ვექსლერი დავიდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვექსლერი დავიდ

ვექსლერი დავიდ - Wechsler David, Векслер Дэвид, 1896-1981

რუმინული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და ფსიქოდიაგნოსტიკოსი. ცნობილია, როგორც ორიგინალური ინტელექტის ტესტების ავტორი. განათლება მიიღო კოლუმბიის უნივერსიტეტში, ლონდონის უნივერსიტეტში (ჩ. სპირმენთან და კ. პირსონთან) და პარიზის უნივერსიტეტში. მუშაობდა მთავარ ფსიქოლოგად ბელვიუს ფსიქიატრიულ კლინიკაში (ნიუ-იორკი) და კლინიკურ პროფესორად ნიუ-იორკის კოლეჯში. დაჯილდოებული იყო АРА-ს უმაღლესი ჯილდოებით მეცნიერებაში განსაკუთრებული წვლილისთვის (რომლებიც ყველაზე პრესტიჟულია ფსიქოლოგთა შორის).

ვექსლერმა შექმნა საყოველთაოდ ცნობილი სკალა-ტესტი, რომელსაც ვექსლერ-ბელვიუს ტესტი ეწოდება. მასში გაერთიანდა რამდენიმე მეთოდიკა, რომელთა ნაწილი მანამდეც გამოიყენებოდა, მაგრამ ვექსლერმა შეიტანა მნიშვნელოვანი გაუმჯონესებანი და დამატებანი: მკაცრი სტანდარტიზაცია, დროითი შეზღუდვების და ნორმატიული/საშუალო მაჩვენებლების განსაზღვრა. განსხვავებით სტენფორდ-ბინეს ტესტისაგან, ამ ტესტში დავალებები არაა დაჯგუფებული ასაკობრივ დონეთა მიხედვით, არამედ გაერთიანებულია სუბტესტებში და განლაგებულია სიძნელის მატებით. სპეციალურად ტესტის პრაქტიკული გამოყენებისთვის ვექსლერმა განსაზღვრა ინტელექტი, როგორც გონიერი მოქმედების, რაციონალური აზროვნებისა და სასიცოცხლო ვითარებებთან წარმატებული გამკლავების ერთიანი უნარიანობა. ვექსლერის ტესტების ნაკლად მიჩნეულია არასაკმარისი ვალიდურობა, რადგან ტესტები ფაქტობრივ ცოდნასაც მოიცავს და ამიტომ საეჭვოა, რომ მათი საშუალებით სწორედ ინტელექტი ფასდებოდეს.

ვექსლერმა შექმნა სპეციალური ტესტები ბავშვებისთვის და ტესტების ბატარეა მეხსიერების შესამოწმებლად. იგი იყენებდა ტესტებს დიაგნოსტიკური მიზნებით ფსიქიატრიულ კლინიკაში, ატარებდა კვლევებს ინტელექტისა და მეხსიერების ასაკობრივ ცვლილებათა გასარკვევად. ვექსლერის ტესტები სტანდარტიზირებულია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, და დღესაც ფართოდ გამოიყენება პროფესიონალების მიერ.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები