ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1896 წლის 6 აპრილს ათენში, პანათინაიკოსის სტადიონზე 80 ათასი მაყურებლის წინაშე საბერძნეთის მეფე გეორგიოს პირველმა თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გახსნილად გამოაცხადა

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები - უდიდესი მულტიკომპლექსური სპორტული ასპარეზობა ზაფხულის ოლიმპიურ სახეობებში, ტარდება 1896 წლიდან 4 წელიწადში ერთხელ. ოლიმპიური ქარტიის განმარტებით, ოლიმპიადა არის შეჯიბრება სპორტსმენებსა და არა ქვეყნებს შორის. თამაშებში მონაწილეობენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების მიერ წარდგენილი, შესაბამისი კვალიფიკაციის სპორტსმენები. მასპინძელ ქალაქს ირჩევს და ამტკიცებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სპეციალური სესია. ოლიმპიადა გრძელდება არაუმეტეს 16 დღისა.

მკვლევარები ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს რამდენიმე პერიოდად ჰყოფენ. პირველ პერიოდს მიაკუთვნებენ 1896-1912 წლების თამაშებს, როცა ოლიმპიური მოძრაობა ფეხს იდგამდა და შედარებით ნაკლები მიმდევარი ჰყავდა. მეორე პერიოდი მოიცავს 1920-1948 წლებს, როცა თამაშების პოპულარობა მეტ-ნაკლებად გაიზარდა იმის მიუხედავად, რომ მეორე მსოფლიო ომის გამო ჩაიშალა 1940 და 1944 წლების ოლიმპიადები. მესამე პერიოდი იწყება 1952 წლიდან და ემთხვევა საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობაში საბჭოთა კავშირის ჩართვას, რამაც არსებითად შეცვალა მეოტოქეობა დიდ სპორტულ ქვეყნებს შორის. მეოთხე პერიოდი უკავშირდება უკვე საბჭოთა კავშირის, აგრეთვე იუგოსლავიის და ჩეხოსლოვაკიის დაშლას და ოლიმპიურ თამაშებზე ათეულობით ქვეყნის გამოჩენას დამოუკიდებელი სტატუსით.

ისტორია

ოლიმპიზმის აღორძინების იდეა წარმოიშვა XV საუკუნეში, მაგრამ რეალური პრაქტიკული ნაბიჯები მხოლოდ XIX საუკუნეში გადაიდგა. 1852 წელს ოლიმპიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა, გერმანელმა არქეოლოგმა ერნსტ კურციუსმა ბერლინის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია _ „ოლიმპია“, რომელსაც ფართო რეზონანსი მოჰყვა მთელ გერმანიაში და მის ფარგლებს გარეთ. საბერძნეთში დაიწყეს მსჯელობა ოლიმპიადის განახლების შესახებ. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა ცნობილი მრეწველი და საზოგადო მოღვაწე ევანგელოს ცაპასი. მან შეადგინა გეგმა, წერილით მიმართა საბერძნეთის ხელისუფლებას და საორგანიზაციო ხარჯებისთვის 600 ათასი დრაჰმა შესთავაზა. ასე ჩაეყარა საფუძველი ანტიკური ოლიმპიური თამაშების მაგალითზე 1859 წელს გამართულ პირველ პანბერძნულ თამაშებს. მოგვიანებით (1870, 1875, 1888 და 1889 წლებში) ჩატარდა კიდევ ოთხი ასეთი ტურნირი, რომლებშიც მხოლოდ ბერძენი ათლეტები მონაწილეობდნენ. სპორტული თვალსაზრისით, ეს შეჯიბრებები ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ თამაშებმა ხელი შეუწყო ოლიმპიური იდეების გავრცელებას. კუბერტენი აინთო ოლიმპიური თამაშების აღორძინების იდეით. 1880-იან წლებში იგი საფრანგეთის სპორტულ საზოგადოებათა კავშირის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თავად კუბერტენმა ჩამოაყალიბა „ფიზიკური ვარჯიშების პროპაგანდის კომიტეტი“, რომელშიც გაერთიანდნენ ლიტერატურისა და მეცნიერების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები და პოლიტიკოსები. ამ კომიტეტის თაოსნობით მოეწყო საჯარო ლექციების ციკლი ოლიმპიური იდეის ძირითად პრინციპებზე. მთავარი მომხსენებელი იყო პიერ დე კუბერტენი. მოგვიანებით მან საფრანგეთის მთავრობას წარუდგინა ოლიმპიური თამაშების აღდგენის გეგმა, იმოგზაურა ინგლისსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემოიკრიბა მომხრეები. ამერიკისა და ინგლისის ათლეტური კავშირების დახმარებით კუბერტენმა შექმნა საგანგებო კომიტეტი, რომელსაც დაევალა დამფუძნებელი კონგრესის მომზადება.

საერთაშორისო კონგრესი გაიმართა 1894 წლის 16 ივნისს პარიზში, სორბონის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. კონგრესის მუშაობაში 2000-მდე კაცი მონაწილეობდა, მაგრამ მოთავეთა ჯგუფი შედარებით მცირერიცხოვანი იყო: მასში შედიოდა საორგანიზაციო კომიტეტის 10 წევრი და 37 სპორტული ფედერაციის მიერ წარგზავნილი 78 დელეგატი, რომელთაგან საფრანგეთს წარმოადგენდა 58, აშშ-ს, რუსეთს, დიდ ბრიტანეთს, საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, ბელგიასა და შვედეთს — 20 დელეგატი. იმავე წლის 23 ივნისს შეიქმნა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი, რომლის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ბერძენი დემეტრიოს ვიკელასი, გენერალურ მდივნად — პიერ დე კუბერტენი. სოკ-ის პირველივე სხდომაზე გადაწყდა, რომ თანამედროვეობის პირველი ოლიმპიური თამაშები გამართულიყო 1896 წელს ათენში, მომდევნო თამაშები კი - ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ. 1896-2016 წლებში გაიმართა 28 ოლიმპიადა. პირველი და მეორე მსოფლიო ომების გამო ჩაიშალა რიგით VI, XII და XIII თამაშები (1916, 1940, 1944 წლები).

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები