ვებერი ერნსტ ჰენრიჰ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვებერი ერნსტ ჰენრიჰ

ვებერი ერნსტ ჰენრიჰ - Weber Ernst Heinrich, Вебер Эрнст Генрих, 1795-1878

გერმანელი ანატომი და ფიზიოლოგი, კლასიკური ფსიქოფიზიკის და, ამდენად, ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ერთერთი შემქნელი. ლაიფციგის უნივერსიტეტის პროფესორი.

ვებერი უმთავრესად შეგრძნების ორგანოთა ფსიქოფიზიოლოგიის მიმართულებით მუშაობდა. კანის მგრძნობელობაში მან სამგვარი შეგრძნება განასხვავა: შეხება, ტემპერატურა და ლოკალიზაცია (გაღიზიანების ადგილმდებარეობა კანის ზედაპირზე). ამ უკანასკნელის შესასწავლად გამოიგონა ხელსაწყო, რომელსაც ესთეზიომეტრი ანუ ვებერის ფარგალი ეწოდა. ამ ხელსაწყოს გამოყენებით გაირკვა, რომ კანზე ერთდროულად მოქმედი ორი გამღიზიანებლის ლოკალიზაციის გასარკვევად ან ერთმანეთისაგან განსარჩევად, ისინი გარკვეული მანძილით უნდა დაშორდნენ ერთმანეთს. ექსპერიმენტებში ესთეზიომეტრით ერთდროულად ღიზიანდებოდა კანის სხვადასხვა წერტილი და ფიქსირდებოდა ის მინიმალური დაშორება, როცა ცდისპირი პირველად შეიგრძნობდა მათ შორის განსხვავებას. აღმოჩნდა, რომ ეს მანძილი კანის სხვადასხვა ადგილას განსხვავებულია (მაგ., თითზე 30-ჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ზურგზე). ვებერი ამას სხვადასხვა ადგილას ნერვული ბოჭკოების განსხვავებული სიხშირით ხსნიდა. მისმა თანამედროვეებმა სწორედ ამ მონაცემებზე გაამახვილეს ყურადღება, მაგრამ, არსებითად, ვებერის კვლევების ძირითადი მონაპოვარი იყო განსხვავების ზღურბლის ანუ დიფერენციალური ზღურბლის ცნება, რომელიც ფსიქოფიზიკისთვის საკვანძო გახდა. ამ ცდებში ხომ, არსებითად, შეხების შეგრძნების ორი შიდაარსის ერთმანეთისაგან განრჩევა ხდებოდა. განრჩევის მგრძნობელობის უნარიანობა, ანუ განსხვავების ზღურბლი, სხვა მოდალობებშიც შემოწმდა (კუნთურ-ჰაპტური შეგრძნება, მხედველობა და სხვა). ვებერმა განაზოგადა სხვადასხვა მოდალობაში ჩატარებული გაზომვები და დაასკვნა, რომ განსხვავების განსარჩევად საჭიროა, რომ საწყის და მომდევნო გამღიზიანებელთა ინტენსივობას შორის გარკვეული თანაფარდობა არსებობდეს; ამასთანავე, ერთი ორგანოს ფარგლებში ეს თანაფარდობა მუდმივი სიდიდეა. ვებერმა, არსებითად, ჩამოაყალიბა მოსაზრება შეგრძნების გაზომვის შესახებ, რომელიც შედგომში შეამოწმა, დააზუსტა და მათემატიკურად გამოხატა გ. ფეხნერმა.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები