ზოროასტრიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზარათუშტრა

ზოროასტრიზმი - რელიგია, რომელიც ჩაისახა და აღმოცენდა სპარსეთში. ამის გამო მას ხშირად ფარსიზმსაც ეძახიან. მისი დამაარსებელია ზოროასტრი ანუ ზარათუშტრა. ამ სახელისგანაა წარმომდგარი ტერმინი - ზოროასტრიზმი.

ზარათუშტრა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ძვ.წ. VII-VI სს-ში. იგი იყო მაზდეანი ანუ ღვთაება აჰურამაზდას ერთგული მსახური. ასე რომ, ზოროასტრიზმი მაზდეანობის მემკვიდრეა.

მაზდეიზმი ერთ-ერთი უძველესი დუალისტური რელიგიაა. სახელწოდება დაკავშირებულია უზენაეს და კეთილ ღვთაებასთან - აჰურამაზდასთან. იგი გავრცელებული იყო სპარსელთა წინაპრებს - არიელებს შორის. მის დოგმატებსა და ღვთისმსახურების წესებს საბოლოო სახე ზარათუშტრამ (ბერძნული წარმოთქმით - „ზოროასტერ“) მისცა, რისთვისაც უკანასკნელს მოიხსენიებენ რეფორმატორად და წინასწარმეტყველად. მან დაწერა გათების ანუ საგალობლების კრებული, რომელიც შესულია აღნიშნული რელიგიის ფუძემდებელ წიგნში - ავესტაში (გათების კრებული ქართულად თარგმნა პროფ. გიორგი ახვლედიანმა. დაიბეჭდა 1979 წელს). „ავესტა“ დაწერილია ძველი ირანული ენის ერთ-ერთ დიალექტზე. მისი პირვანდელი სრული ტექსტი არ გადარჩენილა: როგორც ვარაუდობენ, ნაწილი განადგურდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ირანის დაპყრობის დროს, ნაწილი მოისპო ირანში ისლამის შემოჭრის შედეგად.

გარკვეულია, რომ ეს წიგნი იქმნებოდა და ივსებოდა ათასზე მეტი წლის განმავლობაში (ძვ.წ. IX - ახ.წ. III). მასში წარმოდგენილია ლოცვები (იასნები) და საგალობლები (გათები); ჩამოყალიბებულია ზოროასტრიზმის არსი.

უზენაესი ღვთაებაა აჰურამაზდა ანუ ორმუზდი. მას დასაბამიდანვე უპირისპირდება და ებრძვის არიმანი - ბოროტებისა და წყვდიადის მეუფე. ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას შორის განუწყვეტელია. ეს ჭიდილი კი, თავის მხრივ, მსოფლიოს განვითარებისა და ცივილიზაციის საფუძველს წარმოადგენს, რადგან სიკეთე უძლეველია. აჰურამაზდას გვერდით კეთილი ძალები დგანან. ესენია: მისი შვილი მითრა, რომელიც ციდან ქვეყნად ჩამოვიდა და კაცის სახე მიიღო. აგრეთვე კეთილი ანგელოზები, ე.წ. იაზატები. ხოლო არიმანთან ბოროტი სულები - დევები არიან, იგივე დემონები და ეშმაკები. აჰურამაზდას სიმბოლოა ცეცხლი. იგი ასახიერებს ღვთის სამართალს. ამიტომაც, ქადაგებდა ზარათუშტრა, ადამიანმა პატივი უნდა მიაგოს ცეცხლს, როგორც მართლმსაჯულების ამქვეყნიურ სახეს. ცეცხლი ადამიანს უნდა ახსენებდეს ზეციურ სამსჯავროს და იქ ჩაუქრობელ ალს, რომ იყოს ფხიზლად, - არ გადაიქცეს გეენიის ტყვედ. აქედან წარმოდგება ცეცხლთაყვანისმცემლობა.

მაზდეანურ ტაძრებში, საკურთხევლის წინ, ჩაუქრობლად ენთო კოცონი, რასაც მორწმუნენი სასოებით ემსახურებოდნენ. პიროვნების უზენაესი ვალია, გააკეთოს არჩევანი სიკეთის სასარგებლოდ, თითოეულმა ჩვენგანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს ბოროტების შემუსრვის საქმეში. ზარატუსტრა ამბობდა: ბოროტების დაძლევის საშუალებაა „კეთილი აზრი“, „კეთილი სიტყვა“, „კეთილი საქმე“. წუთისოფელში კაცობრიობას შემწედ და ხელისამპყრობელად ეგულვება მითრა (ზოროასტრიზმის განშტოებაა მითრაიზმი). იგი, აჰურამაზდას მეორე პირი, შუამავალია ღმერთსა და ადამიანს შორის და იცავს სამყაროს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დახმარებით. მითრა გუშაგივით დგას სინათლესა და სიბნელეს - აჰურამაზდასა და არიმანს შორის და თეთრცხენებიანი ეტლით დაქრის ზღვასა და ხმელეთზე დევ-ქაჯების შესამუსრავად. მისი პირდაპირი და ძირითადი მისიაა კანონისა და წესრიგის დაცვა; მოიხსენიება ეპითეტებით: „ათასყურიანი“, „ათასთვალიანი“, „უსამართლოთა დამსჯელი“, დოვლათისა და ნახირის, ძალაუფლებისა და ნაყოფიერების მბოძებელი. ნათქვამია, რომ „ზეციურ არსებათა შორის მითრა პირველი თანამგზავრია უკვდავისა და სწრაფმავალი მზისა და თავისი მოწყალე თვალით ზეციდან უმზერს არიელთა სადგომებს, ანაყოფიერებს მათ მიწას და საქონელსაც ვრცელ საძოვრებს აძლევს“. მითრა ძლიერი მხედარია და მხედართა მფარველიც: „მითრა ვერცხლის ჩაფხუტიანი მხედარია, ტანზე აცვია ოქროს აბჯარი, ჰკიდია გამგმირავი ხანჯალი, ხელში უჭირავს გრძელი მახვილი და თეთრ ცხენზე ზის“.

ზარათუშტრას მოძღვრების თანახმად, მითრას მეოხებით საბოლოოდ მაინც დაითრგუნება ბოროტება და ქვეყნის დასასრულის ჟამს ადამიანები თავ-თავიანთ სხეულთან ერთად მკვდრეთით აღდგებიან: დამყარდება ცათა სასუფეველი.

ზოროასტრიზმი საქართველოში

საისტორიო წყაროები ადასტურებს, რომ ზოროასტრიზმი ერთ დროს საქართველოშიც იყო გავრცელებული. ეს ბუნებრივია, თუ გავითვალისწინებთ, რომ აღნიშნული სისტემა საუკუნეთა მანძილზე სპარსეთის სამეფო დინასტიების - აქემენიდებისა და სასანიანების - ოფიციალური კონფესია იყო. ჩვენს ქვეყანას პოლიტიკურად, ეკონომიკურად და კულტურულად ძველთაგანვე მჭიდრო კავშირი ჰქონდა მეზობელ ქვეყნებთან. მათ შორის, აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან და ცხადია, ეგრისისა და იბერიის სამეფოებშიც შემოაღწევდა ორმუზდისა და მითრას კულტები, ე.ი. ცეცხლთაყვანისმცემლობა. ამას ადასტურებს ჩვენამდე მოღწეულ ლიტერატურულ ძეგლთა შორის უძველესნი - წმ. შუშანიკის, წმ. ევსტათისა და წმ. აბიბოს ნეკრესელის „წამებანი“. მეტადრე „შუშანიკის წამება“, სადაც ნათქვამია, რომ ქართლის ერთ-ერთმა გავლენიანმა პიტიახშმა - ვარსქენმა - აღიარა „არტოშანი (ე.ი. ცეცხლი) და შეერთო იგი უღმრთოთა“. „მოქცევაი ქართლისაი“ გვამცნობს, რომ წმიდა ნინომ მცხეთის მახლობლად, მთაზე, იხილა კერპები. მათ შორის უპირატესი - არმაზი, რომელსაც ემოსა მხედრის ატრიბუტები: „აჰა, დგა კაცი ერთი სპილენძისაი და ტანსა მისსა ეცვა ჯაჭვი ოქროსაი და თავსა მისსა ედგა ჩაფხუტი ოქროისაი. და სამხარნი ესხნეს... და ხელსა მისსა აქუნდა ხრმალი ლესული“. საფიქრებელია, რომ ეს იყო აჰურამაზდას ძის - მითრას - ქანდაკება. მართლაც, მითრა ყველა, დღემდე აღმოჩენილ, ბარელიეფზე წარმოდგენილია როგორც მხედარი. მას ასხია სამხარე, თავზე ახურავს ჩაფხუტისებური ქუდი და ხელში უჭირავს ალესილი ხანჯალი, რითაც ის ხარს ჰკლავს (ამის გამო მითრა ესპანელი ტორეადორების სათაყვანებელი ღვთაება იყო). მე-5 ს-ის სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორაენელიც ადასტურებს, რომ ქართველები თურმე, ადრე, აჰურამაზდას ანუ ორმუზდს დილაადრიან თავიანთი სახლების ბანიდან თაყვანს სცემდნენ. „ქართლის ცხოვრებაშიც“ ვკითხულობთ, რომ V ს-ის შუა წლებში არჩილ მეფემ დასვა ეპისკოპოსი, სახელით მობიდანი, რომელი იყო „მოგვი უსჯულო და შემშლელი წესთა... რომელი ფარულად წერდა წიგნებს ყოვლისა საცთურისაო“. ფიქრობენ, რომ მობიდანი შეფარვით მაზდეანობის პროპაგანდას ეწეოდა.

მითრაიზმის კვალი, ისტორიულ-ლიტერატურული ტექსტების გარდა, გამოვლენილია ძველ ქართულ ონომასტიკონშიც (საკუთარ სახელებში): მითრიდატე, მირდატ („მითრას ბოძებული“), მირიან („მითრასეული“) და სხვა. აგრეთვე - ეთნოგრაფიაში. დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოს, სვანეთსა და გურიაში - შემორჩიენილია წეს-ჩვეულება, რომელსაც მისრობა (მირსობა) ეწოდება. ესაა დიდმარხვის წინა დღეებში, ყველიერის ორშაბათამდე, ღორის დაკვლა, რომელსაც გარკვეული რიტუალი ახლავს. ამ დროს „მირსას“, როგორც სინათლის ღვთაებას, ხალხი თვალის ჩინსა და გამჭრიახობას შესთხოვს.

მკვლევრები „მისრას“ სპარსული „მითრას“ ქართულ ვარიანტად მიიჩნევენ (ს. მაკალათია, მითრას კულტი საქართველოში, საქართველოს მუზეუმის მოამბე, 1926, N3). გამოთქმულია ვარაუდი, რომ სპარსული რელიგიის გავლენა ქართველ მოსახლეობაზე IV ს-ის შემდეგაც გრძელდებოდა. მის აღმოსაფხვრელად დიდი შრომა გაწიეს სირიელმა მამებმა VI ს-ში.

ზოგიერთი ქრისტიანი ღვთისმეტყველი და რელიგიათა მკვლევარი ფიქრობს, რომ მაზდეანობა და მითრაიზმი ქრისტეს ქვეყნად მოსვლას მისტიურად, დაფარულად წინასწარმეტყველებდა და მარადიული ქრისტეს განკაცებას მოასწავებდა. იგი ამით კაცობრიობას უბიწოდ შობის, ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოებათა საიდუმლოსთან მისაახლებლად ამზადებდა. მას შემდეგ კი, რაც წინაგანგებულებამ ხორცი შეისხა და დედამიწაზე მხსნელი მოვიდა, ზარათუშტრას მოძღვრებამ მისია ამოწურა და რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობას ინერციით განაგრძობდა.

დღეისათვის იგი შეცვლილი სახითაა შემორჩენილი ინდოეთსა და ირანში: ინდოეთში - ფარსების სექტა, ირანში - გებრებისა. ზოროასტრიზმის ელემენტებს შეიცავს აგრეთვე იეზიდების რელიგიური რწმენა და პრაქტიკა.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები