ზამთრის თეთრი კალვილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის თეთრი კალვილი

ზამთრის თეთრი კალვილი(Calville blanche d’hiver, Calville de Paris, Calville blanche á côtes, Weisser Winter Calville)

ზამთრის თეთრი კალვილი საქართველოში ერთ-ერთი ძველიდანვე გავრცელებული ევროპული ვაშლის ჯიშია. ხეხილის ძველ ნარგავებში გვხვდება თითო–ოროლა ხე, ხეხილის ახალ ნარგავებში კი თეთრი ზამთრის კალვილი არ გვხვდება და არც სამრეწველო ასორტიმენტის სიაშია შეტანილი.

ზამთრის თეთრ კალვილს ძველად, ვაშლის მეფეს უწოდებდნენ, როგორც საუკეთესო ხარისხის ნაყოფის მომცემ ჯიშს.

ჩვენში მისი გაუვრცელებლობის მიზეზად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მეტად ნაზი და გარემოსადმი დიდი მოთხოვნილების მქონე ჯიშია, იგი კარგად გვარობს მხოლოდ ზომიერი ჰავის პირობებში, უფრო მაღალ ზონაში, 750–900 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ნიადაგის ოდნავ ჭარბი ტენიანობა და ჰაერის მაღალი შეფარდებითი ტენიანობა მეტად ცუდ გავლენას ახდენს ამ ჯიშის მოსავლის ხარისხზე და თვით მოსავლის რაოდენობაზე; მეტადრე ზიანდება ქეცით (Fusicladium) და ფესვის კიბოთი.

ნიადაგის კარგი ფიზიკური თვისებები, საკვები ნივთიერებებით მისი სიმდიდრე, მაღალი აგროტექნიკური ღონისძიებანი, სუსტი საძირე,მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებებისაგან კარგი დაცვა უზრუნველჰყოფს ამ ჯიშის მაღალხარისხოვან და ნორმალურ მოსავლიანობას. საზოგადოდ კი ეს ჯიში მცირემოსავლიანია.

ჩვენში შედარებით კარგ პროდუქტს თეთრი კალვილი დუშეთის მთაგორიან რაიონებში იძლევა.

ნაყოფი ხუთწახნაგოვანია, იშვიათი სილამაზის, საშუალო ზომის ან მსხვილი, მძიმე, მკვრივი. ნაყოფის ფორმა ძლიერ ცვალებადობს, ხან მაღალი შენებისაა, ხან კი ყუნწთან მობრტყოა. ჯამი ნახევრად დახურულია და ზის განიერ და ღრმა ბორცვიან ღრუში. ნაყოფის ყუნწი საშუალო ზომისაა, წვრილი და ზის განიერ ძაბრში.

ნაყოფის კანი ნაზია, მკვრივი, ცვილისებრი ფიფქით დაფარული; მთელი ნაყოფი მოფენილია თეთრი მსხვილი წინწკლებით, სრული სიმწიფისას ნაყოფის კანი მეტად ცხიმოვანი ხდება და მოყვითალო ფერს ღებულობს. ნაყოფი ხასიათდება ძვირფასი და მეტად სასიამოვნო სურნელებით.

ნაყოფის ხორცი წვრილმარცვლოვანია, მოთეთრო ფერის, საკმაოდ წვნიანი, ზომიერი მჟავიანობით, შეხამებული შაქრიანობით; ყველა ამის გამო მისი ნაყოფი მაღალი ხარისხისაა. თეთრი კალვილის ნაყოფი მოკრეფის შემდეგ საწყობში 6–7 თვე სძლებს თავისი ძვირფასი თვისებების დაუკარგავად.

თეთრი კალვილის გამოყენება მიზანშეწონილია ფორმიან მებაღეობაში და ბაღის მოყვარულთა ბაღების დამამშვებელად. საწარმოო–სამრეწველო მიზნით მისი გაშენება დიდი რაოდენობით მიზანშეუწონლად უნდა ჩაითვალოს მისი დიდი სინაზისა და მცირე მოსავლიანობის გამო.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები