ზედაზნის კომპლექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზედაზნის მონასტრეი

ზედაზნის კომპლექსი - არქიტექტურულ ისტორიული ძეგლი მდებარეობს ხშირი ტყით დაფარულ ზედაზნის მთის კეხზე (ზღვის დონიდან 1390 მ), საგურამოს სამხრეთით 61 კილომეტრზე, კომპლექსში შედის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია, ციხე-გალავანი, კლდეში ნაკვეთი სენაკები.

სარჩევი

ისტორია

ზედაზნის მთას სახელწოდება მიუღია ოდესღაც აქ აღმართული კერპის – ზადენის სახელიდან ისტორიული ცნობებით ზედაზენზე ჯერ კიდევ II საუკუნის დასაწყისში (109 წ.) მდგარა ციხე-სიმაგრე (არ შემორჩენილა).

რელიეფური ორნამენტი

VI საუკუნის შუა წლებში სირიიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ქართველი საეკლ მოღვაწეთა ჯგუფის ე.წ. ასურელი მამების მეთაურმა იოანემ შეარჩია „მთაი... მახლობლად მცხეთის აღმოსავლეთით-რე და ცხოველსა ჯუარსა ჩრდილოით კერძო“, „აღვიდა მთასა მას მაღალსა, რომელსა ჰრქვან ზედაადენ“. აქ „პოვა მცირე ქუაბ" და შექმნა იგი წმიდად ეკლესიად, და დაემკვიდრნეს მუნ“. ამის შემდეგ ეწოდა იოანეს ზედაზნელი. აქედან იოანეს თავისი მოწაფენი დაუგზავნია სამოღვაწეოდ ქართლისა და კახეთის სხვადასხვა კუთხეში, ხოლო თვითონ ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული იოანე 573 წელს გარდაიცვალა მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა იოანეს გვამი ჯერ თათას მონასტერში დაკრძალეს (მიაჩნიათ, რომ იოანეს მოწაფის თათას მიერ უნდა იყოს აშენებული ქასური წმ. გიორგის სამნავიანი ბაზილიკა), მაგრამ მალე, წმინდანის ანდერძის თანახმად, „დიდითა პატივითა აღიქვანეს ადგილსავე თვისსადა მითვე ლუსკუმითა დაასუენეს ნაწილნი მისნი და შემდგომად მისსა აღაშენეს ეკლესიაი“. იოანე დასაფლავებული იყო მისთვის საგანგებოდ აშენებულ ეგვტერში. VIII ს-ის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდგომ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის I ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს – სადიაკვნე, მიხაელის მიერ – „აკლდამასა თანა“ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს „ეკლესია განადიდა“, სამოელმა „მარანი ქვითკირითა ქმნა“ და სხვ.

სამრეკლო

ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წელს დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს „წარუღო ციხე ზედაზენი" და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა.

1479 წლიდან ზედაზნის მონასტერში ზედგენიძე-გურამიშვილების საგვარეულო საძვალე იყო. 1705 წელს აქ სამონასტრო ცხოვრება დროებით შეწყდა. XVIII საიკუნეში აიგო სამრეკლო და ბერის საცხოვრებელი სენაკი. ამავე საუკუნეში ეკლესია განაახლა კათალიკოსმა დომენტიმ. XIX საუკუნის, ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირიძის წინამძღვრობის დროს, კვლავ განახლდა სამონასტრო ცხოვრება. ეკლესია გადახურეს „რკინის სახურავით“, დასავლეთის კედელში გაჭრეს შესასვლელი; მოაწყვეს გასასვლელი საკურთხევლიდან სამკვეთლოში და სხვ. 1889 წელს ეკლესია შეაკეთა გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ. 1915-22 წლებში მონასტერი გაპარტახდა. 1926-27 წლებში ეკლესიის X-XI სს. კანკელის ფრაგმენტები გ. ჩუბინაშვილის ხელმძღვანელობით ააწყო ა. ოლინკევიჩმა (ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში). 1938 წელს საქართველოს სსრ სახკომსაბჭოსთან არსებულმა ხელოვნების საქმეთა სამმართველოს კულტურის ძეგლთათა დაცვის განყოფილებამ ჩაატარა გასამაგრებელი სამუშაოები. 1970-71 წწ. სპეციალურმა სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ ჩაატარა აღდგენითი, საკონსერვაციო და კეთილმოწყობის სამუშაოები (ხელმძღვ. ნ. ჩუბინაშვილი): შეკეთდა ფასადები, შეიცვალა გადახურვა, ნაწილობრივ შეიცვალა იატაკის ფილები, გახსნეს იოანე ზედაზნელის საფლავი და დაადგეს ახალი ქვა; ინტერიერში შეკეთდა კედლები, გასწორდა საფეხურები; მოანგრიეს ეკლესიის გვიანდელი მინაშენები; ტერიტორია გაიწმინდა და კეთილმოეწყო; ნაწილობრივ შეკეთდა გალავანიც.

ნათლისმცემლის ეკლესია

ნათლისმცემლის ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით; გამოყენებულია აგური და შირიმიც. ეკლესია გეგმით თითქმის კვადრატულია (13,5X13,4 მ). შესასვლელი ორი აქვს, სამხრეთისა კარიბჭიანია, დასავლეთისა XIX საუკუნეშია გაჭრილი.

შუა ნავი ვიწრო და მაღალია, აქვს ნახევარწრიული ღრმა აფსიდი. საკურთხეველი ორი საფეხურითაა ამაღლებული. მის კედელს კულტის მსახურთა დასაჯდომი გასდევს. შუაში წინამძღვრისათვის საგანგებო დასაჯდომია გაკეთებული. შუა ნავში მარტივკაპიტელებიან ორსაფეხურიან პილასტრებზე დამყარებული ორი ნახევარწრიული საბჯენი თაღია. აღმოსავლეთითა და დასავლეთით თითო თაღოვანი სარკმელია, სამხრეთით – ორი. დასავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი აცდენილია ნავის გრძივ ღერძს. შუა ნავი სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნავებს თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება. გასასვლელებს ზემოთ, შუა ნავის კედლებზე ცრუ თაღებია.

ჩრდილორთის ნავი გრძელი და დაბალია. მისი აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს დარბაზულ ეკლესიას; რომელშიც იოანე ზედაზნელია დასაფლავებული. ეს ეკლესია ნაგებია ქვიშაქვითა და შირიმის თლილი კვადრებით. მისი აღმოსავლეთ აფსიდი სწორკუთხაა, გადახურულია ნალისებრი კონქით. ერთიან ქვაში გამოყვანილი კონუსური ტრომპები არ წარმოადგენენ კონქის ნახევარწრის უშუალო საყრდენებს, რადგან მათ ზემოთ კედელი ოდნავ დახრილია ნალისებრი კამარა ეყრდნობა პროფილირებულ კრონშტეინებზე დამყარებულ საბჯენ თაღს, ხოლო სატრიუმფო თაღი – აფსიდის კუთხეებთან ჩასმულ პროფილირებულ კაპიტელებს. ინტერიერში კედელს კამარის ქუსლის დონეზე პროფილირებული ლავგარდანი გასდევს. საკურთხეველი ოთხი საფეხურითაა ამაღლებული. კონქში, აღმოსავლეთით ერთი სწორკუთხა სარკმელია. მის ქვეშ, ოდნავ სამხრით სატრაპეზო ქვა დგას, ხოლო სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში თითო ნიშია. იოანე ზედაზნელის „პატიოსანი ლუსკუმა“ (გადაკეთებულია XVII ს.) ჩრდილოეთ კედელთან ერთი მესამედით საკურთხეველშია შეჭრილი. ჩრდილოეთის ნავის დასავლეთ მონაკვეთის ცენტრში წყლის აუზია. სამხრეთის ნავის აღმოსავლეთ ნაწილში სამკვეთლოდ და სადიაკვნედ გამოყენებული ოთახია, რომელსაც აღმ-ოსავლეთით ერთი სარკმელი აქვს.

მოხატულობა

ეკლესიაში შემორჩენილია მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხევლის მხატვრობა ორ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში კომპოზიცია თითქმის მთლიანად ჩამორეცხილია. ძნელად გაირჩევა იოანეს თავი, მაცხოვრის მდიდრულად მორთული ტახტის ნაწილი და ფეხსადგამი. კონქში გამოსახულია ვედრება. მეორე რეგისტრში ეკლესიის მამათა მოწითალო აგურისფერი აბრისებია. წმინდანები წარმოდგენილნი არიან ფრონტალურად, მთელი ტანით. ამგვარად გამოსახულ წმინდანთა ფიგურების ნაშთები შეიმჩნევა სარკმლის წირთხლებზეც. ეკლესიის დარბაზში სამხრეთით, აღმოსავლეთიდან პირველი ბურჯის ჩრდილო-დასავლეთ წიბოზე შემორჩენილია წითური ოქრას ფონზე შავი საღებავით შესრულებული მარტივი ორნამენტის (წრეების ჯაჭვი) ფრაგმენტი. მონუმენტური ხასიათით, მკაცრი ნახატით და ნათელი კოლორიტით (თბილი მოწითალო-აგურისფერი და ოქროსფერი ოქრა) საკურთხევლის მხატვრობა განვითარებული ფეოდალური ხანით თარიღდება. დანარჩენი ფრაგმენტები XVII საუკუნისაა.

ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ მონაკვეთში გამოსახულია ცხენზე მჯდომი წმ. გიორგი, რომელიც გველეშაპს კლავს. აფსიდის გვერდით მოჩანს წმინდანი წიგნით ხელში. წმინდანთა მთლიანი ან წელზედა ფიგურებით შევსებულია იმავე ნავის სამხრეთ კედელი, კანკელის ჩრდილო ნაწილი და ჩრდილო-აღმოსავლეთ პილასტრი. ფიგურის (კტიტორი?) აბრისები გაირჩევა მთავარი ნავის დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილშიც. მხატვრობაში გამოყენებული ორნამენტული მოტივები იმეორებენ გვიანდელი ფეოდალური ხანის მონუმენტურ მხატვრობაში და მინიატურებში მეტად გავრცელებულ დაჩითულ ქსოვილთა სახეებს.

ფასადი

ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთისა და დასავლეთის ფასადები სრულიად მოურთველია, აღოსავლეთისაზე სხვადასხვა სიმაღლეზე სამი სარკმელია: ჩრდილოეთ ნავის (იოანე ზედაზნელის ეკლესიის) სარკმელს ოდნავ პროფილირებული სათაური აქვს, ხოლო შუა ნავის სარკმელს განედლებული ჯვრის რელიეფიანი ქვა ამკობს. ფასადის კეხთან ჩასმულია ჯვრისრელიეფიანი ფილა.

კარიბჭე

ეკლესიას სამხრეთიდან თლილი ქვით მოპირკეთებული XVIII საუკუნის კვადრატული კარიბჭე ეკვრის. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარიბჭეს კონსოლებზე დაყრდნობილი ფართო თაღი აქვს. კარიბჭის ცილინდრული კამარა კონსოლებზე დამყარებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. დასავლეთ კედელში ორი ნიშია. აღმოსავლეთით კონსოლებზე დამყარებული თაღოვანი ღიობია, კარიბჭეზე აგურით ნაგები, ოთხმხრივ თაღოვანი სარკმლებით გახსნილი სამრეკლოს რვაწახნაგა ფანჩატური დგას. თაღები ნახევარწრიულია და სწორკუთხა ჩარჩოებშია ჩასმული. სამრეკლოს ხერხულად დაწყობილი აგურის ლავგარდანი აქვს.

ციხე-გალავანი

ციხე-გალავანი (28X X134,5 მ) ძირითადად XVII საუკუნით თარიღდება (ზოგიერთი ნაწილი განვითარებულ ფეოდალურ ხანას მიეკუთვნება). ნაგებია რიყის ქვით. გამოყენებულია თლილი კვადრები და აგურიც. ძლიერ დაზიანებულია. ციხე-გალავანი ეკლესიას სამი მხრივ ევლება (სამხრეთით მიუვალი ციცაბო კლდეა). ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს კოშკითა და ბურჯით შექმნილი ვიწრო შესასვლელია. იგი კამარით (შემორჩენილია კამარის ქუსლები) ყოფილა გადახურული (აგურით ნაგები შეისრულთაღიანი შესასვლელი და რკინის ჭიშკარი ახალია). შესასვლელის დასავლეთ წირთხლში ორი თლილი კვადრია ჩასმული. ზედა გადატეხილ კვადრზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა (დაზიანებულია) სტილისტური ნიშნებით XV საუკუნეს მიეკუთვნება. შესასვლელთან მდგარ საკმაოდ მაღალ კოშკს გეგმით უსწორო წრის ფორმა აქვს. მასიური პირველი სართული ბურჯის მსგავსია. კოშკში შესასვლელი (შემორჩენილია კარის ქვედა ნაწილი) მეორე სართულზეა, სამხრეთ-დასავლეთით.

გალავნის ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკი გეგმით უსწორო მართკუთხედია. მისი დასავლეთის მხარე მომრგვალებულია, ხოლო აღმოსავლეთისა – სწორი. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთით, ორ ბურჯს შორისაა (ბურჯებს წირთხლის არეში ვერტიკალური ღრმულები გასდევს). კარი და კოშკის იატაკი მიწის დონიდან შემაღლებულია.

გალავნის დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებთან ნაგებობები მდგარა (შემორჩენილია საძირკვლები). გარედან გალავანზე მიდგმულია ერთმანეთისაგან თითქმის თანაბრად დაშორებული ნახევარწრიული კონტრფორსები.

გალავნის აღმოსავლეთით ციტადელის ნანგრევებია. ციტადელში შესასვლელი დასავლეთდანაა. შიდა ეზო ეკლესიის ეზოსთან შედარებით საკმაოდ მაღლაა. მის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში ნაგებობათა კვალი ჩანს.

სენაკები

სენაკები გამოკვეთილია ციცაბო მთის ფერდში, ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, თარიღდება ფეოდალური ხანით. სენაკებთან მისვლა ვიწრო ბილიკებით შეიძლება. აღმოსავლეთ სენაკის (3,9X4,4 მ) სამხრეთ (საფასადო) კედლის ქვედა ნაწილი რიყის ქვით არის ნაგები, ზედა – აგურით (მთის ფერდის გამაგრების მიზნით ქვის წყობა გრძელდება კარის დასავლეთითაც). კარი და სარკმელი სამხრეთ კედელშია გაჭრილი. სენაკის ჭერი უსწორმასწოროა. აღმოსავლეთ ნაწილში აგურით ნაგები ბუხარია (XIX ს.), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში – კედლის მაგიდისმაგვარი შვერილი. სენაკის აღმოსავლეთით, მთის ფერდში ამოღებულია 2,5-3 მ სიღრმის ორმო (სურსათის შესანახი), რომლის კედლები ამოშენებულია აგურით. ორმოს დასავლეთით 10 მეტრზე მცირე ზომის დაბალჭერიანი სენაკია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან აქვს.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები