ზუბან-ფარაგა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zuban-faraga.JPG

ზუბან-ფარაგა– ქალის კაბის სახეობა აჭარაში. თურქულად ქურთუკს ნიშნავს.

ზუბუნ-ფარაგას ტიპის კაბა აჭარაში ჩაცმულობის საკმაოდ ძველ სახეობას წარმოადგენდა. იმდენად ძველი ტიპი იყო, რომ ყოფაში კარგა ხანია აღარ იხმარება და მისი მოხმარების, კერვის ტექნიკის და თარგის შესახებ მასალის მოძიება მხოლოდ გადმოცემების საშუალებით არის შესაძლებელი. ზუბუნ-ფარაგა, იგივე, გრძელი ზუბუნი როგორც შინ ნამზადი სელისაგან, კანაფისაგან და აბრეშუმისაგან, ისე ფაბრიკული ქსოვილებისაგან იკერებოდა. იგი მთლიანი, წელში გაუკერავი და ბოლომდე გახსნილი იყო. გულისპირი ისე იყო ამოჭრილი, რომ მასში პერანგის მოქარგული საყელო მოჩანდა. ზუბუნ-ფარაგა ისე უნდა შეეკერათ, რომ ფარაგები ერთმანეთს არ დაახლოებოდნენ და მათ შორის ღია ადგილი დარჩენილიყო. შესაბამისად, კაბის გულისპირის შემკობას დიდი ყურადღება ექცეოდა, რაც კაბის საერთო იერს ესთეტიკურ ელფერს მატებდა. ამ მიზნით ხალიჩებიდან სხვადასხვა სახეები გადმოჰქონდათ, რაც ესთეტიკურ ფონს აძლიერებდა. ზუბუნ-ფარაგას გვერდები საგანგებოდ იყო შეხსნილი. იგი ახალუხისებური თარგით იყო შეკერილი და წინა ორი ფარაგის, უკანა ფარაგისა და მიდგმული სახელოსაგან შედგებოდა. ზუბუნი წინ მთლიანად გახსნილი იყო. გვერდებიც წელს ქვემოთ ასევე შეხსნილი ჰქონდა. მას შესაბნევები არ გააჩნდა. ჩახსნილი ადგილები ვერცხლიმკერდის გრეხილით იყო ამოქარგული და ფოთლოვან ორნამენტს ქმნიდა.

ზუბუნი სეზონის შესაფერისი, ე.ი. წელიწადის დროთა მიხედვით განსხვავებული იყო. ზამთარში გრძელი, სახელოიანი და დაბამბული, ზაფხულობით კი – უსახელო დაუბამბავი ზუბუნი იხმარებოდა. ზუბუნ-ფარაგას შეკერვისას სხვადასხვა მასალა გამოიყენებოდა. ეს იყო ხავერდი, მანთინი, ყანაოზი, ყუმაში, ფარჩა და სხვა სახის ქსოვილი. ყველას არ შეეძლო ძვირფასი მასალისაგან შეკერილი ამ ტიპის კაბა ჰქონოდა. ამიტომ, პრაქტიკაში იყო კაბის განათხოვრება, განსაკუთრებით ქორწილის დროს. ყოფილა შემთხვევა, რომ ერთი ზუბუნ-ფარაგით თორმეტი პატარძალი მოუყვანიათ. ზუბუნ-ფარაგა დატეხილმა კაბამ მთლიანად შეცვალა, რომელიც ზედატანისა და ფართო, მრავალნაკეციანი ქვედატანის შეწყვილებით იყო მიღებული. ასეთი ნიმუშები აჭარის მთიან ზონაში XX საუკუნის 20-30-იან წლებამდე შემორჩა.

აჭარაში დადგენილია კაბის რამდენიმე ვარიანტი, რომელთა შორის მრავალნაკეციანი ქვედა კაბა ყველაზე უფრო იყო გავრცელებული. აჭარის პარალელურად ზუბუნი სამცხე-ჯავახეთის როგორც მუსლიმ, ისე ქრისტიან მოსახლეობაშიც ყოფილა გავრცელებული. ასეთივე კაბა გურიაშიც არის დადასტურებული. ზუბუნის აჭარული ვარიანტი ქართულ ნიადაგზე ჩამოყალიბდა და ახალუხის ნაირსახეობას წარმოადგენდა. ზუბუნი, როგორც საქალო ჩაცმულობის ფორმა, საქართველოს გარდა ანატოლიაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უდმურტებში, ჩუვაშეთში, ბულგარეთში, სერბეთსა და ხორვატებშიც დასტურდებოდა.


ლიტერატურა

  • სახოკია, 1950;
  • სამსონია, 2005: 45-46, 48, 95-96, 100; 2009:417-421;
  • ბარათაშვილი, 1966;
  • ქართული მატერიალური კულტურის... 2011:152.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები