ზეთსახდელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზეთსახდელი

ზეთსახდელი - (საზეთე) - სელის ზეთის სახდელი საწარმო. ზეთის ხდის ეტაპების შესაბამისად ზეთსახდელში წარმოდგენილი იყო: ღუმელი, საზეთე წისქვილი, ანუ გელაზი, წნეხი.

აქვე იყო ზეთის ხდის პროცესთან დაკავშირებული ხელსაწყოები - საცრები, მარცვლისა და წყლის საწყაოები, წყლის ჭურჭელი, თოხები, ნიჩბები.

ზეთსახდელები ძირითადად ლოკალიზებული იყო საზეთე სელის გავრცელების ზონაში (სამცხე-ჯავახეთი, თრიალეთი). ზეთსახდელის კედელთან მიშენებულ ქვის ღუმელზე ხდებოდა სელის მარცვლის მოხალვა. მოხალული მარცვალი ზეთსახდელის წისქვილშივე იფქვებოდა. საზეთე წისქვილი ზეთსახდელის ცენტრში იყო გამართული. საზეთე წისქვილს შეადგენდა სამუშაო ნაწილი დოლაბი - გელაზის ქვა და ქვის კალო. წისქვილში გადამუშავებულ დაზელილ-დაგელაზებულ მასას დსაწნეხად წნეხში გადაიტანდნენ.

XIX ს. ზეთსახდელები კერძო საწარმოებს განეკუთვნებოდა. აქ გამოყენებული იყო დაქირავებული შრომა. ზეთს ხდიდნენ და ყიდდნენ კიდევაც. XVII-XVIII ს. გვიანფეოდალურ საქართველოში ზეთსახდელების მფლობელებად გვევლინებიან სამეფო კარი, ცალკეული ფეოდალები და ეკლესია-მონასტრები.

ისტორიული წყაროების მონაცემებითა და გელაზის ქვის ნაშთების მიხედვით ზეთსახდელები ფართოდ იყო გავრცელებული. იგი შედიოდა სამონასტრო მეურნეობის კომპლექსში (ათონის ივერთა მონასტერი, შიო მღვიმის მონასტერი, ქვენიფნევის ეკლესია, კიმოთეს უბანი, უბისის ეკლესია, კაბენის მონასტერი, დუშეთის ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ეკლესია და სხვა).

ჯავახეთის ახალქალაქის ციხის გარეთ ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ზეთსახდელის კომპლექსის ნაშთები X საუკუნითაა დათარიღებული.

ადრეული ხანის ანალოგიური ზეთსახდელის არსებობა ივარაუდება პალესტინაში, ბირ-ელ-ყუთის უდაბნოში. 430-იან წლებში პეტრე იბერის მიერ დაარსებულ წმ. თედორეს სახელობის ქართული მონასტრის სამეურნეო კომპლექსში.


ლიტერატურა

ლ. მოლოდინი ქართველი ხალხის მატერიალური კულტურის ისტორიიდან (ხალხური ზეთსახდელი იარაღები), 1963. გ. ჩიტაია, გელაზი, ძმ. №27, 1970.

წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები