ზოლებიანი აფთარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზოლებიანი აფთარი
ფოტო ი. ბადრიძე

ზოლებიანი აფთარი - ზოლებიანი აფთარი პირველი სახეობა იყო აფრთრისებრთა ოჯახიდან, რომელიც დიდმა შვედმა მეცნიერმა - კარლ ლინემ 1758 წელს აღწერა და, გარეგნული და ნიშან-თვისებების გამო, იგი ძაღლისებრთა ოჯახში (მგელი, მელა, ტურა) მოათავსა. შესაძლოა პარადოქსად მოგვეჩვენოს, მაგრამ ბოლოდროინდელმა გენეტიკურმა გამოკვლევებმა დაამტკიცა, რომ აფთრისებრთა მთელი ოჯახი კატებისებრთაგან „წამოვიდა“ და მათთან უფრო ახლო ნათესაურ კავშირშია ვიდრე ძაღლისებრებთან. თუმცა, სამართლიანობის გამო უნდა აღინიშნოს, რომ, თავის დროზე მეცნიერებიც არანაკლებ გაოცებულნი იყვნენ ამ ფაქტით. ხუმრობა ხომ არაა, ცხოველი „პირწავარდნილი“ ძაღლია და კატის ბიძაშვილი“ კი აღმოჩნდა. ბიოლოგია სავსეა ასეთი პარადოქსებით .

აფთრისებრთა ოჯახის წარმომადგენელთაგან საქართველოში გავრცელებულია მხოლოდ ზოლებიანი აფთარი, რომელიც საკამაოდ მასიური ცხოველია. მისი სხეულის სიგრძე 91-120 სანტიმეტრს აღწევს. ნიდაოს სიმაღლე 76-80 სანტიმეტრია, ამასთან მდედრებს და მამრებს შორის სიმაღლეში განსხვავება ნაკლებად შესამჩნევია. წონა 26-35 კილოგრამამდეა. ცხოველს ღია რუხ ან მოყვითალო-რუხ ფონზე ზოლები ვერტიკალურად ჩამოსდის ხერხემლის მხრიდან მუცლამდე, ხოლო კიდურებისათვის ჰორიზონტალური რკალური ზოლებია დამახასიათებელი.

ზოლებიანი აფთარი პოლიგრაფი ცხოველია, ანუ იგი პრაქტიკულად ყველაფერს ჭამს. მისი რაციონი შედგება როგორც ცხოველური (თუმცა ცოცხალ მსხვერპლს რაციონში ჭარბობს მძორი, ძირითადად ჩლიქოსნების ნარჩენები), ასევე მცენარეული საკვებისაგან.

ზოლებიანი აფთრის არეალი საკმაოდ ფართოა და მოიცავს აფრიკისა და აზიის მნიშვნელოვან ნაწილს. კავკასია კი ზოლებიანი აფთრის დღევანდელი არეალის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარს წარმოადგენს. გასული საუკუნის დასაწყისში საქართველოში ზოლებიანი აფთარი ფართოდ იყო გავრცელებული ის ივრის ზეგანზე, მტკვრისა და ალაზნის ველზე. დასავლეთით მისი არეალი საუკუნის დასაწყისში ვრცელდებოდა თბილისამდე, ჩრდილოეთით კი აღწევდა დიდ კავკასიონამდე.

თვალს თუ გადავავლებთ მისი მსოფლიო გავრცელების რუკას, დავინახავთ, რომ ზოლებიანი აფთარი ძირითადად მშრალი კლიმატის მოყვარული სახეობაა. მისი საარსებო გარემო ნათელ ტყეებს, მშრალ ხეობებს, მდინარის ჭალებსა და გორაკბორცვიან, ხეებით დასერილ ველებს მოიცავს. ერთიც უნდა ითქვას, ზოლებიანი აფთრის ნახვა ბუნებაში წარმოუდგენლად ძნელია, რადგან იგი უპირატესად ღამის ცხოველია და დღის განმავლობაში ძალიან იშვიათად ხვდება ადამიანს.

თვით აფრიკაშიც კი, სადაც ეს ცხოველები საკმარისი რაოდენობით არიან წარმოდგენილნი, ბუნებაში მათი ნახვა თითქმის წარმოუდგენელია. ამის გამო, აფრიკაში ბევრ ადგილას ზოლებიან აფთარს სახელიც კი არ აქვს ადგილობრივი მცხოვრებლების ენაზე. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ ზოლებიანი აფთარი (თავისი ხალებიანი თანამოძმის, ასევე მურა აფთრისა თუ მიწის მგლისაგან განსხვავებით) პრაქტიკულად შეუსწავლელი ცხოველია. ზოლებიანი აფთრის ქცევისა და ეკოლოგიის შესახებ დღემდე ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობს, ხოლო ის, რაც მოხსენებულია ლიტერატურაში მტკიცებულებად არ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან უმეტეს შემთხვევაში მეცნიერთა დაკვირვებებს შემთხვევითი ხასიათი ჰქონდათ.

ეს სახობა მსოფლიო მასშტაბით საფრთხის წინაშე მდგომად არ ითვლება, თუმცა ცალკეული ქვესახეობები და პოპულაციები (მაგალითად ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, ცენტრალური აზიის) შეიძლება შეფასდეს, როგორც იშვიათი ან გადაშენების პირას მყოფი.


წყარო

აფთარი, გიურზა და სხვები‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები