ფალიაშვილი ზაქარია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზაქარია ფალიაშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაქარია ფალიაშვილი

ფალიაშვილი ზაქარია პეტრეს ძე - (03.VIII.1871, ქუთაისი - 06.X.1933, თბილისი) - ქართული ეროვნული კლასიკური საკომპოზიტორო სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი, ორგანისტი, ვალტორნისტი, ქართული ხალხური სიმღერების შემკრები, დირიჟორი, პედაგოგი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა კათოლიკური ეკლესიის მნათეს მრავალშვილიან ოჯახში. 8 წლიდან გალობდა ქართული კათოლიკური ეკლესიის გუნდში. დაწყებითი განათლებაც ამავე ეკლესიასთან არსებულ ორწლიან სამრევლო სკოლაში მიიღო. 1879-1987 წლებში ცნობილი პიანისტი ფელიქს მიზანდარი ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა. 1889 წლიდან იწყებს ეკლესიის გუნდის ლოტბარობას და ორღანისტობას. 1887-1889 წლებში ძმასთან ერთად ლადო აღნიაშვილისა და იოსებ რატილის გუნდში მღეროდა. 1891 წლის აგვისტოში ჩაირიცხა თბილისის სამუსიკო სასწავლებლის ვალტორნის კლასის მოსწავლედ. 1895 წლიდან თეორიის განყოფილებაზე განაგრძო სწავლა, კომპოზიტორ ნ.ს. კლენოვსკის ხელმძღვანელობით. 1900 წლის აგვისტოში უმაღლესი მუსიკალური განათლების მისაღებად რუსეთში გაემგზავრა. 1900-1903 წლებში მოსკოვის კონსერვატორიაში, კონტრაპუნქტის კლასში, ცნობილ კომპოზიტორთან და თეორეტიკოსთან, სერგეი ტანეევთან, სწავლობდა. მისი ხელმძღვანელობით აითვისა ი. ს. ბახის და ბახამდელი სტილის ოსტატთა პოლიფონიური ტექნიკის პრინციპები. სწავლის პერიოდში დაწერა პრელუდიები, სონატები, კანონები და ფუგები. ქართული ხალხური სიმღერების ჩაწერისა და შეგროვების მიზნით 1901 წლის ივლისსა და აგვისტოში იმოგზაურა ქართლში, კახეთში, იმერეთსა და გურიაში. 1903 წელს მოსკოვის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა თბილისში. ვაჟთა და ქალთა სათავადაზნაურო გიმნაზიებში მიიწვიეს სიმღერისა და მუსიკის, ხოლო სამუსიკო სასწავლებელში (შემდგომში კონსერვატორია) მუსიკის თეორიის მასწავლებლად. 1905 წელს მონაწილეობდა „ქართული ფილარმონიული საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში და არჩეულ იქნა მისი გამგეობის წევრად. წლების განმავლობაში მოგზაურობდა საქართველოს კუთხეებში და იწერდა ხალხურ სიმღერებს ( 300-მდე ხალხური სიმღერა ჩაიწერა. გამოიცა მისი კრებულები „რვა ქართული სახალხო სიმღერა“, „საეკლესიო საგალობელი წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესისა“, „40 ქართული სახალხო სიმღერა“). 1910 წლის 31 ოქტომბერს ქართული „ფილარმონიული საზოგადოების“ გუნდმა მისი ლოტბარობით თბილისის ქაშვეთის ეკლესიაში შეასრულა „ლიტურგია“, იმავე წლის 9 დეკემბერს კი თბილისის სამუსიკო სასწავლებლის მოწაფეთა ორკესტრის „სიმფონიურ შეკრებაზე“ პირველად წარსდგა მსმენელის წინაშე სიმფონიური ორკესტრის დირიჟორის რანგში. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის სიმფონია დო მინორი, N 5. 1912 ხალხური თქმულებით „ეთერიანით“ შთაგონებულმა დაიწყო მუშაობა ოპერაზე „აბესალომ და ეთერი“. ოპერის ნაწყვეტები პირველად 1913 თბილისში შესრულდა, 1914-1915 წლებში კი ქუთაისში, ბათუმში, სოხუმში, ფოთსა და ბაქოში.

1917 წლის 1 აპრილს, თბილისის სამუსიკო სასწავლებლის კონსერვატორიად გადაკეთების შემდეგ, დაინიშნა კონსერვატორიის ინსპექტორად. კომპოზიტორის ყველაზე დიდი წარმატება საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის პერიოდს უკავშირდება. 1918 წლის 19 აგვისტოს დაასრულა „აბესალომ და ეთერზე“ მუშაობა, რომლის პრემიერა თბილისის ოპერის სცენაზე 1919 წლის 21 თებერვალს გაიმართა. ოთხი დღის შემდეგ გაიმართა მისი სამუსიკო მოღვაწეობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო საღამო (1919 განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია ქართული მუსიკის ისტორიაში. „აბესალომის“ პრემიერამდე ორი კვირით ადრე, 5 თებარვალს, გაიმართა დიმიტრი არაყიშვილის ოპერის „თქმულება შოთა რუსთაველზე“ პრემიერა, წლის ბოლოს, 11 დეკემბერს კი დაიდგა ვიქტორ დოლიძის კომიკური ოპერა „ქეთო და კოტე“). 1920 წლის ზაფხულში აბასთუმანში იწყებს მუშაობას თავის მეორე ოპერა „დაისზე”. ასრულებს მას. პარალელურად 1920-21 წლებში წერს რომანსებს.

1922 ინიშნება კონსერვატორიის დირექტორად. თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე „დაისის“ პრემიერა გაიმართა. „დაისიც“, ისევე როგორც „აბესალომ და ეთერი“, ქართული კლასიკური მუსიკის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად იქცა. 1925 წლის 12 აპრილს შემოქმედებითი მოღვაწეობის 30 წლისთავი გადაუხადეს და პირველს ქართველ კომპოზიტორთა შორის სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს. 1926 წ-ის ზაფხულში დაიწყო მუშაობა თავის მესამე ოპერაზე „ლატავრა“, 1927 დაწერა „საზეიმო კანტატა“. 1928 წლის 16 მარტს თბილისის სახელმწიფო ოპერის სცენაზე „ლატავრას“ პრემიერა შედგა. 1929 აირჩიეს თბილისის კონსერვატორიის რექტორად, 1932 კი, მისივე თხოვნით, გაათავისუფლეს აღნიშნული თანამდებობიდან. დაკრძალეს თბილისის ოპერის თეატრის ბაღში. 1937 მისი სახელი მიენიჭა თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრს; 1947 თბილისის „ნიჭიერთა ათ წლედს“; ქუთაისის №2 მუსიკალურ სკოლას; ბათუმის მუსიკალურ სასწავლებელს. არსებობს მისი სახელობის ქუჩები თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში და საქართველოს სხვა ქალაქებში. 1960 თბილისში მისი მემორიალური სახლ-მუზეუმი გაიხსნა, 1968 ქუთაისში. 1971 მუსიკოსებისათვის დაწესდა მისი სახელობის პრემია.


ზურაბ ლეჟავა

ნაწარმოებები

ოპერები:

  • „აბესალომ და ეთერი“ (1912-1919);
  • „დაისი“ (1920-1923);
  • „ლატავრა“(1926-1928),

სასულიერო ნაწარმოებები:

  • მესა (6 ნაწილად) გუნდისა და ორგანისათვის (1900).

საგუნდო ნაწარმოებები:

  • „მრავალჟამიერ“ სოლისტი ტენორისა, 6 ხმიანი გუნდისა და ორკესტრისათვის (1908);
  • „დღეს მერცხალი“(1908);
  • „იავნანა“;
  • „ცა ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტო“.

რომანსები:

  • „ახალ აღნაგო სულო“(1904);
  • „ნანა შვილო“(1904);
  • „რისთვის მიყვარხარ“;
  • „მიყვარდა“;
  • „სინანული“;
  • „ნუ თვალთმაქცობ“.

საბავშვო სიმღერები:

  • „შოშიას ხმის სიმღერა“;
  • „ზამთარი“.

დამუშავებები:

  • „8 ხალხური სიმღერა შერეული გუნდისათვის“ (1911);
  • „ქართული ლიტურგია“ - იოანე ოქროპირის წირვის საეკლესიო საგალობლები შერეული გუნდისათვის (22 საგალობელი ქართლ-კახური კილო) (1911).

კანტატა:

  • „საზეიმო კანტატა“ სიმფონიური ორკესტრის, ვოკალური კვარტეტისა და გუნდისათვის (ს. შანშიაშვილის ტექსტი) (1927).

საორკესტრო ნაწარმოებები:

  • „ქართული სიუიტა“ სიმფონიური ორკესტრისათვის (6 ნაწილად) (1928).

ლიტერატურა

  • ლ. დონაძე, ო. ჩიჯავაძე, გ. ჩხიკვაძე, ქართული მუსიკის ისტორია, წ. I, „განათლება“, თბ., 1990;
  • ზ. ფალიაშვილი - ბიოგრაფიული ცნობარი, კულტურის სამინისტროსა და ზ. ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის ერთობლივი გამოცემა, თბ., 1964;
  • ზ. ფალიაშვილი, „ავტობიოგრაფიული ცნობები“, თეატრი და მუსიკა, 1919, №1.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ზაქარია ფალიაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები