ვერცხლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვერცხლის ზოდები და ვერცხლის ფული

ვერცხლი (ლათ. Argentum) – ქიმიური ელემენტი სიმბო-ლოთი Ag. თეთრი, ბზინვარე, რბილი, ჭედადი, ძვირფასი ლითონი უმაღლესი ელექტრო და თერმული გამტარობით.

სიმკვრივე – 10500 კგ/მ3;
დნობის ტემპერატურა – 962°C;
დუღილის ტემპერატურა – 2162°C.

ისევე, როგორც სხვა კეთილშობილი და ფერადი ლითონები, ვერცხლიც ბუნებაში ძირითადად გვხვდება თვითნაბადი სახით, აგრეთვე კომპლექსურ ვერცხლისშემცველ სასარგებლო წიაღისეულში. ქიმიურად ნაკლებად აქტიურია. ასურეთში და ბაბილონში ვერცხლი ითვლებოდა წმინდა ლითონად და მთვარის სიმბოლო იყო. სასაქონლო წარმოების პირობებში ოქროსთან ერთად ვერცხლი ასრულებდა საყოველთაო ეკვივალენტის ფუნქციას და ფულად იქცა, რასაც ხელი შეუწყო ვერცხლის თვისებებმა – ერთგვაროვნებამ, დამუშავების სიადვილემ და სხვ. თავდაპირველად ვერცხლი მიმოქცევაში იყო სხმულების სახით. ძვ. აღმოსავლეთის ქვეყნებში, აგრეთვე საბერძნეთსა და რომში, ვერცხლი, როგორც ოქრო და სპილენძი, ფართოდ გავრცელებული ფულადი ლითონი იყო. ადრეულ საუკუნეებში უპირატესად ოქროს მონეტებს ჭრიდნენ; XVI საუკუნიდან ოქროს უკმარისობისა და ევროპაში ვერცხლის მოპოვების გაფართოების გამო ვერცხლი ევროპის ქვეყნებში ძირითად ფულად ლითონად იქცა. ვერცხლს იყენებენ მონეტების, საიუველირო და საყოფაცხოვრებო ნაკეთობების, ჭურჭლის, სპეციალური აპარატურის ამონაგის, კატალიზატორების დასამზადებლად, აგრეთვე ფოტოგრაფიასა და სარკეებში, ელექტროტექნიკაში კონტაქტებისათვის, ვერცხლ-თუთიის აკუმულატორებში, სარჩილის შემადგენლობაში, ფარმაცევტულ მრეწველობაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში და სხვ. ცნობილია 50-ზე მეტი ვერცხლის მინერალი, რომელთაგან სამრეწველო მნიშვნელობისაა: აგვილარიტი, არგენტიტი, არგენტოიაროზიტი, ბრომარგერიტი, დისკრაზიტი, ელექტრუმი, თვითნაბადი ვერცხლი, კერარგირიტი, კრუსტელიტი, პირარგირიტი, პოლიბაზიტი, პრუსტიტი, სტეფანიტი, ფრეიბერგიტი და სხვ. ამჟამად (2017 წ.) მსოფლიო ვერცხლის მარაგი დაახლოებით შეადგენს 500 ათას ტონას. ამ ძვირფასი ლითონის მლობელი ძირითადი ქვეყნებია: პერუს რესპუბლიკა (23%), ჩილეს რესპუბლიკა, ავსტრალიის კავშირი, პოლონეთის რესპუბლიკა (14-14%), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (8%), მექსიკის შეერთებული შტატები (7%), აშშ (5%) და ა.შ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები