ვარიაცია (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვარიაციები (მუსიკა)-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარიაცია – (ლათ. Variatio - ცვალებადობა), მუსიკალური ფორმა, რომელშიც თემის ჩვენებას მოსდევს მისი სახეშეცვლილი გამეორებები. „თემა“ სხვადასხვა ცვლილებების (მელოდიური, რიტმული, ფაქტურული და სხვ.) მეშველობით ყოველ ვარიაციაში ჩნდება ახალ-ახალი ვარიანტით და ამასთან არ კარგავს არსებით თვისებებს, რითაც მასში გამოიცნობა. მოცემული ციკლის ყველა ვარიაცია ხსნის ერთიანი მხატვრული სახის სხვადასხვა მხარეს. ვარიაციების თემა შეიძლება იყოს ორიგინალური, ე. ი. შეთხზული კომპოზიტორის მიერ, მაგრამ შესაძლოა იყოს ნასესხები სხვა ავტორის ქმნილებიდან, ან ხალხური სიმღერიდან. ვარიაციული ფორმა შეიძლება იყოს დიდი ციკლური ნაწარმოების (სონატის, კონცერტის, სიმფონიის, სიუიტის, კვარტეტის და ა. შ.) ნაწილი, ან წარმოადგენდეს დამოუკიდებელ ნაწარმოებს. არჩევენ მკაცრი და თავისუფალი სტილის ვარიაციებს. მკაცრ ვარიაციებში შენარჩუნებულია თემის აგებულება, ზომა, ტონალობა და ტემპი. მკაცრ ვარიაციებს მიაკუთვნებენ აგრეთვე ვარიაციებს უცვლელ მელოდიაზე (ვარირებას განიცდის მხოლოდ თანხლება) და ვარიაციებს უცვლელ ბანზე (ბასო ოსტინატო), რომლის ფონზე ვარირებას განიცდიან დანარჩენი ხმები.

თავისუფალი ვარიაციები (განვითარდა XIX ს.) მოკლებულია იმ მრავალრიცხოვან შეზღუდვებს, რომლებიც აუცილებელი იყო მკაცრი ვარიაციებისათვის, კერძოდ ეს ეხება თემის ხასიათს, მის ტემპს, ზომას, აგრეთვე ტონალურ გეგმას. ამ მხრივ თავისუფალი ვარიაციები ბევრი თვისებით უახლოვდება „სიუიტას“. თავისუფალი ვარიაციები დამახასიათებელია რომანტიკოს კომპოზიტორთა შემოქმედებისათვის. არსებობს აგრეთვე ორმაგი ვარიაციებიც – ვარიაციები 2 თემაზე.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები