ვარდავარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდავარ-ი (სომხ. Վարդավառ)ფერისცვალების სომხური დღესასწაული; აღინიშნებოდა აღდგომიდან 98-ე დღეს; თავისი ფესვებით უკავშირდება რა ქრისტიანობამდელ დღესასწაულს, მიძღვნილს სიყვარულისა და წყლის მფარველი ქალღმერთის – ასთღიქისკულტისადმი და შეითვისა რა ნაყოფიერებისა და დედობის ქალღმერთისა და ნავასარდის (ახალი წელი) დღესასწაულთა ელემენტები, ვარდავარმა მრავალი საუკუნის განმავლობაში არამარტო არქაული დომინანტები შემოინახა, არამედ იგი ფუნქციონალურად მრავალგვარი კომპონენტებითაც გამდიდრდა. ბევრი მკვლევარი „ვარდავარ“ ტერმინს ხეთური ენიდან მომდინარედ მიიჩნევს (ხეთ. ვადარ „წყალი“, არრ „შესხურება“) და მას „სომხეთისათვის წლის ყველაზე გვალვიან პერიოდში წვიმის გამოწვევის მაგიას“ უკავშირებს (ს. ლისიციანი). ზოგიერთი მეცნიერი დღესასწაულის სახელწოდებაში ვარდ – „ვარდი“ – ძირს გამოყოფს. მართალია, ვარდავარის დღესასწაულზე ყვავილები მნიშვნელოვან როლს თამაშობს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ წლის ამ პერიდში ვარდები არ ჰყვავის.

ვარდავარის დღესასწაული შაბათ-კვირის მიჯნის ღამეს იწყებოდა. ხალხი წყაროებთან და ეკლესიებთან იკრიბებოდა. თარონში (დასავლეთ სომხეთი) მდებარე წმ. კარაპეტის მონასტერი დღესასწაულის გამართვისათვის ყველაზე სასურველ ადგილად ითვლებოდა. ახალგაზრდები მთელ ღამეს კოცონის გარშემო ცეკვასა და სიმღერაში ატარებდნენ; აქვე ხდებოდა სასიყვარულო კავშირების გაბმა და ნიშნობაც კი („ვარდავარი ნშანდრუწჲუნი“); დილაადრიან ისინი ველზე გადიოდნენ და კრეფდნენ ყვავილებს, რომლითაც სახლს, საქონელსა და თავიანთ თავს ამკობდნენ; ყოველ ოჯახს ჩუქნიდნენ თაიგულს და უმღეროდნენ, რის სანაცვლოდაც დიასახლისისაგან კვერცხს, ერბოს, ხილსსა და ტკბილეულს იღებდნენ; შემდეგ, სადმე ჩრდილში ცალ-ცალკე დამსხდარი ქალიშვილები და ვაჟები ხშირად დილამდე შაირობდნენ.

ვარდავარის დღესასწაულზე აუცილებელი იყო ეკლესიების ყვავილებით მორთვა და ხორბლისა და ქერის თავთავებისგან შეკრული თაიგულების კურთხევა („ხაჭბურ-ი“). გარდა ამისა, ხორბლის თესლებისაგან აკეთებდნენ თოჯინებს და სახლებში კიდებდნენ. ასეთ თვითნაკეთ თოჯინას დანიშნული ქალიშვილი უგზავნიდა მომავალ დედამთილს, რომელიც მას დიდხანს ინახავდა. ზოგიერთ რეგიონში ამზადებდნენ დიდი ზომის დედოფალებს, რომელებსაც ტარების პროცესში წყლით ასველებდნენ.

სადღესასწაულო გართობა-თამაშობანი გრძელდებოდა წყაროებთან, სადაც სოფელი მსხვერპლს სწირავდა და საწესო სუფრას შლიდა. აქ იწყებოდა დღეობის სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტი: ყველა – ბავშვები და მოხუცები, ქალები და მამაკაცები – ერთმანეთს წყლით წუწავდა; წყალი საქონლისთვისაც უნდა შეესხათ; აქვე იმართებოდა სხვადასხვა სპორტული შეჯიბრებებიც, მაგალითად, ვანში დიდი პოპულარობით სარგებლობდა „ჰაიკისა და ბელის ჭიდაობა“, რომელიც აუცილებლად სომეხთა პირველწინაპრის – ჰაიკის – გამარჯვებით უნდა დამთავრებულიყო.


ლიტერატურა

  • Е. Т.-А. Праздник преображения господня у армян (Вардавар) // Кавказ. 1888, № 201; „Вардавар“ и „Мерелоц“ // Тифлисский листок. 1889, № 162;
  • Калашев А. Вардавар (сел. Чайкенд, Елисаветполькой губернии) // СМОМПК. Вып. 18, Тф,. 1894;
  • Лисициан С. Очерки этнографии дореволюционной Армении // Кавказский этнографический сборник, т. II. М., 1955;
  • Харатян Гр. С., Мкртчян С. С. Праздничная культура: традиции и современность // Армяне. Ответственные редакторы: Л. М. Варданян, Г. Г. Саркисян, А. Е. Тер-Саркисянц. М., 2012.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები