ვაჟა-ფშაველა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

ვაჟა-ფშაველა (რაზიკაშვილი ლუკა) – (1861-1915), პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ლიტერატორი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთი უგამოჩენილესი მესვეური.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ფშავში, სოფელ ჩარგალში. მამამისი სოფლის თვითნასწავლი მღვდელი იყო. ვაჟას ძმები — ბაჩანა და თედო რაზიკაშვილი ცნობილი მწერლები გახდნენ. რვა წლამდე ჩარგალში იზრდებოდა. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ — თბილისში (1877–79), გორის საოსტატო სემინარიაში (1879–82). 1883-84 წწ. პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. შემდეგ ერთხანს მასწავლებლობდა. 1888 წლიდან ჩარგალში დამკვიდრდა, ჩვეულებრივი ფშაველი გლეხის ცხოვრებას მიეცა — ხნავდა, თესავდა, საქონელს უვლიდა, ნადირობდა, ხატობებს ესწრე ბოდა. ამ ხნიდან მოყოლებული იშვიათად ტოვებდა მშობლიურ მთებს.

გადმოცემის თანახმად, ცხენზე გადაკიდებული ხურჯინით ჩამოჰქონდა თბილისში თავისი ნაწერები. მძიმე ცხოვრებამ და გაჭირვებამ ადრე შეარყია ვაჟას ჯანმრთელობა. 54 წლისა გარდაიცვალა თბილისში, ჰოსპიტალის პალატაში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობა). სიკვდილის წინ ახლად მოთიბული ბალახი და მთის წყარო ინატრა… დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1935 წ. მისი ნეშტი მთაწმინდაზე გადაასვენეს.

შემოქმედება

ვაჟა-ფშაველას პირველი კორესპონდენცია „წერილი ხევსურეთიდან“ 1879 წ. დაიბეჭდა, პირველი ლექსი „მეომარი“ და პირველი მოთხრობა „სურათი ფშავლის ცხოვრებიდან“ — 1881 წ.

სიჭაბუკეში მასზე, როგორც პოეტსა და მოაზროვნეზე, გავლენა მოახდინეს ილია ჭავჭავაძემ და რაფიელ ერისთავმა („სამშობლო ხევსურისა“), ხოლო უფრო გვიან ღრმად შეისრუტა მაშინ პირველად გამოცემული „დავითიანის“ ხალხურად ცხოველმყოფელი და ღრმად რელიგიური პოეზია. ცნობილია აგრეთვე ვაჟას აღფრთოვანება გოეთეს პიროვნებითა და მემკვიდრეობით, ლესინგის „ლაოკოონითა“ და ბარატინსკის ლექსით „გოეთეს სიკვდილზე“.

პოეზია

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში ცხოვრება და სამყარო სინათლისა და სიბნელის, სიკეთისა და ბოროტების დაუსრულებელი ჭიდილის სახითაა წარმოდგენილი. ეს ბრძოლა კოსმოსური ხასიათისაა (გ. ქიქოძე). ამ ბრძოლაში ცნაურდება „ბოროტებისა და სიკეთის დიალექტიკური კავშირი“ (თ. მანი), რაკი, ვაჟას თქმით, „ბოროტი ზოგჯერ ნაღდის კეთილის მჯობია“, და მათი ბრძოლის შედეგი ღვთაებრივ პლანში მოიაზრება მხოლოდ. ვაჟა-ფშაველას პოეზიაში ეს ეთიკური დუალიზმით გათიშული სამყარო დაძლეულია უმაღლეს ზნეობრივ ინსტანციად მოაზრებული, ბოროტსა და კეთილზე ამაღლებული, მაგრამ კეთილი ძალების „შემწე და მეშველი“ „ზეცით“, „უფლით“ ან „დამბადებლით“.

ვაჟა-ფშაველას ლირიკაში სამშობლო ცნაურდება როგორც „ქვეყნიური ღმერთი“. ეს ღმერთი მრავალსახოვანია, მაგრამ ძირითადად ორი სახით ვლინდება — როგორც მარადიული, ზედროული „დიდი ივერია“. და როგორც „ჯვარცმული ფიქრი“. წარუდინებელი საქართველოს იდეა ვაჟას დიდი ექსპრესიით აქვს გამოხატული საოცარ ლექსში „ძვალები“. ვაჟასთვის ერი უკვდავი ფენომენია. იგი შეიძლება შემცირდეს ან დაკნინდეს, მაგრამ მის უღრმეს არსებაში ხელუხლებლად არის შენახული პირველადი დვრიტა, განახლებისა და აღდგომის დაუთრგუნველი პოტენცია. ერი თითქოს სამზეოდან უჩინში და უჩინიდან სამზეოში გარდამავალი ფენომენია, რომელიც ხან მთელი სისავსით ცნაურდება, ხან კი იშრიტება და ქვესკნელში იწურება. ვაჟა-ფშაველა, ვითარცა მოქალაქე და პოეტი, მხნე პატრიოტი იყო. როგორც თავადვე ამბობს, ის იყო, რაც უნდა ყოფილიყო თავისი დროის სამშობლოს შემაწევარი კაცი. მაგრამ, ამავე დროს, მას ფხიზელი და უცდომელი თვალი ჰქონდა, რომელიც უშიშარი სიმართლით ჭვრეტდა გარესინამდვილეს, იმ სიდუხჭირეს, მას რომ გარს ერტყა. ლექსში „სიზმარი“ მას მძაფრი გროტესკით აქვს დახატული სახადშეყრილი ერი, ბუჭყად და რწყილად ქცეული ხალხი, კოღოს ლაშქრად მოფრენილი, ქამანჩითა და თარით შემაქცევარი შინაური მტერი, გათავხედებული ბზუილა ქვეშევრდომები, მათი უძლური, მუხლმოკვეთილი მეფე... ამგვარი თვალითაც აქვს დანახული საქართველო ვაჟას. და ამგვარი ხილვებიდან იბადება სრული თავგამეტების გრძნობა:

მე შენის ტრფობით ვერ გავძეღ,
შენ — ჩემი სიძულვილითა.
ვერ გიღალატებ მაინცა,
თუნდ ხორცს ვიგლეჯდე კბილითა…

ვაჟა-ფშაველამ უდიდესი გავლენა მოახდინა ქართველი ხალხის ეროვნულ გათვითცნობიერებაზე. მანვე დაამკვიდრა ქართულ პოეზიაში პიროვნული სრულყოფის — „კაი ყმის“ კულტი, რომლის მნიშვნელობა განუზომელია. ვაჟას პოეზია აღბეჭდილია ქველი მამაკაცურობით, რაც გულისხმობს და მოიცავს სხვისი პიროვნების პატივისცემასა და სულგრძელობაზე დაფუძნებულ საკუთარი ღირსების შეგნებას.

ლირიკა ის სიტყვაა, რომელიც ზუსტად ესადაგება ვაჟა-ფშაველას პოეზიას, ვინაიდან ლირიკა მუსიკასთან გარკვეულ კავშირს გულისხმობს. ვაჟას ბევრი ლექსის სათაურია „სიმღერა“. ეს ლექსები, ისევე როგორც, საერთოდ, ვაჟას ლექსების უმრავლესობა, დაწერილია რვამარცვლიანი ხალხური დაბალი შაირით და, ხალხური ლექსების მსგავსად, თავისუფლად იმღერება ფანდურის მუსიკალური თანხლებით (ვაჟა თვითონაც მღეროდა თავის ლექსებს ფანდურზე).

მრავლისმეტყველია ის ამბავი, რომ ვაჟა-ფშაველამ თავისი პოეზიის მთავარ ინსტრუმენტად მაინცდამაინც ხალხური შაირი აირჩია. უკვე აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ მას შინაგანი კავშირი აქვს ხალხურ პოეზიასთან, ხალხურ და, მაშასადამე, ფოლკლორულ-მითოსური ხასიათის მსოფლშეგრძნებასთან.

ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პირველივე ლექსი (1884) ამირანის, ქართული მითოსის ამ ცენტრალური პერსონაჟის სახელითაა დასათაურებული. ეს ფაქტი მარტო ქრონოლოგიური თვალსაზრისით არ არის საგულისხმო. ვაჟას პოეტური სამყაროს მოდელში ამ ლექსში მინიშნებულ მხატვრულ-მითოსურ ელემენტებს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება. ისინი თანდათანობით ღრმავდებიან და კრისტალდებიან ვაჟას პოეზიაში და მის ზოგიერთ, შედარებით გვიანდელ ლექსში მსოფლმხედველობრივ განზომილებას იძენენ. 1886-89 წლები ვაჟა-ფშაველას პოეტური შთაგონების ერუპციის ხანაა. ამ დროსაა შექმნილი მისი პოეზიის მხატვრულ-იდეური გეზის განმსაზღვრელი უბრწყინვალესი ლექსები და პოემები. მათში მთელი სისრულით ცხადდება ახალგაზრდა ვაჟას გენიალური ნიჭი და პოეტური პერცეპციის მასშტაბი, რომელსაც იგი მეტ-ნაკლები სიძლიერით ინარჩუნებს სიცოცხლის ბოლომდე. პირველად ამ ლექსებში გამჟღავნდა ვაჟას განუმეორებელი, ღრმა ინტუიცია და ექსპრესიული ძალმოსილება. ამ ლექსებში იელვა პირველად გენიოსი ვაჟას ტრაგიკული ნიშნით აღბეჭდილმა თვითცნობიერებამ.

მითოსური მსოფლშეგრძნებიდან მოდის ვაჟა-ფშაველას პოეტური სამყაროს ზედროულობა, პირველადობა თუ პირველქმნილება. აქედანვე იღებს სათავეს მისი პირქუში ვიზიონები და ინფერნალური ხილვები, რომ აღარაფერი ვთქვათ პოეტური სახეების მთელ სისტემაზე, რომლის გაგება წარმოუდგენელია მითოსური სტრუქტურების ცოდნისა და გათვალისწინების გარეშე. მაგალითად, ჩვენ ვერ გავიგებთ, რატომ ეძახის ვაჟა დიდ ქართველ მამულიშვილებს „პიროფლიანებს“, თუ არ გვეცოდინება, რომ ეს ტერმინი ღვთაებათა ატრიბუტია და, ამდენად, სპეციფიური შინაარსის მატარებელი. ან კიდევ ღრმად ვერ ჩავწვდებით მისი ერთი უბრწყინვალესი ლექსის აზრს, რომელშიც შთაგონება თუ აღმაფრენა არწივის მხარზე დაჯდომასთან არის ასოცირებული, თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ფრინველთა სახით ღვთისშვილნი, ესე იგი ანგელოზნი ასხდებოდნენ რჩეულებს, რაც მათ მედიუმურ ცოდნასა და ღვთაებრიობას ანიჭებდა. და, ბოლოს, ჩვენ ვერ მივუხვდებოდით ავტორის ბევრ ჩანაფიქრს და თვით სათაურსაც კი ზოგი ნაწარმოებისას მითოსური მასალის გათვალისწინების გარეშე.

ვაჟა-ფშაველას წყაროა საკუთრივ ფშავური ნაკადი ქართული მითოსისა. ეს ნაკადი წარმართული და ქრისტიანული წარმოდგენების თავისებური სიმბიოზია. ვაჟა-ფშაველა თავისი დროის თვალსაზრისით აფასებს ფშაველთა ყოველგვარ ცრუმორწმუნეობას ეთნოგრაფიულ ნარკვევებში. მაგრამ პოეზიაში იგი ახდენს ფშავურ წარმოდგენათა მხატვრულ ფიქსაციას თავისი გმირების სულიერი ვითარების შესაფერი ფსიქოლოგიური პრიზმით და ყოველგვარი ავტოჩარევისა და სკეპტიკური შენიშვნის გარეშე (ა. გაწერელია). ვაჟა არა მარტო იყენებს არსებულ მითებსა და ლეგენდებს, არამედ თავადვე ავლენს მითთაქმნადობის ტენდენციას. მითოსურ სამყაროს ქართულ პოეზიაში არსებობის უფლება ვაჟას გენიამ მოუპოვა.

ვაჟა-ფშაველას ლირიკაში (და ეპოსშიც) განსაკუთრებით თვალსაჩინოა ურიერთდაპირისპირებულ, ანტინომიურ მოვლენათა და სიტუაციათა დიალექტიკური კავშირი. ეს დაპირისპირება უცვლელი და მარადიულია, იყო და „მუდამაც იქნება“. ყველაფერი თითქოს დახშულ წრეში მოძრაობს. „ვნებათა იგივეობა“ დედამიწის წესია. მაგრამ ეს წრიული ბრუნვა, ვნებათა ეს განმეორება არის სწორედ საფუძველი გარდაქმნისა, რითაც იგი არღვევს ამ დახშულ წრეს. ის, რაც მეორდება, გარდაქმნის მეშვეობით ვითარდება კიდეც და, ამდენად, წრიული მოძრაობა სპირალურში გადადის. ამრიგად, ადამიანისა და, მასთან ერთად, მთელი ბუნების გარდაქმნის საფუძველია დიალექტიკური და პირისპირებით მიმდინარე სპირალური განმეორება, რომლის მარადიულ ფონზე სჭვრეტს ვაჟა-ფშაველა აგრეთვე მარადიული სამების — პიროვნების, სამშობლოსა და ღმერთის ერთობასა და ურთიერთდამოკიდებულებას.

ვაჟა-ფშაველას პოეზიის გვირგვინია მისი სწორუპოვარი ეპოსი, მისი პოემები. ამ პოემების გმირებს ზეკაცური იერი მოსავთ. პირველივე ქართველი პოეტის წერილში, რომელიც ვაჟა-ფშაველას ეხებოდა, აღნიშნული იყო, რომ მინდია ზეკაცია, თუმცა იქვე განმარტებული იყო: ეს სიტყვა რელიგიური უნივერსალიზმის გაგებით უნდა გვესმოდეს და არა ნიცშეური ინდივიდუალიზმითო. ვაჟას გმირები, ერთი შეხედვით, თუშ-ფშავ-ხევსურეთის ჩვეულებრივი მოყმენი არიან. გარეგნული ცხოვრებითა და ქცევით ისინი თითქოს არც განსხვავდებიან სხვათაგან. მაგრამ ერთბაშად თუ თანდათანობით, უპირატესად — მწვავე, კრიზისულ სიტუაციებში პიროვნების მოჩვენებითი ზედნაშენის წიაღ შიშვლდება მათი შინაგან-გონითი ბირთვი, რომელიც ახლებურად იაზრებს თავის დამოკიდებულებას ტრადიციულად გაგებული ღმერთის, საზოგადოებისა და საკუთარი არსებობის მიმართ. მათს გულში იხსნება შინაგანი თვალი თუ გულისყური, რომელიც წარმავალი, ზნეობრივად არასრულყოფილი ცხოვრების საპირისპიროდ მათივე ჭეშმარიტი, ღვთაებრივი არსების დადგინებას მიელტვის. ანტიკური ტრაგედიების გმირების მსგავსად, რომელთა ნიღბებს მიღმა მოკვდავი და მკვდრეთით აღმდგარი დიონისე ტირის და იცინის, ვაჟას ჰეროიკულ პოემებში გმირები კვდებიან და კვლავ იბადებიან, როგორც თავისთავზე ზნეობრივად აღმატებული, მტრობისა და ბოროტების დამძლევი, ახალ ეთიკურ ღირებულებათა დამამკვიდრებელი ღვთაებრივი ადამიანები.

თავისი გმირების ამ ღვთაებრივი ასპექტის აღსანიშნავად ვაჟა მათ „დავლათიანებს“ უწოდებს. დავლათიანნი, ღვთაებრიობით მორჭმულნი ან, რუსთაველის სიტყვით, ღვთისაგან სვიანნი არიან ვაჟას პოემების ტრაგიკული გმირები. ლაშარის, გუდანის და ხახმატის ჯვარის, წმინდა გიორგისა და ანგელოზთაგან, ესე იგი ღვთისშვილთაგან ხელმომართული ეს გმირები მიწიერი თემიდან ზეციერი თემისკენ მიისწრაფვიან. ისინი, დიონისური ღვთაებების მსგავსად, ორჯერშობილნი არიან, ერთხელ კაცად, მეორედ — ზეკაცად.

ვაჟა-ფშაველას პოემებს შორის მხატვრული სტრუქტურის სრულყოფით, ერთიანი პერცეპციითა და ექსპრესიული ძალმოსილებით გამოირჩევა „ალუდა ქეთელაური“, რომელიც ყველაზე ღრმად და სრულად გამოხატავს პიროვნების ზნეობრივ ახლადშობას. პოემაში ტრადიციულ საზოგადოებასა და მის პირქუშ ღმერთს (გუდანის ჯვარს) უპირისპირდება ალუდა ქეთელაურის ინდივიდუალობა და მისგან ახლად მოძიებული უნივერსალური ღმერთი. ალუდას გულში გაღვიძებულმა პიროვნულმა ნებისყოფამ გაათავისუფლა იგი თემის ტოტალური გავლენისგან. ასეთი პიროვნება თავად, საკუთარი პასუხისმგებლობით აკეთებს არჩევანს და იღებს გადაწყვეტილებას, რაკი თემთან თანაზიარობას მის გულში ახლა ღმერთთან ცოცხალი თანაზიარობა ენაცვლება. საუფლო ჟამს, იქ, სადაც საკრალურად ერთიანდება თემი, სწორედ იქ ეთიშება ალუდა ქეთელაური ტრადიციული რელიგიური ანდერძით შეკავშირებულ თვისტომთ, როგორც ახალი რწმენით უჩვეულოდ გაზრდილი პიროვნება და სწორედ იქ შეჰყავს მუცალი მისგან მოპოვებულ ზეციურ თემში.

ვაჟა-ფშაველას ზოგიერთ პოემაში მთავარი გმირები უზენაეს ჭეშმარიტებას გაღვიძებული გულის მეშვეობით სწვდებიან, ხოლო კონფორმისტული თემი მათ გონების ლოგიკით უპირისპირდება. საზოგადოება რაციონალური საფუძვლით მოქმედებს, მარტოსული გმირები ირაციონალური იმპულსის კარნახს მიჰყვებიან. პირველნი ემორჩილებიან მიზანშეწონილობის პრინციპს, მეორენი — ქვეცნობიერების ინტუიტურ ძახილს.

საზოგადოების გაქვავებული დოგმა და გლუვი უტილიტარიზმი პოემებში პრაქტიკულად ამარცხებს შინაგანი ჭეშმარიტების შესაბამისად მოქმედ გმირებს, მაგრამ ისინი ზნეობრივად და, მაშასადამე, რეალურადაც იმარჯვებენ. ვინაიდან პიროვნება შეკუმშული, ანუ დაწურული სახით მოცემული საზოგადოებაა და პიროვნების ზნეობა საზოგადოების შინაგანი საწყისია ამდენად, პირველის შინაგანი მონაპოვარი ადრე თუ გვიან მეორის მონაპოვრად იქცევა.

„გველისმჭამელში“ ვაჟა-ფშაველამ წარმოსახა ტრაგიკული ბედი იმ ადამიანისა, ვინც ბუნებასთან, მთელ სამყაროსთან, ღმერთთან თანაზიარობის შინაგანად, ინტუიტურად მოპოვებულ უნარს კარგავს, ვისთვისაც უდიდესი ღირებულება ამ კავშირისა ზეცნობისაგან „დაცარიელების“ შემდეგ ცნობიერდება. როგორც უნდა განიმარტოს მინდიას ზეგარდმო სიბრძნის შინაარსი, ცხადია, რომ კერძომ დაათმობინა მას უნივერსალური ღირებულების მქონე ცხოვრების გეზი. ადამიანური ყოფისა და ღვთაებრივი არსებობის შერიგება კრახით დასრულდა. ბუნებას, სამყაროს პირველდასაბამს, მოწყვეტილი ადამიანი თავს იკლავს და ეს ღვთის სავსებასთან ზიარებულისთვის თავისთავად უდრის სიკვდილს. „კოპალა“ წარმართული და ქრისტიანული წარმოდგენებისა და აზრობრივ–მხატვრული ელემენტების უცნაური შერწყმით არის აღბეჭდილი. მასში წარმოდგენილი სამყაროს მითოსური მოდელი ბოროტების დათრგუნვის ზოგადქრისტიანულ იდეასთან არის შეჯვარებული. ამ პოემაში გაშლილი ფილოსოფიურ-ეთიკური ხასიათის კოსმოსური დრამა თითოეული ადამიანის გულში მიმდინარე შინაგანი ბრძოლის ანარეკლიცაა და, ამ აზრით, „კოპალა“ ახალი დროის სულით აღბეჭდილ მისტერიად წარმოგვიდგება.

„ბახტრიონი“ ეროვნული ბრძოლის ეპოპეაა. ამ პოემაში ვაჟა-ფშაველამ მთელი სისრულით გვიჩვენა ქართველი ხალხის ეროვნული თვითცნობიერების უშრეტი წყაროები, ხალხის ჰეროიკული შემართება და დაუთრგუნველი ნებისყოფა ეროვნული თავისთავადობისთვის ბრძოლაში. ლაშარის გორზე შემდგარი ლუხუმი მომავალი საქართველოს სახეა.

ვაჟა-ფშაველამ გოლიათური ენერგია ჩაღვარა ქართველი ერის სხეულში. ეთნიურ-კულტურულად დაქსაქსული საქართველო, რომლის შინაგან გაერთიანებას ილიამ და აკაკიმ უდიდესი ძალა შეალიეს, ვაჟამ დიონისური კათარზისის ბრძმედში გამოაწრთო, როგორც მთლიანი, გარდასულთან უწყვეტი კავშირის მქონე და უნივერსალური მნიშვნელობის კულტურული ფენომენი.

ვაჟა-ფშაველას პოეზიის პრობლემატიკა უნივერსალური მნიშვნელობისაა. მას ფილოსოფიური განზოგადებით აქვს წარმოჩენილი კაცობრიული ვნებანი: პიროვნებისა და საზოგადოების ჭიდილი, დაპირისპირება და კონფლიქტი, მითოსური კოსმოგონიის პლანში ასახული კაცის ეთიკური სრულყოფისა და მოვალეობის პერიპეტიები, ადამიანის გარდაქმნა და ამაღლება დიონისური ექსტაზის მეშვეობით, ღმერთი და სამშობლო, სიცოცხლისა და სიკვდილის ანტინომიების შუქზე დანახული ბუნების სურათები… ვაჟა უნივერსალური გონების კაცი იყო.

ეს პრობლემატიკა მისი გულისა და ტვინის ნაშიერია და არა გარეთ მოძიებული რამ. და ვაჟას სადინარი უნდა ეპოვა იმ ვნებათათვის, იმ მტანჯველ ფიქრთათვის, რომელნიც ძალუმი ინტუიციის ტალღებად იძვროდნენ მის გულში. სადინარი ეპოვა იმ აზრით, რომ ისინი ზუსტ და შესაბამის აზრობრივ, თემატურ და ენობრივ მასალაში განეხორციელებინა. და მან თავისი უღრმესი ინტუიციის ასპარეზად აირჩია საქართველოს მთა — თუშ-ფშავ-ხევსურეთი, მხარე მითოსური ჰეროიკისა, მხარე არქაული ყოფისა და წეს-ჩვეულებებისა, მხარე, სადაც ჯერ კიდევ სცემდნენ თაყვანს დიდ თამარსა და საქართველოს უკანასკნელ მეფეს. რელიგიურ-მსოფლმხედველობრივი მრწამსის, პირველქმნილი ვნებებისა და ხასიათების თვალსაზრისით, ეს იყო სავსებით უნიკალური სამყარო, რომელიც სოციალური ყოფისა და მსოფლშეგრძნების ასპექტებით გარკვეულ ანალოგიას ამჟღავნებდა ბერძენ ტრაგიკოსთა სამყაროსთან ამ სამყაროს ვაჟა-ფშაველას პოეზიაში შემოჰყვა, როგორც მისგან აბსოლუტურად გაუთიშველი ფენომენი, უმდიდრესი და უბრწყინვალესი ფოლკლორის წიაღში მომწიფებული, დაწმენდილი და უმაღლეს დონეზე პოეტურად დაკრისტალებული ენა, რომელსაც ვაჟა ვერ უარყოფდა და არც უარყოფდა.

ერთი საწყისიდან მოდის როგორც ვაჟას ენა, ისე მისი პოეზიის სალექსო საზომი — ხალხური შაირი. მათ განსაზღვრავს ვაჟას პოეტური სამყაროს მსოფლმხედველობრივი მოდუსი. მათ შორის დიალექტიკური ხასიათის კავშირია: ვაჟას ლექსებისა და პოემების „დიალექტიზმებისგან“ დაწრეტა უმალ იწვევს მხატვრული ექსპრესიულობის კლებას. ექსპრესიულობის კლებას იწვევს ვაჟას პოეზიაში აგრეთვე ხალხური შაირისგან განდგომა და ეთნიკური წიაღისგან განშორება. „ვაჟა ძლიერია, სადაც ხალხურ თქმულებათ და ხალხურ ამბებს (რა თქმა უნდა, თავისებურად გადაკეთებულსა და გადამუშავებულს) ხალხური ლექსების ფორმითვე გვაძლევს, და სუსტია, სადაც ამ ნიადაგს შორდება“ (ა. შანიძე). ვაჟა-ფშაველას მხატვრულად უძლიერესი პოემები „ეთნოსისა“ და „დიალექტიზმების“ ბეჭდით არიან დაბეჭდილნი და სწორედ ამიტომ ასხივებენ განუმეორებელ პოეტურ ძალმოსილებას. ის აზრი, რომ ფშავური არ უნდა განვიხილოთ როგორც ჩვეულებრივი „კუთხური კილო“ და, მით უმეტეს, როგორც „პროვინციალიზმი“, მძიმედ, მაგრამ დაჟინებით იკაფავდა გზას. 1896 წ. „კვალში“ ი. ნაკაშიძე წერდა: „აი, ფშაველასა და ფშაველთა ენა, სტილი რკინისა, პირდაპირ ხალხის გულიდან ამოღებული, როგორც კლდის ღრმა ნაპრალიდან უტეხი მადანი… ენა დინჯი, ენა მხატვრული, ენა მძლავრი“. ვაჟა-ფშაველას „ღირსება და მადლი“ სწორედ ისაა, რომ მან შეძლო თავი დაეღწია ამ მომნუსხველი სტიქიონისგან, გარედან, უცხოს თვალით შეეხედა მისთვის და გაეცნობიერებინა სიდიადე იმ ენობრივი და პოეტური გარემოსი, რომელიც მას მუზების წერამწერელმა დაუსაზღვრა. ვაჟა არ იქნებოდა დიდი პოეტი, რომ არ ეგრძნო და არ განეჭვრიტა განუმეორებლობა ამ უნიკალური გარემოსი. სათავე ვაჟას პოეტური გენიალობისა ფშავშია ჩაწმასნილი და აქედან მოდის მისი პოეტური ფსევდონიმიც: ვაჟა-ფშაველა.

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში ფესვეულად ქართული მსოფლგანცდის პირველელემენტებისა და უცხო დანაშრევებისგან შეუმღვრეველი ყოფიერების რიტმი ვიბრირებს. მან ააღორძინა ქართველი ხალხის ჰეროიკული მითოსი და მისი შინაგანი დიალექტიკის მეშვეობით დაძლია დროის ისტორიულ დაპირებათა შეუსრულებლობით დაბადებული პესიმიზმი და უპერსპექტივობა.

თხზულებანი

თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, 1964[[1]].


ლიტერატურა

  • ს. ყუბანეიშვილი, ვაჟა-ფშაველას ცხოვრებისა და შემოქმედების მატიანე, 1940[[2]];
  • მ. ზანდუკელი. ვაჟა-ფშაველა, 1953;
  • გ. კიკნაძე, ვაჟა-ფშაველას შემოქმედება, 1957 [[3]];
  • ვ. კოტეტიშვილი, ქართული ლიტერატურის ისტორია (XIX ს.), 1959 [[4]];
  • დ. ბენაშვილი, ვაჟა- ფშაველა შემოქმედი და მოაზროვნე, 1961 [[5]];
  • კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX ს. ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, 1962 [[6]];
  • თ. ჩხენკელი, ტრაგიკული ნიღბები, 1971 [[7]];
  • გ. ასათიანი, ვეფხისტყაოსანიდან ბახტრიონამდე, 1974 [[8]].

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები