ვალიშევსკი სიგიზმუნდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზიგმუნდ ვალიშევსკი

ვალიშევსკი სიგიზმუნდ (ზიგმუნტ, ზიგა) - (დ. - 1.XII.1897, პეტერბურგი - გ. - 5.X.1936, ვარშავა) - პოლონელი ფერმწერი, გრაფიკოსი, თბილისური მოდერნიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი.

ბიოგრაფია

1908 წლიდან ოჯახი საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა - ჯერ ბათუმში, შემდეგ კი თბილისში დასახლდა. ზიგა თბილისში დაეუფლა ნ. სკლიფოვსკის ხატვისა და ფერწერის კურსებს. 1915 წელს თბილისში მისი პლაკატების გამოფენა მოეწყო. პირველ მსოფლიო ომში კირილ ზდანევიჩს მოხალისედ გაჰყვა. ხატავდა ჯარისკაცთა პორტრეტებსა და შარჟებს.

1917 წელს ფრონტიდან იძულებით დაბრუნდა. ძმებ ზდანევიჩებთან, ლადო გუდიაშვილთან, იური დეგენთან, კალაუ ჩერნიავსკისთან და ყარა-დარვიშთან ერთად „ფუტურისტთა სინდიკატი“ დააარსა. 1918-1920 წლეშბი თბილისური მოდენიზმის გამორჩეული ფიგურა იყო. ქმნიდა კუბო-ფუტურისტულ ნამუშევრებს. მონაწილეობდა სხვადასხვა ყრილობებსა და წიგნების გამოცემებში. თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი პოლიტიკური ჩანახატები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრთა შარჟები, რომლებიც 1920 წელს ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ დაიბეჭდა. მას ეკუთვნის გრიგოლ ვეშაპელის, რაჟდენ არსენიძის, შალვა ალექსი-მესხიშვილის, ნიკო ნიკოლაძის, ნოე რამიშვილის, რევაზ (რეზო) გაბაშვილის, გრიგოლ ვეშაპელისა და ექვთიმე თაყაიშვილის კარიკატურები. 1920 წელს საქართველოში პოლონეთის ელჩის მიწვევით, სწავლა გააგრძელა კრაკოვის სამხატვრო აკადემიაში. პოლონეთში მისი თაოსნობით პარიზის კომიტეტი დაარსდა.

1924-1930 წლებში ცხოვრობდა პარიზში. მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენებსა თუ საღამოებში. 1934 წელს ვენეციის XIX საერთაშორისო ბიენალეზე ნამუშევრები გამოფინა. 1936 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა.

სალომე ჭანტურიძე, ნანა ყიფიანი

ლიტერატურა

  • ა. გრიშიკაშვილი, „ზიგმუნდ ვალიშევსკი - უკვდავებასთან წილნაყარი“, გაზ. „დილის გაზეთი“, 10 ივლისი 1999;
  • С. Орлов, Московский приют Тифлисских футуристов, Русское искусство, 2004 № 4.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები