ვარიანის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიანის კოშკი - კოშკი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანის დასავლეთით, 0,4-0,5 კილომეტრზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით.

აღწერილობა

კოშკი ცილინდრულია (დიამ. 6,7 მ), საცხოვრებელ-სათავდაცვო. ნაგებია რიყის ქვით. სართულშუა გადახურვებში და კარ-სარკმლების წირთხლებში გამოყენებულია აგური. ნაგებობა დაზიანებულია: აქა-იქ შემორჩენილია პირველი და მეორე სართულის გუმბათოვანი კამარის ქუსლის ნაწილები, თითქმის მთლიანად ჩამოცვენილია სამხრეთ კედლის საპირე ქვები, დანგრეულია მესამე სართულის უმეტესი ნაწილი.

კოშკს შეისრულთაღიანი შესასვლელი აღმოსავლეთით, მეორე სართულზე აქვს. კარი გარედან მოქცეულია ირიბად შეჭრილ სწორკუთხა შეღრმავებაში, რომელიც დასრულებულია აგურის საფეხურიანი ფრიზით. პირველი სართული შიგნიდან წრიულია (ამჟამად ნანგრევებითაა სავსე), მეორე – სწორკუთხა. კედელში, შესასვლელის გვერდებზე, თითო ფართო შეისრული ნიშია, რომლებშიც თითო მცირე სწორკუთხა სარკმელია; მათ ქვემოთ თითო სათოფურია. დასავლეთ კედლის ცენტრში, ნახევარწრიულ ბუხარში გაჭრილია ერთი სარკმელი-სათოფური. ბუხრის ორივე მხარეს თითო სათოფურიანი და შეისრული თაღით დასრულებული ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში იატაკიდან იწყება დიდი შეისრულთაღიანი ნიში, რომელშიც მცირე სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ მცირე ნიშია. შეისრულთაღიანი და სათოფურიანი თითო ნიში ამავე კედლის კიდეებშიცაა, ხოლო ერთი შეისრულთაღიანი და შეწყვილებულსათოფურიანი ნიში – სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ამავე კედელშია დატანებული მესამე სართულზე ასასვლელი კიბე. მესამე სართული წრიულია. შემორჩენილ კედლებში შეისრულთაღიანი სამი სარკმელი (საზარბაზნეები), ერთი ნახევარწრიული ბუხარი და რამდენიმე სათოფურიანი ნიშია. კოშკის შესასვლელის ზემოთ, აგურის წყობაში გამოსახულია შეღრმავებული ჯვარი. ყველა სართული გადახურული იყო გუმბათოვანი კამარით.

კოშკის მახლობლად, ადგილ ლელისთავებში, ნასოფლარზე შემორჩენილია რიყის ქვით ნაგები შენობების საძირკვლის ნაშთები. იპოვება წითლად გამომწვარი უხეშკეციანი თიხის ჭურჭლისა და დიდი ქვევრის ნამტვრევები და სხვ. გადმოცემით მოსახლეობა აქედან ლეკთა შემოსევების დროს (XVIII ს.) აყრილა.

ბიბლიოგრაფია

  • ვარიანი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა.ტ.V.-თბ.,1990.-გვ.65-67. სოფ. ვარიანის ფეოდალური ხანის კოშკის, 1835 წელს აგებული ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიისა და სოფლის სასაფლაოზე შემორჩენილი განვითარებული ფეოდალიზმის ხანის დარბაზული ტიპის ეკლესიის აღწერილობა. ტექსტს დართული აქვს ღვთისმშობლის სახ. ეკლესიის გეგმა.
  • მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. ლიახვის ხეობა.-თბ.,1971.-გვ.84-85. სოფ. ვარიანის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიის ხუროთმოძღვრული დახასიათება. 3.მეგრელიძე ე. ლიახვის ხეობის წარწერები და სხვა სიძველეები //მაცნე.-1966.-N3.-249-255. სოფ. ვარიანის შესახებ ხალხში გავრცელებული თქმულებები. დედაღვთისას ორი ეკლესიისა და მრგვალი კოშკის აღწერილობა.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები