ზამთრის ოქროს პარმენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზამთრის ოქროს პარმენი

Parmain d’uree d’hiver, Winter gold Parmain, Englisch Winter gold Parmain, goldreinette, King of the Pippins. ფართოდ ცნობილი სინონიმები: შაფრანი ან ზამთრის შაფრანი, Englisch Winter gold Parmain, goldreinette, King of the Pippins და Reine des reinettes და სხვა

სარჩევი

გავრცელება

ვაშლის ჯიში ზამთრის ოქროს პარმენი, ფართოდაა გავრცელებული ვაშლის საწარმოო სამრეწველო ჯიშად ითვლება საქართველოს მეხილეობის მთელ რიგ რაიონებში. იგი შემოტანილი უნდა იყოს თავიდანვე, როდესაც პირველად საქართველოში დაიწყო ევროპული ხილის ჯიშების გავრცელება. ევროპული ხეხილის ძველ ნარგავებში მისი კუთრი წონა თითქმის 10–15%–ს უდრის. ახალგაზრდა ხეხილის ნარგავებში კი მას 25–30% აქვს დათმობილი. იგი უმთავრესად ქართლის მეხილეობის რაიონებშია გავრცელებული, თითქმის ყველგან თანაბრად. განსაკუთრებით მაღალი ხარისხის ნაყოფს იძლევა ზემო ქართლის მეხილეობის მიკრო–რაიონებში. მისი ძვირფასი ხარისხის ნაყოფი გვხვდება მეხილეობის შუა ზონაში 550–700 მეტრის სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ცნობილია მერეთის, შინდისის, თამარაშენის (სამხრეთ-ოსეთი) და სხვა სოფლის საბჭოების შაფრანის კარგი პროდუქტი. ზამთრის ოქროს პარმენს საკმაოდ ფართოდ ვხვდებით აგრეთვე ახალციხის მეხილეობის რაიონებში. ახალციხეში ევროპული ხეხილის ჯიშებს სულ 10–15% უკავია ნარგავებში და ამ 10–15%–დან 1/4–1/5 შაფრანზე მოდის. კახეთში კი შაფრანის თითო-ოროლა ხეს თუ შევხვდებით.

ზამთრის ოქროს პარმენის ყვავილი

ზამთრის ოქროს პარმენი შემოდგომა–ზამთრის ჯიშად ითვლება. კახეთში იგი ტიპიური შემოდგომის ჯიშია, ქვემო ქართლში იგი ნამდვილ შემოდგომა-ზამთრის ჯიშად ჩაითველბა, ასევე ზემო ქართლში და ახალციხეშიც.

საქართველოს სხვა რაიონებში (დასავლეთ საქართველოს რაიონებში – აჭარა და აფხაზეთი) ზამთრის ოქროს პარმენი ცოტად თუ ბევრად არის გავრცელებული. მაგალითად, აჭარაში – ხულო-ქედის რაიონში – მას აქვს გავრცელება, მაგრამ აქ იგი მეტად წვრილს სოკოვანი დაავადებებით დაზიანებულს და გემოს მხრივ მეტად დაბალი ხარისხის ნაყოფს იძლევა. აფხაზეთში ოქროს პარმენი ძლიერ ადრე მწიფდება და ნაადრევ შემოდგომის ჯიშად არის გადაქცეული. ნაყოფის ხარისხი არც აფხაზეტში აქვს მაღალი, მაგრამ აქ იგი გაცილებით უკეთესია, ვიდრე დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში.

ზამთრის ოქროს პარმენის, როგორც სამრეწველო ჯიშის, საერთო ნაკლი ის არის, რომ მას უჩნდება გულის სიმწარე, რაც ნაყოფის მთელ ხორცში ვრცელდება და ნაყოფს მთლად ამწარებს. მეტად ზიანდება აგრეთვე ნაყოფჭამიასაგან, ქეცით კი თითქმის არ ზიანდება. უხვმსხმოიარობის დროს ნაყოფს მეტად იწვრილებს. მაღალხარისხოვან ნაყოფს იძლევა სუსტ საძირეებზე (სამოთხის ვაშლზე დამყნილი).

პირველად ზამთრის ოქროს პარმენი კულტურაში შეტანილი იქნა ინგლისში, მე–XVIII საუკუნის ბოლოს პომოლოგ დილის მიერ (1800 წ.). იგი გადმოტანილი იქნა ევროპის კონტინენტზე, სადაც ფართოდ გავრცელდა პირველად გერმანიაში და შემდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებსა და ჩვენშიაც.

ევროპის მაშინდელი პომოლოგები ზამთრის ოქროს პარმენს ყველა ერთხმად სთვლიდა საუკეთესო ხარისხის და ლამაზი ნაყოფის მომცემ ვაშლის ჯიშად, თუმცა ევროპის სამხრეთ ქვეყნებში ისეთ დიდ ღირსებას ამ ჯიშში ვერ ხედავდნენ, როგორც გერმანელები. შემდგომ ზამთრის ოქროს პარმენის პოპულარობა შემცირდა, როდესაც მეტოქეები აღმოუჩნდა ბოსკოპის სილამაზის (Belle de Boscoop) და კოკსის ფორთოხლისებრი რენატის (Cox’s Orange Reinette) სახით.

ნაყოფი

ნაყოფი საშუალო სიდიდის აქვს, მომრგვალო ან ზოგჯერ მოგრძო ფორმის, სიმეტრიულად განვითარებული და მეტად ლამაზი, თვალწარმტაცი.

ნაყოფი ხან ტყუპად ზის სანაყოფე ტოტზე, ხან თითო–თითოდ. ნაყოფს მაგარი ყუნწი აქვს და ქარისგან იშვიათად სცვივა, ისიც გვალვის გამო. ზამთრის ოქროს პარმენის ნაყოფს ახასიათებს: თანაბაყალიბიანობა, საშუალო ზომა და დიდი სასაქონლო გამოსავალი. ნაყოფი კარგად სძლებს საწყობში, არ ჭკნება, კანი არ ეჭმუჭნება, არ ქაშდება (გამონაკლის შემთხვევაში – ჭარბტენიან რაიონებში მიღებული ნაყოფი იჩითება და ფუყდება ხოლმე).

ნაყოფის ყუნწი სქელია და მოკლე და მოთავსებულია არაღრმა ძაბრში.

ჯამი მთლად ღია აქვს და მოთავსებულია განიერ, ოდნავ მონაოჭებულ ბორცვიან და საკმაოდ ღრმა ღრუში.

კანი თხელია, მკვრივია და გლუვი, პრიალა ზედაპირით, სიმწიფის დროს კი ცხიმოვანი ხდება და მცირე ცვილისებრი ფიფქი გადაეკვრის ხოლმე. ძირითადი შეფერვა ოქროსფერ–ყვითელია და სწორედ აქედან მიიღო მან თავისი სახელწოდებაც. მხოლოდ ძირითადი ფერი ღია მოწითალო–მოყვითალო ზოლებით აქვს დაფარული ნაყოფის ¾ ნაწილზე. ხან მთლიანად და ხან მხოლოდ 1/4–1/2–ზე. საერთო შეხედულება ნაყოფს მეტად ლამაზი მიმზიდველი აქვს.

ნაყოფის ხორცი მოთეთროა – სრული სიმწიფისას კი მოყვითალო ნამჯისფერს ღებულობს. იგი საკმაოდ მკვრივია და მარცვლოვანი აგებულობის, საკმაოდ წვნიანი, ოდნავ მომჟაო, სასიამოვნო სიტკბოთი და ნაზი მცირე სურნელებით. გემოს მიხედვით მაღალხარისხოვან ნაყოფს ეკუთვნის.

ხე

ხე ახალგაზრდობაში საკმაოდ ძლიერი იზრდება და იძლევა ძლიერ მაღალი შენების პირამიდულ ვარჯს, უხვად შეფოთვლილს. ხე ადრე იწყებს ნაყოფიერებას, მე–4 წლიდან უკვე პირველ ნაყოფს იძლევა. 12–15 წლის ხე კი ნორმალურ მოსავლიანობას აღწევს.

ბიოლოგიური თავისებურება

ზამთრის ოქროს პარმენის ბიოლოგიურ თავისებურებას შეადგენს: საშუალო პერიოდის და ხანგრძლივი ყვავილობა, პრაქტიკული თვითსტერილობა. მისი კარგი გამნაყოფიერებელია: ორლეანური რენეტი, შამპანური რენეტი, ლანდსბერგის რენეტი, ჰელფლორი, როზმარინი თეთრი.

ზამთრის ძლიერ დაბალი ტემპერატურის პირობებს ვერ იტანს, მძიმე ნიადაგს ვერ ეგუება, მსუბუქ და ღარიბ ნიადაგზე მცირე და დაბალი ხარისხის ნაყოფს იძლევა.

განსაკუთრებით უნდა მიექცეს ყურადღება იმას, რომ მაღალი აგროტექნიკის პირობებში იგი ხანგრძლივად ცოცხლობს და რეგულარულ მოსავალს იძლევა.

ზამთრის ოქროს პარმენი უსათუოდ ფართო სამრეწველო მნიშვნელოვან ჯიშად იქნა ცნობილი საქართველოს მეხილეობის ყველა ძირითადი რაიონისათვის.




წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები