ნორაკიძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვლადიმერ ნორაკიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ ნორაკიძე

ნორაკიძე ვლადიმერ − Norakidze Vladimer, Норакидзе Владимир 1904-1993

ფსიქოლოგიის ქართული სკოლის პირველი თაობის წარმომადგენელი, დიმიტრი უზნაძის მოწაფე. პიროვნების ფსიქოლოგიის, დიფერენციალური ფსიქოლოგიისა და ტიპოლოგიის, ბავშვის ფსიქოლოგიის, დეფექტოლოგიის, პათოფსიქოლოგიის, ხელოვნების ფსიქოლოგიისა და სპორტის ფსიქოლოგიის სპეციალისტი. ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1952). საქართველოს სსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე, დ. უზნაძისა და ი. ჭავჭავაძის პრემიების ლაურეატი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი (1927). ხელმძღვანელობდა თბილისის პედაგოგიკის ინსტიტუტის დეფექტოლოგიის განყოფილებას (1932-1948) და დ. უზნაძის სახ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის პიროვნების ფსიქოლოგიის განყოფილებას (1974-1993).


ვ. ნორაკიძემ უდიდესი წვლილი შეიტანა განწყობის დიფერენციალური ფსიქოლოგიის განვითარების, კერძოდ პიროვნების ტიპოლოგიის და ქარაქტეროლოგიის საკითხვების დამუშავების საქმეში. სისტემატურად იკვლევდა ხასიათისა და ტემპერამენტის საკითხებს ფიქსირებული განწყობის მეთოდიკით და განწყობის თეორიის თვალთახედვით {ფიქსირებული განწყობის დინამიკის ტიპოლოგია}. ამ კვლევის შედეგები ასახულია სპეციალურ მონოგრაფიებში. ძირითადი დასკვნა ასეთია: ხასიათის სხვადასხვა ტიპებსა და განწყობის დინამიკის ტიპებს შორის არსებითი შესაბამისობაა. მაგ., დინამიკური ტიპი განსაზღვრავს ხასიათის მთლიან ჰარმონიულ ხასიათს, ხოლო სტატიკური და რიგიდული ტიპი − ხასიათის კონფლიქტურ ტიპს. მოგვიანებით, დისპოზიციური განწყობის ცნების დამუშავების კვალობაზე, პიროვნების ნიშნების/დისპოზიციების/თვისებების ცნებები ფიქსირებული განწყობის ცნების საფუძველზე იქნა მოაზრებული. შესაბამისად, ემპირიულმა კვლევამ პიროვნების ცალკეული სისტემებიდან პიროვნების მთლიან სტრუქტურაზე გადაინაცვლა.

ვ. ნორაკიძისა და მისი თანამშრომლების მიერ გამოვლენილ იქნა, რომ განწყობის ტიპსა და სხვა ფსიქოდიაგნოსტიკური მეთოდებით მიღებულ მონაცემებს შორის მყარი კორელაციური კავშირია. მაგ., სოციალური ადაპტაციის თვალსაზრისით დადებითი ნიშნები (მეგობრულობა, კოლექტიურობა, აფილაცია და სხვა), რომლებიც თემატიკური აპერცეფციის მეთოდით ვლინდება, აღმოაჩნდათ პლასტიკურ-დინამიკური ტიპის განწყობის მქონე ადამიანებს, ხოლო სოციალური ადაპტაციის მხრივ უარყოფითი ნიშნები (ეგოცენტრიზმი, აგრესიულობა, რიგიდულობა და სხვა) − სტატიკური ან ლაბილური განწყობის ტიპებს. ამდენად, ფიქსირებული განწყობის მეთოდმა სერიოზული ფსიქოდიაგნოსტიკური ტექნიკის სახე მიიღო, რომელიც პიროვნების ხასიათობრივ თავისებურებათა გამოვლენის საშუალებას იძლევა.

ფიქსირებული განწყობის მეთოდის მაღალი ფსიქოდიაგნოსტიკური პოტენციალი დადასტურდა ვ. ნორაკიძის კვლევებში პათოფსიქოლოგიის მიმართულებით (პრემორბიდული პიროვნება და ფსიქიკური დაავადებანი, კერძოდ − ისტერია და შიზოფრენია, ხასიათის ცვლილების დინამიკა ნორმალურ და პათოლოგიურ შემთხვევებში) {პათოფსიქოლოგია საქართველოში}; აგრეთვე დეფექტოლოგიის დარგში (ყრუ-მუნჯი, უსინათლო და გონებრივად ჩამორჩენილი ბავშვები) {სპეციალური ფსიქოლოგია საქართველოში}. შემდგომში ვ. ნორაკიძემ შეიმუშავა ე.წ. კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი, რომლითაც ნაყოფიერად შეისწავლიდა პიროვნების განწყობისეულ სტრუქტურას.

ძალიან წარმატებული იყო ვ. ნორაკიძის მუშაობა ხელოვნების ფსიქოლოგიაშიც. ეს კვლევა-ძიება რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა: ხასიათის ფსიქოლოგიისა და შემოქმედების მიმართების ზოგადი საკითხები („ხასიათის ფსიქოლოგია და მხატვრული ლიტერატურა” (1972); კონკრეტული ხელოვანების შესწავლა კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდით (ხელოვანთა ფსიქოლოგიური პორტრეტები); რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის” ყოველმხრივი და საფუძვლიანი ფსიქოლოგიური ანალიზი {ხელოვნების ფსიქოლოგია საქართველოში}. ვ. ნორაკიძემ შექმნა საინტერესო იდიოგრაფიული ნაშრომები გამოჩენილ ქართველ ხელოვანთა შესახებ (ლ. გუდიაშვილი, დ. გურამიშვილი, ნ. ბარათაშვილი და სხვანი).

ვ. ნორაკიძემ ჩაუყარა საფუძველი აგრეთვე სპორტის ფსიქოლოგიას საქართველოში. მის გამოკვლევებში სპორტის ფსიქოლოგიის ბევრი საკითხია. მასვე ეკუთვნის პირველი სახელმძღვანელოები ამ დარგში („სპორტის ზოგადი ფსიქოლოგია” (1989).

მთავარი ნაშრომები:

  • პიროვნების ხასიათის ცვლილების დინამიკა ნორმალურსა და პათოლოგიურ შემთხვევებში. თბილისი: „საქ. მეცნ. აკად. გამომცემლობა”, 1961;
  • ხასიათის ფსიქოლოგია და ხელოვნება, თბილისი: „ხელოვნება”, 1963;
  • Типы характера и фиксированная установка. Тбилиси: „Мецниереба”, 1966;
  • Темперамент личности и фиксированная установка. Тбилиси: „Мецниереба”, 1970;
  • ყრუ-მუნჯი ბავშვის სწავლა-აღზრდის ფსიქოლოგიური საფუძვლები // პედაგოგიური ფსიქოლოგია. რედ. შ. ჩხარტიშვილი. ნაწილი I. თბილისი: „განათლება”, 1975;
  • პიროვნების ხასიათის კვლევის მეთოდები. თბილისი: „მეცნიერება”, 1981;
  • Свойства личности и фиксированная установка // Вопросы психологии, 1983, 5;
  • პიროვნების განწყობის სტრუქტურის კვლევის კლინიკურ-ბიოგრაფიული მეთოდი (ა. გრიგოლავას თანაავტორობით). თბილისი: „მეცნიერება”, 1984.

წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები