ზელცი ოტო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოტო ზელცი

ზელცი ოტო - Selz Otto, Зельц Отто, 1881-1943

ებრაული წარმომავლობის გერმანელი ფსიქოლოგი, ვიურცბურგის სკოლის მიმდევარი. დაამთავრა მიუნჰენის უნივერსიტეტი. მუშაობდა ბონის უნივერსისტეტში ვიუცბურგის სკოლის ფუძემდებელთან, ო. კიულპესთან ერთად. 1923 წლიდან ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ინსტიტუტს მანჰეიმში. რედაქტორობდა ჟურნალებს „Archiv fur die gesamte Psychologie” და „Psychotechnische Zeitschrift” . 1933 წელს ებრაული წარმომავლობის გამო გაათავისუფლეს სამსახურუდან. 1939 წლიდან ემიგრაციაში იყო ჰოლანდიაში. 1943 წელს ამსტერდამში დააპატიმრეს და გადაიყვანეს აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც რამდენიმე თვეში მოკლეს.

ზელცის სახელს უკავშირდება მნიშვნელოვანი სიახლეები აზროვნების პროცესის ფსიქოლოგიური ბუნების გააზრებაში. ზელცი ახლოს მივიდა იმ როლის გამოვლენასთან, რომელსაც სააზროვნო განწყობა ასრულებს გონებრივი ამოცანების ამოხსნის პროცესში. ასეთ განწყობას იგი „მაანტიციპირებელ სქემას” უწოდებდა {ანტიციპაცია}. მასში წინასწარ, სანამ პროცესი დაიწყება, მოცემულია ამოცანის გადაწყვეტის მოდელი/სქემა. მთელი სააზროვნო პროცესი, საბოლოოდ, ამოცანის სტრუქტურითაა განსაზღვრული. თავად ამოცანა მოცემულია გარკვეული „პრობლემური კომპლექსის” სახით, რომელიც დაუსრულებლობის ელემენტს შეიცავს. ამოცანის გადაჭრა ამ დაუსრულებლობის აღმოფხრას გულისხმობს. მაანტიციპირებელი სქემა ორგანიზებას უკეთებს აზროვნების პროცესს ინტელექტუალური ოპერაციების გარკვეული სისტემის აქტუალიზაციის მეშვეობით. ზელცმა აღწერა ინტელექტუალური ოპერაციები (აბსტრაქცია, თვისებების რეპროდუქცია და სხვა), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია პრობლემური კომპლექსის დასრულება {გეშტალტის პრეგნანტობა}, ანუ გონებრივი ამოცანის გადაწყვეტა.

ფსიქოლოგიის ისტორიაში ზელცმა პირველმა დასვა ძირითადი ინტელექტუალური ოპერაციების პრობლემა და შეეცადა, დაწვრილებით შეესწავლა მათი შემადგენლობა. აზროვნების განხილვამ პრობლემური სიტუაციის მთლიანობითი სტრუქტურის აღდგენის კუთხით გავლენა მოახდინა აზროვნების შესწავლაზე გეშტალტფსიქოლოგიაში და შემოქმედებითი, პროდუქციული აზროვნების მექანიზმების კვლევებზე.


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები