ვინავერი მიშელ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიშელ ვინავერი

ვინავერი მიშელ - (ფრ. Vinaver Michel) ნამდვილი სახელი და გვარია მიშელ გრინბერგი - Michel Grinberg. ფრანგი პროზაიკოსი, დრამატურგი და საბავშვო წიგნების ავტორი.

ბიოგრაფია

მიშელ ვინავერი თანამედროვე ფრანგული დრამატურგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და თვითმყოფადი წარმომადგენელია. იგი დაიბადა პარიზში 1927 წელს რუსეთიდან გამოსული ემიგრანტების ოჯახში. წინაპრები რუსი ჰყავდა (ვინავერი დედამისის ქალწულობის გვარია), მისი ბაბუა - მაქსიმ მოისეევიჩ ვინავერი, ცნობილი პეტერბურგელი ადვოკატი, კადეტთა პარტიის ც. კ.-ს წევრი იყო.

ვინავერმა ჰუმანიტარული განათლება ამერიკაში, კონეკტიკუტში მიიღო. იქვე ბრწყინვალედ აითვისა ინგლისური ენა. პირველი თხზულება დაწერა 1947 წელს („მე ვიპოვე ჩემი გზა“, გამოქვეყნებულია 1953 წელს). იმავე დროს ვინავერი თარგმნის თ. ელიოტის „უნაყოფო მიწას“. 1950 წელს გამოსცემს რომანს „ლატომა“, ერთი წლის შემდეგ კი გამოდის ვინავერის მეორე რომანი „უარმყოფელი“, რომელშიც ფენელონის პრემიას იღებს. როგორც თეატრმცოდნე, ასწავლის პარიზის უნივერსიტეტთან არსებულ თეატრალურ უნივერსიტეტში. 1953 წელს ვინავერი მუშაობას იწყებს კომპანია ჟილეტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში, სადაც მას სტაბილურად აწინაურებდნენ 1980 წლამდე, მანამ სანამ არ იყო ლიკვიდირებული მისი თანამდებობა.

ვინავერის პიესებს დგამდნენ საფრანგეთის წამყვანი რეჟისორები: როჟე პლანშონი, ანტუან ვიტეზი, ჟან-მარი სერო, ჟაკ ლასალი. საფრანგეთს გარდა მისი პიესები იდგმებოდა ევროპის მრავალ ქვეყანაში. მისი ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პიესაა „კორეელები“ („Les Coreens“, 1956), რომელმაც ლუნიე-პოს პრემია მოუტანა და რომელიც შემდგომ წელს როჟე პლანშონმა დადგა. სპექტაკლმა დიდი და თბილი გამოხმაურება მიიღო პრესაში. განსაკუთრებით აღსანიშნავია როლან ბარტის აღფრთოვანებული რეცენზია. ავითარებს რა ბერტოლდ ბრეხტის ტრადიციებს, ვინავერი ცდილობს გვიჩვენოს ადამიანის ცხოვრება ისტორიული პროცესის დინამიკაში. იგი ირჩევს ქვეყნის ცხოვრების დრამატულ მომენტებს (ომი კორეაში).

„მოსამსახურენი“ (1958) ალჟირის ომს ეძღვნება, მაგრამ თავისი სტრუქტურით ეყრდნობა მითს ოიდიპოსზე, რომელშიც პოლიტიკური რეალიები შერწყმულია მითოლოგიური ცნობიერების არქეტიპებთან (პიესა პირველად მხოლოდ 1980 წელს დაიდგა). იმავე წელს ვინავერი ჟან ვილარის თხოვნით ქმნის „ოტელ იფიგენიას“ („Iphigenie Hotel“), თომას დეკერის ელიზაბეთური დრამის ადაპტაციას, თუმც ამ პიესის დადგმა 1959 წელს შაიოს თეატრში ჩავარდნით დასრულდა). ვინავერი საკუთარ ნაწარმოებთა გმირებს ხაზგასმით ყოფითად, პროზაულად გამოხატავს. მის ნაწარმოებებში არცთუ ისე იშვიათად მკაცრი რეალიზმი შეუმჩნევლად გადაიზრდება სატირულ გროტესკში.

თანამედროვეობის ყველაზე მტკივნეულ და მნიშვნელოვან პრობლემებთან დაკავშირება დამახასიათებელია ასევე ვინავერის კამერული ფსიქოლოგიური პიესებისთვისაც („სხვაგვარად მოაზროვნე თავის თავთან“, „ნინა“, „სულ სხვაა“, 1978 წლის საუკეთესო სპექტაკლის პრემია), რომელშიც მოგვითხრობს ახალგაზრდა ადამიანებზე, რომელნიც თავიანთ ადგილს ეძებენ ცხოვრებაში და არ მალავენ თავიანთ პროტესტს ობივატელური საზოგადოების მიმართ, ანდა ეპიკური პიესა, გათვლილი ასობით პერსონაჟისა და მრავალსაათიანი წარმოდგენებისთვის („გარეთ დარჩენა“, 1973).

1970-იან წლებში ვინავერის შემოქმედება უახლოვდება ყოველდღიურ თეატრს - ამ წლების წამყვან მიმართულებას ფრანგულ თეატრში. ისწრაფის რა უშუალოდ, შეულამაზებლად აღადგინოს სინამდვილე, იგი ხშირად უარს ამბობს ტრადიციულ ინტრიგაზე, თავად დრამატული სიტუაციის გამძაფრებაზე. უარყოფს სასვენ ნიშნებს, რადგან არ სურს მართოს თავისი გმირის მეტყველების ნაკადი, როცა მეტყველება ემსგავსება ლექსს. ვინავერი ყოველდღიურ ყოფას მუსიკალური ნაწარმოების პრინციპით აგებს: პიესაში იყენებს მრავალხმიანობას, თითოეულ პერსონაჟს თავისი გამჭოლი მოქმედება გააჩნია, როდესაც მოვლენები სპირალისებურად ვითარდება, მეორდება და ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მიუხედავად ამისა, ფინალი შეიძლება „ღია“ დარჩეს. პიესები „გარეთ დარჩენა“, „სამუშაოს ძიებაში“ („La Demande d’Emploi“, 1972), „დღენი“ (1979) და „ორივე ბეჭით“ (1980) მრავალმხრივ ავტობიოგრაფიულია - მათში ვინავერმა თავისი მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აღბეჭდა საერთაშორისო კომპანიაში, რომელიც ფართო მოხმარების საქონელს აწარმოებდა, ხოლო იქიდან გამოგდების შემდეგ სამსახურის ძიების ცდები აჩვენა. მკაცრი კონკურენციის პირობებში ფრანგული კომპანიების ამერიკული ფირმების მიერ შთანთქმა და ამის შედეგად გამოწვეული მასიური დათხოვნები სამსახურიდან ასევე აისახა მის შემოქმედებაში. უმუშევრობამ დრამატურგს შეაძლებინა ეჩვენებინა ადამიანთა ტრაგედიები, რომლებიც უცბად ყველასთვის გამოუსადეგარნი აღმოჩნდნენ. ვინავერი აჩვენებს, თუ როგორ იქვემდებარებს საზოგადოებას სარეკლამო ინდუსტრია და მასობრივი კულტურა. იგი ადამიანებში ზრდის სიმკაცრეს, აგრესიულობასა და ბრმა რწმენას მის მიერ შექმნილ მითებში...

ფაქტოგრაფიული, ხშირად კი ხაზგასმულად ნატურალისტური პიესები აღიქმება, როგორც იგავები: გიგანტური ფირმები წარმოგვიდგება, როგორც საზოგადოების მიკრომოდელები, რის გამოც სამყარო ფანტასმაგორიული ხდება. ასეთია „რაციონი“ (1983), - ამბავი სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელებზე, რომელნიც ლათინური ამერიკის მთებში ავიოკატასტროფაში მოხვდნენ. ვინც შემთხვევით გადარჩა, გარდუვალი სიკვდილი ელოდება შიმშილისა და სიცივისგან. ამ კრიტიკულ სიტუაციაში ერთნი, თითქოსდა არაფერი მომხდარიყოს, საწარმოო პრობლემებზე დავობენ, მეორენი კი სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან უკანასკნელი ძალების მოკრეფით, ემსგავსებიან რა კანიბალებს. სიკვდილი აყალიბებს ადამიანთა ნამდვილ ღირებულებებსა და მათ მორალს. ცნობილმა კრიტიკოსმა მიშელ კურნომ სპექტაკლის შესახებ რეცენზიაში განაცხადა, რომ ისეთი პიესები, როგორიცაა „რაციონი“, უარყოფს დამკვიდრებულ თეზისს ფრანგული დრამატურგიის კრიზისის შესახებ. ბოლო პიესებში - „მეზობლები“ („Les Voisins“, 1986), „ერთი ქალის პორტრეტი“ (1986) ვინავერი დეტექტიურ სიტუაციებს იყენებს, რათა ექსტრემალურ პირობებში მყოფ ადამიანთა ფსიქოლოგია ამოხსნას. დრამის ცენტრში მოქცეულია ქცევის ქვეცნობიერი მოტივი, სხვისი ცხოვრების პრინციპული შეუცნობლობა და არა კერძო შემთხვევა - ერთეული დანაშაულის საიდუმლოება.

1967-1969 წლებში იგი მუშაობს დრამაზე „ზღვარს მიღმა“, საკმაოდ რთულ, როგორც სიუჟეტურ-თემატური სტრუქტურით, ასევე დადგმის ტექნიკური შესაძლებლობით (მასში 50-მდე პერსონაჟია და გათვალისწინებულია სასცენო დროის 8 საათზე). პიესა გამოქვეყნებულია 1972 წელს და მხოლოდ 1983 წელს დაიდგა (რეჟისორი შარლ ჟორი, რომანული სახალხო თეატრი). 1971 წელს ვინავერი წერს „თხოვნა შურისძიებაზე“ (დაიდგა 1972). შემდგომ ქმნის პიესებს „კამერული თეატრისათვის“ („დისიდენტი თავისთავად“ და „ნინა“, „ეს სულ სხვაა“, რომელიც დადგა ჟაკ ლასალმა 1978 წელს). ვინავერმა გადაამუშავა ნ. ერდმანის „თვითმკვლელი“ და მაქსიმ გორკის „მოაგარაკენი“. 1982 წელს დაიწყო პედაგოგიური მოღვაწეობა სორბონის უნივერსიტეტში (პარიზის III უნივერსიტეტი). პიესა „მეზობლები“ დაიწერა 1984 წელს, დიდი წარმატებით დადგა ალენ ფრანსონმა უვერის თეატრში. მისი ერთ-ერთი ბოლო პიესა „ტელეგადაცემა“ 1990 წელს დაიდგა კომედი ფრანსეზში ჟაკ ლასალის მიერ. 1989 წელს გამოვიდა ანნა იუბერფილდის მონოგრაფია ვინავერზე.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები