნაღველს,
ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
მიდის და მიაქვს მწუხარებით სავსე თვალები,
ალალ-მართალი სიკეთე თუ ცოდვებიც დიდი,
მაგრამ შენ იმათ მაინც უფრო შეებრალები,
ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!
მიდის ტკივილით... ახალი კი შემოსვლას ჩქარობს,
ისიც წასულა, ვისაც ერთ დროს მეგობრად თვლიდი...
და იწურება ასე უღვთოდ სიცოცხლის წყარო,
ო, რა ძნელია, როცა შენი თაობა მიდის!

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები