ვაკოხიჰეჟ შიღაჟე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკოჴიჰეჟ შიღაჟე (ადიღ. вакIуэкъихьэж шыгъажэ – „მხვნელთა დაბრუნება“) – ხვნა-თესვის დასრულების აღსანიშნავი დღეობა. სადღეობო სამზადისში მთელი სოფელი იყო ჩაბმული: დიასახლისები საწესო კერძებს ამზადებდნენ, ქალიშვილები – სხვადასხვა სახის ლამაზ საგნებს, „წითელი ყველის ჩამოკიდების“ თამაშისათვის; მჭედლები და დურგლები ყაბახის (къэбакъ) მოსაწყობად ზრუნავდნენ. მხვნელთა ყაბახი ჩვეულებრივი სამიზნისაგან განსხვავდებოდა. მაგალითად, მიცვალებულის წლისთავისათვის განკუთვნილი ყაბახი წარმოადგენდა მაღალ ბოძს, რომლის წვერზე ხელისგულზე ოდნავ დიდი ფიცრის ნაჭერი, ან ტკბილეულით სავსე კალათი მაგრდებოდა. ბოძს გაცდენილი მოძრაობაში მყოფი მხედრები სამიზანეს მოტრიალებულ მდგომარეობაში ესროდნენ.

მხვნელთა ყაბახი სხვაგვარი კონსტრუქციისა იყო. მის ასაგებად იყენებდნენ 5-6 მ. სიგრძის ძელს, რომლის ერთი მსხვილი ბოლო ურმის ძარაზე მკვიდრად დამაგრებული ბორბლის მორგვში მჭიდროდ იყო ჩადგმული, მეორე ბოლოზე კი დურგალი აჭედებდა დიდ ჯვარედს (1x1 მ.), რომელზედაც სხვადასხვა ცხოველის (ცხვრის, ძროხის, ცხენის, ქათმის, ყვავის, ბეღურის და სხვ.) ხის ფიგურები ისე იყო მიბმული, რომ ისრის ან ტყვიის მოხვედრის შემთხვევაში მათი ჩამოგდება შესაძლებელი ყოფილიყო.

ყაბახს მხვნელთა ბანაკში მაშინ ამზადებდნენ, როცა სამუშაოები დასასრულს უახლოვდებოდა. ხვნა-თესვის დამთავრებისთანავე, გუთნისდედები და მეხრეები, ტრადიციის თანახმად, ერთმანეთს მლაშე წყლით წუწავდნენ (щыгъушыпс зэутх). თუ ვინმე გაუწუწავი დარჩებოდა, ეს იმის ნიშანი იყო, რომ იგი თანამოსაქმეებს არ მოეწონათ (იყო ზარმაცი, წუწუნა და ა. შ.) და მომავალში არ შეიამხანაგებდნენ.

სახნავ-სათესი ფართობის დატოვებამდე გლეხები იღებდნენ კარვებს, სამუშაო ინვენტარით ტვირთავდნენ ურმებს და საველე ბანაკის ტერიტორიას ასუფთავებდნენ და სოფელში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. ამ დროს სოფლიდან მათთან ქალიშვილები და მშვილდ-ისრებითა და ცეცხლსასროლი იარაღებით აღჭურვილი ახალგაზრდა მხედრები მოვიდოდნენ. გოგოები ხარებს რქებსა და კუდზე წითელ ლენტებს შეაბამდნენ. ტყაპუჭით, თხის ნიღბითა და ქეჩის ქამარში გაყრილი ხის ხმლით აღჭურვილი აჟაგაფა ხტუნვით და ყირაზე გადასვლით, თვალგაშტერებული ქალიშვილების "ყნოსვით", ქარავანს ამწკრივებდა: თავში დააყენებდა მხედარს მხვნელთა დროშით, შემდეგ მოდიოდა გუთნებითა და სხვა ინვენტარით დატვირთული ურმები, რომლებსაც უკან ურმებზე მსხდომი გოგოები მოსდევდნენ. მსვლელობა ბოლოვდებოდა ურემზე აღმართული ყაბახით, რომლის გარშემო საკმაო მანძილით დაშორებული მხედრები მოდიოდნენ. საწესო მსვლელობას აჟაგაფა მოუძღვებოდა.

სოფელთან მოახლოების კვალდაკვალ მსვლელობის მონაწილეთა ყიჟინა და ცეკვა-თამაში, განსაკუთრებით მხედართა სროლა მეტ ძალას იძენდა. მსროლელები ცდილობდნენ, ჩამოეგდოთ ძელის თავზე მიმაგრებული ფიგურები. ურემზე, ძელის ქვეშ იჯდა ბიჭი, რომელიც სამიზნეს გამუდმებით აქანავებდა, რაც მიზანში სროლას ართულებდა. ეს კი თამაშის აზარტს აძლიერებდა და მხედრები, კარგი მსროლელის რეპუტაციის დამკვიდრებასთან ერთად, საჩუქრის მოპოვებასაც მიელტვოდნენ. მაგ., ძროხის ფიგურის ჩამომგდები დღესასწაულის დამთავრებისთანავე პრიზად ძროხას მიიღებდა.

სადღესასწაულო ზეიმში განსაკუთრებით აჟაგაფა აქტიურობდა: ეხუმრებოდა და დასცინოდა დღეობის მონაწილეებს; ცდილობდა, მოხვეოდა და მიწაზე დაეგორებინა ქალიშვილები; რაც არ უნდა ჩაედინა, ვერავინ გაუნაწყენდებოდა. უფრო მეტიც, როგორც კი შეამჩნევდა, რომ მისი გამოხტომები ვიღაცას არ მოსწონდა, ვიღაც ანერვიულდებოდა ან გაურბოდა, იქნებოდა ეს თავადი თუ აზნაური, მათი ცოლები თუ მსახური ქალები, სულერთი იყო, ყველას ბოლომდე წაეხუმრებოდა და წაეთამაშებოდა.

ქარავანი სოფელში შესვლის წინ გაიყოფოდა: ინვენტარით დატვირთული ურმები და მხედრები დროშით ხელში წმ. ხესთან მდებარე ველისკენ მიემართებოდნენ, ხოლო სხვა ურმები, რომლებზედაც ქალიშვილები ისხდნენ, თავისუფლდებოდნენ და აჟაგაფას წინამძღობით სოფელში შედიოდნენ. ველზე მისულნი, პირველ რიგში, გუთნებს გამართავდნენ და ფართო წრედ გაავლებდნენ კვლებს ისე, რომ წრეში შესასვლელად 5-6 მ. სიგანის ერთ „კარს" დატოვებდნენ. ყველა, ვინც კი დღეობაზე სოფლიდან მოვიდოდა, განსაკუთრებით ქალები, წრეში მხოლოდ ამ „კარიდან“ უნდა შესულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებოდა. „კარიდან“ შემოსულ დიასახლისებსაც გარკვეული „გადასახადი" უნდა გაეღოთ: სახლში ერთი პურიც რომ ჰქონოდათ, აუცილებლად მისი ნახევარი მაინც უნდა წამოეღოთ, ხელცარიელნი ვერ მოვიდოდნენ. როგორც წესი, დიასახლისებს თან ღომი და მოხარშული ქათამი, ინდაური, სასმელი, ჩერქეზული ჰალვა (хьэлыуэ), ღვეზლები (хьэлджей) სხვა კერძები უნდა წამოეღოთ.

წრის ცენტრში მხვნელთა თჰამადისა და მოსამართლისთვის კარავს დგამდნენ. მის გვერდით წკნელებისაგან, სახელდახელოდ, ფაცხას ააგებდნენ ორი ზარმაცისათვის, რომლებსაც „სამეფო ზარმაცებს“ (пащтыхьым и щхьэхынэ) უწოდებდნენ. კარვებს შორის „მხვნელთა დროშას“ აღმართავდნენ და მის საგულდაგულო დაცვას „ზარმაცებს" დაავალებდნენ, რადგან შეიძლებოდა, დროშა მოეპარათ. „ზარმაცები“ კმაყოფილებით თანხმდებოდნენ, შემდეგ კი თავიანთ "სახლში“ შედიოდნენ, სადაც ბავშვების გასახარად ხვრინვა-ფსტვენით „ძილს" მიეცემოდნენ.

წრის კვლებთან ერთ მხარეს „წითელი ყველის ჩამოკიდების" (кхъуей-плъыжь кIэрыщIэ) სათამაშოდ ტრაპეციისმაგვარ ნაგებობას დგამდნენ. ხვნელთა თჰამადის კარვის ახლოს აღმართავდნენ „სათვალთვალო კოშკს“ წესრიგის მთავარი დამცველისათვის, რომელიც ძალზე მაბეზარა უნდა ყოფილიყო და დღეობის მონაწილეთა უღირსი საქციელი ან ურიგო ჩაცმულობა მხედველობიდან არ უნდა გამოპარვოდა. ასეთ რამეში შემჩნეული პირი თჰამადის დამხმარეებს მიჰყავდათ მოსამართლესთან, რომელიც მას სჯიდა: აჯარიმებდა ცხვრით, ვერცხლის მონეტით ან სხვა რამით. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში დასჯილს წყლიან ორმოში „განბანდნენ“.

წმ. ხის ველზე მყოფი ხალხი ცეკვა-თამაშით, მიზანში სროლითა და ჯირითით ერთობოდა. არანაკლები ზარ-ზეიმი იყო სოფელშიც. ხალხით გარშემორტყმული აჟაგაფა ყველა ეზოს შემოივლიდა, ათვალიერებდა და „ყნოსავდა" ყველაფერს. მას უნდა შეეგროვებინა დღეობისათვის საჭირო სურსათ-სანოვაგე და სამსხვერპლო საქონელი, რადგან გარდა იმისა, რომ დღეობა ერთი კვირა გრძელდებოდა, დოღში, ცხენთა თამაშში, სროლაში, ეროვნულ ჭიდაობაში (банэ) გამარჯვებულთათვის პრიზები იყო გადასაცემი. ამასთან, უნდა აერჩიათ „დღესასწაულის დედოფალი“ (тхьэлъэIугуащэ) – ყველაზე ზრდილი, საუკეთესო მოცეკვავე, მხიარული ქალიშვილი, რომელსაც უშობელს ჩუქნიდნენ. სწორედ ამიტომ ეზოში შესული აჟაგაფა, პირველ რიგში, ბოსელს, საქათმეს, ბეღელსა და სხვა საცავებს ათვალიერებდა, შემდეგ კართან მივიდოდა და ზღურბლზე მკვდარივით დაეცემოდა. ამ დროს ქალები მოჩვენებით ტირილსა და მოთქმას შეუდგებოდნენ. დაცემულ აჟაგაფას ოჯახის უფროსი მამაკაცი შეწუხებული მიუახლოვდებოდა და იკითხავდა, რითი შეიძლებოდა „მკვდრის“ შველა, რა უნდა გაეკეთებინა. მაშინ რომელიმე იქ მდგომი მოახსენებდა, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ მის „გასაცოცხლებლად" რაიმეს შეწირვა იყო საჭირო. საამისოდ მამაკაცს შეეძლო, ქათმის ან ინდაურის შეწირვის სურვილს გამოეთქვა. თუ ეს შესაწირი აჟაგაფას არ დააკმაყოფილებდა, იგი უძრავად წოლას გააგრძელებდა. ასეთ შემთხვევაში მასპინძელი ბოსლიდან ცხვარს გამოიყვანდა, მაგრამ თუკი აჟაგაფა არ წამოდგებოდა, იგი ხბოს დაპირდებოდა და ამით შეიძლებოდა, „ვაჭრობა“ დასრულებულიყო.

ამგვარად, შეაგროვებდა რა აუცილებელ სადღეობო სანოვაგეს, აჟაგაფა თავის გუნდთან ერთად წმ. ხესთან ახლოს, მინდორში მოზეიმეებს შეუერთდებოდა. აქ ხალხი საწესო სუფრის სამზადისს შეუდგებოდა: ტრადიციის თანახმად, მამაკაცები საქონლის ხორცს ხარშავდნენ, ქალები ხარშავდნენ და წვავდნენ ფრინველისას და ამზადებდნენ პასტას (ღომს), გოგოები კი სუფრას შლიდნენ. სამუშაოებისგან თავისუფალი ახალგაზრდები ცეკვა-თამაშით ერთობოდნენ. ჯეგუაკო და ხატიაკო ცეკვების ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი. ყველაფრისადმი გულგრილობას იჩენდნენ მხოლოდ მუდამ ბავშვებით გარშემორტყმული „ზარმაცები“, რომლებიც თავიანთ უბადრუკ ფაცხებში იწვნენ და პატარა გოგონების მიერ შეთავაზებული ლუკმის პირში ჩადებაც კი ეზარებოდათ.

უსაქმოდ არც მხვნელთა უფროსი და მისი დამხმარეები ისხდნენ. თუკი მინდვრის შორიახლოს მიმავალ უცხო პირს შეამჩნევდნენ, აუცილებლად მოიწვევდნენ, რათა მხედარს მათი სადღესასწაულო სიხარული გაეზიარებინა; უარის შემთხვევაში სტუმარს „ატყვევებდნენ" და „სჯიდნენ“: იგი ვალდებული იყო შეესვა თასით მახსიმა და ზედ ცხვრის ბარკალი დაეყოლებინა. მხიარულება, ცეკვა-თამაში დროებით მხოლოდ მაშინ წყდებოდა, როცა ხალხი სადილობდა, ან ვახშმობდა. ყოველ ჯერზე სუფრის თამადა მარცვლეული კულტურების მფარველის – თჰაგალეჯის, სადიდებელს აღავლენდა და ღვთაებას უხვი მოსავლის გამოგზავნას შესთხოვდა.

”მხვნელთა დაბრუნების“ დღეობასთან დაკავშირებული ცეკვა-თამაში და შეჯიბრებები მთავრდებოდა დიდი დოღით, რომელშიც უბელო ცხენებზე მჯდომი 11-15 წლის ბიჭები მონაწილეობდნენ. დოღში გამარჯვებული მხედარი წრეში შეჭენდებოდა და მხვნელთა თჰამადის კარავთან აღმართულ დროშას გაიტაცებდა. „ზარმაცები“, რომლებსაც დროშა უნდა დაეცვათ, გარეთ გამოვარდებოდნენ, მაგრამ უშედეგოდ. მაშინ ერთ-ერთი „ზარმაცი“ ხარებთან მიირბენდა, რათა ისინი გუთანში შეება (ამით შრომისათვის მისი, როგორც აწ უკვე გამოსწორებულის, მზაობა გამოიხატებოდა), მეორე კი „დასაძინებლად“ კვლავ კარავში შედიოდა.

ყოველივე ამის შემდგომ თამადა სხვადასხვა შეჯიბრებებსა და ქალიშვილთა კონკურსში გამარჯვებულებს დააჯილდოვებდა და საიმდღისო ზეიმიც ამით მთავრდებოდა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ყაბარდოში „მხვნელთა დაბრუნების“ დღეობა უკანასკნელად 1947 წელს გამართულა და, იქ მთვრალ მონაწილეებს შორის ატეხილი ჩხუბის გამო, იგი საბჭოთა ხელისუფლებას საბოლოოდ აუკრძალავს.


ლიტერატურა

Мафедзев С. Х. Адыги. Обычаи и традиции (Адыгэ хабзэ). Нальчик, 2000.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები