ვარია (ჭურჭელი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარია

ვარიანაღების დასამზადებელი ხის ან თიხის ჭურჭელი, რომელიც ფართო მასშტაბის სამეურნეო საქმიანობისთვისაა დამახასიათებელი.

ვარია (კოდანა), ჰორიზონტალური ტიპის სპეციალური ცილინდრული ფორმის სადღვებელი – „იაღის, კარაქის მოსარეკი”, მაწვნის შესადღვები, ხის ანდა თიხის ჭურჭელი, რომელიც მრგვალი მთლიანი გულგამოღებული ხისაგან იყო დამზადებული. ვარია სპეციალური სადღვებელი იყო, რომელსაც გვერდები, ასევე, ხით ჰქონდა გამოდგმული, ზემოდანაც თავი მრგვლად ჰქონდა ამოჭრილი, რაზეც სახურავი მჭიდროდ ეხურებოდა. ვარია დღვების დროს ჭერში თოკით იყო ჩამოკიდებული და მდღვებავი მას ერთი მხრიდან მეორისკენ თანაბარზომიერი ბიძგებით ამოძრავებდა. ზოგან, ვარიის ფსკერის ზომა თანაბარი არ იყო. მისი ერთი მხარე პატარა, მეორე კი – დიდი იყო, რადგან სადღვებ რძეს წინააღმდეგობა მეტი ჰქონოდა, რათა მალე შედღვებილიყო. ვარია ზოგადად განიერი უნდა ყოფილიყო, რომ რძეს დიდი გაქანება მიეღო და არ შეხუთულიყო. ასეთი მოგრძო ჭურჭელი — სადღვებელი, ხის გარდა თიხისაგანაც კეთდებოდა. გვხვდებოდა ჰორიზონტალური და ვერტიკალური ტიპის ვარიები. ამასთან, ხის სადღვებლები მხოლოდ ჰორიზონტალური, თიხისა კი – ორივე ტიპის იყო.

თიხის ჰორიზონტალური ვარია კონსტრუქციულად ისეთივე იყო, როგორიც ხის ვარია. ხის ვარია ცაცხვისა და თელის ხისაგან მზადდებოდა, უმეტესად ჭერში ჰორიზონტალურად ჩამოკიდებული სახით გამოიყენებოდა. ვერტიკალურ ვარიას მაღალი დერგის ფორმა, სახურავი კი შუაზე გახვრეტილი ჰქონდა, რომელშიც ხის ჯოხი იყო ჩაშვებული. ჯოხს თავის მხრივ მრგვალი ბორბალი ჰქონდა მიმაგრებული. ამ ჯოხის ზემოთ ქვემოთ მოძრაობით კარაქის მორეკვა ხდებოდა. ვარიას მაწვნით ავსებდნენ, მაგრამ პირთამდე არა, რადგან კარაქის მოსარეკად ცარიელი ადგილიც იყო საჭირო. ვარიის მაწონი ოდნავ თბილი უნდა ყოფილიყო. ამ მიზნით ზოგჯერ ცოტა ცხელ წყალსაც დაამატებდნენ. სწორედ ტემპერატურული რეჟიმის გამო ოჯახის ძირითად სამყოფ – ბუხრიან ოთახში, ჭერში მოწყობილი იყო ვარიის ჩამოსაკიდი ხის ძელი. იქეთ აქეთ სწორედ ასეთ ძელზე ჩამოკიდებულ ვარიას აქანავებდნენ, მანამ სანამ მაწონი ზემოდან კარაქს არ მოიცვამდა, შემდგომ მას გობზე გადმოასხამდნენ და კარაქს მოხდიდნენ. დარჩენილ სითხეს – „დოს”, „ნარეკას” სასმელად იყენებდნენ.

ლიტერატურა

  • აჭარული დიალექტის... 1990:15;
  • ნიჟარაძე, 1971:195;
  • კახიძე, 1973:46, 76.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები