ავალიშვილი ზურაბ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ზურაბ ავალიშვილი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზურაბ ავალიშვილი

ავალიშვილი ზურაბ დავითის ძე - (ფსევდ.: PolItIcus, З. А., Князъ და სხვ.) (1875(?), სოფ. ჩუმლაყი -21.V.1944, ქ. შვანდორფი, გერმანია) - ქართველი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, იურისტი, დიპლომატი, ისტორიკოსი, პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1918 წლდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

სარჩევი

ბიოგრაფია

ზურაბ ავალიშვილი ცნობილი საზოგადო მოღვაწის, ი. ჭავჭავაძის თანამოაზრის - დავით ავალიშვილის ოჯახში დაიბადა. დედა - ოლღა ედუარდის ასული, კავკასიაში ცნობილი ექიმის, წარმოშობით შვედი ედუარდ ჰოლმბლატის ქალიშვილი იყო. ოჯახურმა ტრადიციებმა, სკანდინავიურ-გერმანულმა გენებმა და საქართველოში, ქართულ გარემოში აღზრდამ იმთავითვე განაპირობა ზ. ავალიშვილის საზოგადოებრივი პროფილი - ქვეყნის ბედ-იღბლისადმი რეალისტური, წმინდა ევროპული, დინჯი მიდგომა.

თბილისის პირველი ვაჟთა გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1895 ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი გახდა, რომელიც 1900 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. მისმა სადიპლომო ნაშრომმა „Присоединение Грузии к России“ (1901) ოქროს მედალი დაიმსახურა. ნაშრომი პეტერბურგში 1906 წელს მეორედ გამოიცა. პროფ. ნ. მ. კორკუნოვმა ზ. ავალიშვილი პეტერბურგის უნივერსიტეტში, სახელმწიფო სამართლის კათედრაზე საპროფესოროდ მოსამზადებლად დატოვა. საჭირო საარქივო მასალების გასაცნობად, ზ. ავალიშვილი პარიზში მიავლინეს. 1903 წლის მაისში მან მონაწილეობა მიიღო პარიზში დაარსებულ გაზეთ „საქართველოს“ მუშაობაში. 1903 პეტერბურგში დაბრუნდა და როგორც უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი, სახელმწიფო სამართალში ლექციების კითხვას შეუდგა. ფლობდა გერმანულ, ფრანგულ და ინგლისურ ენებს.

1917 წლის თებერვლის რევოლუციას ზ. ავალიშვილი პეტერბურგში შეხვდა. დროებითი მთავრობის არსებობის პირველივე დღეებში ზ. ავალიშვილმა რამდენიმე ეროვნული საქმის მოგვარებაში მიიღო მონაწილეობა. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის თაობაზე, ი. ჯავახიშვილთან ერთად, მას რუსეთის სინოდის ობერპროკურორთან საათნახევრიანი პაექრობა ჰქონდა. მეორეც, პეტერბურგის კინოთეატრ „ელიტში“ იგი ქართველთა ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებას თავმჯდომარეობდა, სადაც ი. ჯავახიშვილმა თბილისში უნივერსიტეტის გახსნაზე მოხსენება წაიკითხა. მოვლენები ისე განვითარდა, რომ საქართველოში დაბრუნებისას (1918) პოლიტიკურ ასპარეზზე მოღვაწეობამ, ხოლო შემდეგ ემიგრაციაში მოხვედრამ (1921) ზ. ავალიშვილს საშუალება არ მისცა, თბილისში ახლად გახსნილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი გამხდარიყო, თუმცა მიწვევა ი. ჯავახიშვილისგან მას იმთავითვე ჰქონდა მიღებული.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე ცოტა ხნით ადრე, 1918, ზ. ავალიშვილი სამშობლოში დაბრუნდა. იგი საქართველოს ინტერესებს იცავდა ბათუმის კონფერენციაზე. მან ბათუმშივე მოამზადა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ტექსტი (რაშიც მას კონსულტაციას ცნობილი გერმანელი სახელმწიფო მოღვაწე, გრაფი ფონ შულენბურგი უწევდა), რომელიც 1918 წლის 22 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულ საბჭოს გადმოუგზავნა. მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ ეს ტექსტი იმავე წლის 26 მაისს ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომამ დაამტკიცა.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ზ. ავალიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში კონსულტანტად მიიწვია. საქართველოს პირველი რესპუბლიკის არსებობის მანძილზე ზ. ავალიშვილი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი და მკვეთრად გამოხატული ევროპული ორიენტაციის მიმდევარი იყო. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანიასთან საქართველოს პირველი რესპუბლიკის ურთიერთობის განმტკიცებაში. ამ პოლიტიკის პირველი სერიოზული გამარჯვება იყო ის, რომ გერმანიამ არ ცნო საქართველო-ოსმალეთის 1918 წლის ივნისის კაბალური ხელშეკრულების იურიდიული ძალმოსილება, რის გამოც საქართველოს საზღვრებში დარჩა ამჟამინდელი სამცხე-ჯავახეთი. გარდა ამისა, ავალიშვილის მოთხოვნით, გერმანია-რუსეთის 1918 წლის 27 აგვისტოს ხელშეკრულებაში შეტანილ იქნა მე-13 მუხლი: „რუსეთი თანხმობას აცხადებს გერმანიის მიერ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ცნობაზე“.

1918 წლის გაზაფხულიდან, ზ. ავალიშვილი, ნიკო ნიკოლაძესთან ერთად, დიპლომატიური მისიით გერმანიაში იმყოფებოდა. მისი მეუღლე - მაია ფოგტი - გამოჩენილი ქართველოლოგის, ოსლოს უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ჰანს ფოგტის ახლო ნათესავი იყო. 1919 ავალიშვილი, როგორც საქართველოს ოფიციალური სამთავრობო დელეგაციის წევრი, პარიზის კონფერენციიის მუშაობაში მონაწილეობდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ ზ. ავალიშვილი პოლიტიკური ემიგრანტი გახდა. იგი საფრანგეთში (1921-1940) და გერმანიაში (1940-1944) მოღვაწეობდა. ემიგრაციის წლებში ზ. ავალიშვილი აქტიურ პოლიტიკურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. პოლიტიკურ ასპარეზზე იგი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთულ ბიუროსთან თანამშრომლობდა. 1941 მისი მონაწილეობით მიუნხენში „ქართული სამოკავშირეო შტაბი“ დაფუძნდა, რომლის მიზანი საბჭოთა იმპერიის ბატონობისგან საქართველოს გათავისუფლება იყო. აქტიურად მონაწილეობდა „ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის“ შექმნასა და „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირის“ (1942) დაარსებაში. ზ. ავალიშვილი მიუნხენის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი ინსტიტუტის წამყვანი თანამშრომელი იყო და პროფესორ ალექსანდრე ნიკურაძესთან ერთად მუშაობდა. ზ. ავალიშვილი ქალაქ შვანდორფში (ბავარია) გარდაიცვალა. 1994 მისი ნეშტი გერმანიიდან თბილისში, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

ლელა სარალიძე

თხზლებები

უ ზ. ავალიშვილი, „საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-1921 წლების საერთაშორისო პოლიტიკაში, მოგონებები, ნარკვევები“, პირველი გამოცემა, თბ., 1925, მეორე გამოცემა, 1929, ახალი გამოცემა, თბ., 1990;

ლიტერატურა

  • შ. ბადრიძე, „ზურაბ ავალიშვილი“, გაზ.„კომუნისტი“, თბ., 22 თებერვალი, 1989;
  • შ. ბადრიძე, „ზურაბ ავალიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის მკვლევარი“, კრებულში „საქართველო“, თბ., 1998;
  • გ. შარაძე, ზურაბ ავალიშვილი, „უცხოეთის ცის ქვეშ“, ტ. 1, თბ., 1991.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილეთ გრეთვე

ზურაბ ავალიშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები