ვუნდტი ვილჰელმ მაქსიმილიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვუნდტი ვილჰელმ მაქსიმილიან

ვუნდტი ვილჰელმ მაქსიმილიან - Wundt Wilhelm Maximilian, Вундт Вильгельм Макс, 1832-1920

გერმანელი ფსიქოლოგი, ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი. ერთერთი უდიდესი მეცნიერი ფსიქოლოგიის ისტორიაში. ფსიქოლოგიის, როგორც დამოუკიდებელი მეცნიერული დისციპლინის ჩამოყალიბება ყველაზე მეტად მის სახელთანაა დაკავშირებული.

ვუნდტი სწავლობდა გერმანიის სხვადასხვა უნივერსიტეტების სამედიცინო ფაკულტეტებზე. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ჰაიდელბერგში (1855) და აქვე მუშაობდა 20 წლის განმავლობაში. თავდაპირველიად მისი წიგნები და ლექციები წმინდა ფიზიოლოგიური შინაარსისა იყო, თუმცა მრავალ ფსიქოლოგიურ საკითხსაც შეიცავდა. 1860-იან წლებში მისი ინტერესი უკვე ფსიქოლოგიას დაუკავშირდა მჭიდროდ („ლექციები ადამიანისა და ცხოველის სულის შესახებ” (1863). 1873-74 წლებში გამოიცა ვუნდტის განთქმული „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგიის საფუძვლები”, რომელმაც ფსიქოლოგიის განვითარებაში ეპოქა შექმნა. მასში მოცემულია ვუნდტის ორიგინალური ფსიქოლოგიური სისტემა და ფსიქოლოგიური მეცნიერების აგების პირველი პროგრამა.

ამ პროგრამის რეალიზაცია ვუნდტმა ლაიფციგის უნივერსიტეტში გადასვლის მერე დაიწყო (1875). იქ 1879 წელს დააარსა ფსიქოლოგიური ლაბორატორია, რომელმაც მალე დამოუკიდებელი ინსტიტუტის ადმინისტრაციული სტატუსი მიიღო. ეს იყო ფსიქოლოგიის ისტორიაში პირველი ოფიციალურად ჩამოყალიბებული დაწესებულება, რომელშიც ინტენსიური ექსპერიმენტული კვლევა-ძიება მიმდინარეობდა. შედეგები ვუნდტის მიერ 1881 წელს დაარსებულ პირველ სამეცნიერო ფსიქოლოგიურ ჟურნალში ქვეყნდებოდა. პარალელურად 1880-იან წლებში ვუნდტმა გამოაქვეყნა სამი სქელტანიანი მონოგრაფია ფილოსოფიაში: „ლოგიკა”, „ეთიკა” და „ფილოსოფიის სისტემა”.

ვუნდტის პროგრამა ორი ტიპის ფსიქოლოგიის შექმნას გულისხმობდა: ექსპერიმენტულისა (ე.წ. „ფიზიოლოგიური ფსიქოლოგია”), რომელიც შეისწავლის დაბალ ფსიქიკურ პროცესებს და ხალხთა ფსიქოლოგიისა. ეს უკანასკნელი შეისწავლის მაღალ ფსიქიკურ პროცესებს, რომლებიც, ვუნდტის აზრით, ექსპერიმენტული მეთოდით კვლევას არ ექვემდებარება და უნდა შეისწავლებოდეს კაცობრიობის გონის ისტორიის ქმნილებათა ანალიზის გზით - ენის, მითოლოგიის, ხელოვნების, მორალის, ზნე-ჩვეულებათა, რელიგიებისა და სხვათა (ვ. დილთაის თეორიის მსგავსად). XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე ვუნდტმა მიიჩნია, რომ ძირითადად შეასრულა თავისი პროგრამის პირველი ნაწილი და შეუდგა ხალხთა ფსიქოლოგიის წერას. ეს გრანდიოზული თხზულება 20 წლის განმავლობაში იქმნებოდა და ათი მსხვილტანიანი ტომი მოიცვა.

ვუნდტი უპირველესად მაინც ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის ფუძემდებლადაა ცნობილი. მისი ლაბორატორიული კვლევა მეთოდიკის თვალსაზრისით ინტროსპექციული ექსპერიმენტი იყო. ვუნდტის თანახმად, ფსიქოლოგია არის მეცნიერება ცნობიერების, ე.წ. „უშუალო გამოცდილების” შესახებ. ცნობიერების შინაარსებზე პირდაპირი და უშუალო დაკვირვება მხოლოდ ინტროსპექციის გზითაა შესაძლებელი. იმისთვის, რათა ინტროსპექციის მონაცემები მეცნიერებამ გამოიყენოს, საჭიროა ინტროსპექციის მოქცევა მოწესრიგებული და კონტროლირებადი ექსპერიმენტული პროცედურის ფარგლებში. ამის შესაძლებ¬ლობა მოცემულია მხოლოდ იქ, სადაც არსებობს მყარი და ერთმნიშვნელოვანი კავშირი გამღიზიანებელსა და ფსიქიკურ პროცესს შორის, ანუ ელემენტარული ფსიქიკური და ფსიქოფიზიოლოგიური მოვლენების მოდალობაში (შეგრძნება-აღქმა, უნებლიე ყურადღება, მარტივი ასოციაციები, რეაქციები, გრძნობები). ამიტომაცაა შესაძლებელი მათი ხელოვნური გამოწვევა, გამეორება, გამოვლენის პირობების ვარირება, მოკლედ ის, რაც აუცილებელია ექსპერიმენტისთვის. ვუნდტის ფსიქოლოგიური კონცეფციებია: ცნობიერების შინაარსების ფსიქოლოგია; უშუალო გამოცდილების თეორია; გრძნობათა სამგანზომილებიანი თეორია; შემოქმედებითი სინთეზის პრინციპი. მისი გავლენითაა შემუშავებული ასოციაციათა ექსპერიმენტი.

XX საუკუნის ფსიქოლოგიის უმთავრეს მიმდინარეობათა აღმოცენებას მთავარი ბიძგი ვუნდტის თეორიული სისტემის რამდენიმე უმართებულო პოზიციის დაძლევის საჭიროება გახდა (მაგ., ვიურცბურგის სკოლამ დაამტკიცა, რომ ექსპერიმენტულ შესწავლას არამარტო დაბალი, არამედ აგრეთვე უმაღლესი ფსიქიკური პროცესებიც ექვემდებარება). მაგრამ ვუნდტის ძირითადი ისტორიული დამსახურება მაინც სხვაა. მისი ინსტიტუტის მუშაობა აღმოჩნდა ის საბოლოო იმპულსი, რომელმაც ფსიქოლოგიაში ფართო ექსპერიმენტულ კვლევა-ძიებას გაუხსნა გზა. ამასთან ერთად, ვუნდტმა უდიდესი სამეცნიერო-საგანმანათლებლო სკოლა შექმნა, რომელიც გაიარა მრავალმა ახალგაზრდა მეცნიერმა მთელი მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან {დ. უზნაძე}. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი აყალიბებდნენ კვლევით ცენტრებს, რომლებშიც ახალი მეცნიერების აქტიური განვითარება იწყებოდა.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები