ვიგოტსკი ლევ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიგოტსკი ლევ

ვიგოტსკი ლევ სემიონის ძე - Vygotsky Lev Semyonovich, Выготский Лев Семёнович, 1896–1934

რუსი საბჭოთა ფსიქოლოგი, ფსიქიკური ფუნქციების კულტურულ-ისტორიული თეორიის ავტორი. მისი უშუალო კვლევითი ინტერესები მოიცავდა ზოგად, ბავშვის, პედაგოგიურ, ხელოვნების ფსიქოლოგიას, ფსიქოლოგიის მეთოდოლოგიას, ნეიროფსიქოლოგიას, დეფექტოლოგიას.

ბავშვობა გაატარა გომელში. მოსკოვის უნივერსიტეტებში სწავლობდა მედიცინას, სამართალმცოდნეობას, ისტორიას, ფილოლოგიას. მისი სადიპლომო ნაშრომი ეხებოდა შექსპირის „ჰამლეტის” ანალიზს. მუშაობდა მრავალ სასწავლო და სამეცნიერო დაწესებულებაში, რომელთაგან აღსანიშნავია მოსკოვის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი. აქ იგი შეხვდა თანამოაზრეებს, რომლებთან ნაყოფიერად თანამშრომლობდა (ა. ლურია, ა. ლეონტიევი, ლ. ბოჟოვიჩი, ა. ზაპოროჟეცი, დ. ელკონინი, რ. ლევინა, ნ. მოროზოვა, ლ. სლავინა). მაგ., ა. ლურიასთან ერთად ვიგოტსკიმ საფუძველი ჩაუყარა ნეოროფსიქოლოგიურ მოძღვრებას უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარება-დაშლის შესახებ (ა. ლურია). იმავე ა. ლურიას გავლენით ვიგოტსკი დაინტერესდა დეფექტოლოგიით. იგი ამტკიცებდა, ანომალური ბავშვის თავისებურებას ქმნის განსვლა მისი განვითარების ბიოლოგიურ და სოციალურ ხაზებში. მოგვიანებით ვიგოტსკიმ დააფუძნა დეფექტოლოგიის ინსტიტუტი, რომელიც დღესაც არსებობს. 1920 წლიდან ვიგოტსკი ჭლექით დაავადდა, რომელმაც სიცოცხლე მოუსწრაფა. იგი გარდაიცვალა 38 წლის ასაკში, შემოქმედებითი აღმავლობის ხანაში.

ვიგოტსკის გარდაცვალებიდან ორი წლის მერე გამოიცა ავადსახსენებელი პარტიული დადგენილება, რომელმაც საბჭოთა კავშირში გაანადგურა ფსიქოლოგიური კვლევის რამდენიმე მიმართულება, მათ შორის პედოლოგია, რომლის ერთერთი ლიდერიც ვიგოტსკი იყო. მას მერე კი უკვე გარდაცვლილი ვიგოტსკი უმკაცრესი იდეოლოგიური კრიტიკის სამიზნე გახდა. მისი დაბეჭდილი წიგნების უმეტესობა ხმარებიდან ამოიღეს, ხოლო ბევრი ნაწარმოები გამოუქვეყნებელი დარჩა და მხოლოდ რამდენიმე ათეული წლის მერე მიაღწია მკითხველამდე. მათ შორისაა ისეთი მნიშვნელოვანი თხზულებები, როგორიცაა „სწავლება ემოციების შესახებ”, რომელშიც მოცემულია „აფექტის და ინტელექტის ერთიანობის” იდეაზე დამყარებული შეხედულების მონახაზი; აგრეთვე „ხელოვნების ფსიქოლოგია”. ფსიქოლოგიაში ვიგოტსკი დიდწილად ხელოვნების საიდუმლოთა ამოხსნის ინტერესმა მიიყვანა. მას სურდა გაეგო იმ შინაგანი რეაქციის ბუნება, რომელსაც იწვევს ხელოვნების ნაწარმოები. ეს რეაქცია პირველ რიგში ემოციურია, მაგრამ დიდი ნაწარმოები მხოლოდ ესთეტიკურ ტკბობას არ გვანიჭებს, არამედ გვამაღლებს ამ გრძნობებზე, აზოგადებს მათ. მაგ., დარდის შესახებ ლექსის აზრი ის კი არ არის, რომ გადმოსცეს ავტორის ნაღველი და ჩვენშიც ეს გრძნობა აღძრას, არამედ ის რომ დარდის ემოცია უფრო ამაღლებული, ცხოვრებისეული სიმართლით აღსავსე დაგვანახოს. ამას ვიგოტსკი „გრძნობათა მეტამორფოზს” უწოდებს და მასშივე ხედავს ხელოვნების „კათარზისულ” ფუნქციასაც.

მხოლოდ 1980-იან წლებში გამოქვეყნდა ვიგოტსკის 1927 წელს დაწერილი ტრაქტატი „ფსიქოლოგიური კრიზისის ისტორიული არსი”. ფსიქოლოგიის კრიზისის უმწვავესი პრობლემის მასში შესრულებული ანალიზი დღევანდელ მეთოდოლოგიაშიც ერთერთ საუკეთესო ნაშრომადაა მიჩნეული. ხოლო კრიზისიდან გამოსავალს ვიგოტსკი იმაში ხედავდა, რომ უნდა შეიქმნეს ახალი, სპირიტუალისტური გავლენებისგან განწმენდილი, ბუნებისმეტყველურად ორინტირებული ფსიქოლოგია, რომელიც მარქსისტულ, მატერიალისტურ პოზიციებზე იქნება დაფუძნებული. ამ შემთხვევაში ხაზი გაესმის ადამიანური ფსიქიკის პრინციპულად სოციალურ ბუნებას, მის გაშუალებულობას კულტურით, კერძოდ ნიშანთა სისტემით, რომელშიც გადამწყვეტ როლს ენა თამაშობს {ენა და აზროვნება}. ამაში მდგომარეობს ვიგოტსკის ფსიქიკური ფუნქციების კულტურულ-ისტორიული თეორიის დედააზრი. ე.წ. „ნატურალური” პროცესებისაგან განსხვავებით, რომელთა განვითარება ბუნებრივი მომწიფების გზით მიმდინარეობს, მაღალი ადამიანური ფსიქიკური ფუნქციები თავდაპირველად გარეგან, სოციალურ ურთიერთობებში ისახება, ხოლო შემდეგ გაშინაგდება {ინტერიორიზაცია}, იძენს ნებელობით და ცნობიერ ხასიათს. აქედან გამომდინარე, ბავშვის ასაკობრივი განვითარების ეტაპები, „განვითარების სოციალური სიტუაციის” ცვალებადობითაა პირობადებული (შდრ. ასაკობრივი გარემო). თავის მხრივ, სასკოლო სწავლების პროცესი, თავისი შინაარსით და სირთულით, მცირედ წინ უნდა უსწრებდეს განვითარების მიღწეულ დონეს და „განვითარების უახლოეს ზონაზე” უნდა იყოს ორიენტირებული.

ლ. ვიგოტსკის თეორიის მნიშვნელოვანი ნაწილია უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების განვითარების კანონები.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები