თათი (სამოსი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თათი

თათი - კაცისა და ქალის ნაქსოვი ფეხსამოსი აღმ. საქ. მთიანეთში. მასალად გამოიყენებდნენ შალის ძაფს. თათების ძირითადი ნაწილის მოსაქსოვად იყენებდნენ სისვისა და კრაველის ძაფს, მატყლის სიმცირის დროს კვირტსაც, დასველებულ თათს კალაპოტზე გადაჭიმავდნენ და ძირად ტყავს გამოაკერებდნენ.

ნაზი ნაქარგობით, ლამაზი ორნამენტაციითა და გამძლეობითაც გამორჩეული თუშური ჩითებისაგან განსხვავებით, ხევსურული თათები ორგვარი ფორმისა ყოფილა - მაღალი და დაბალყელიანი. ქსოვას იწყებდნენ წვერიდან უმეტესად ხვეული ქსოვით („დაშატვა“), რომლითაც გამოჰყავდათ სხვადასხვა სახე. ორმაგი ნაქსოვი ორნამენტის გამოყვანის საშუალებაც იყო და სითბოს კარგად დამჭერიც. ამგვარი წესით იქსოვებოდა თათების გამოსაჩენი ადგილები: ზურგი და ყელი. თათების დანარჩენი ნაწილები ძირი და კოჭი (ქუსლი) ცალპირი ქსოვით სრულდებოდა. წვერი და ქუსლი, შიბის დაკერვის წესით, აბრეშუმის ფერადი ძაფით დაიქარგებოდა. ნაქარგს მძივ-ღილებითაც დაამშვენებდნენ, სირმასაც იხმარდნენ. საკაცო თათები უფრო შიბიანია, საქალო კი ნაცვალ-ნაშატებიანი. კვირტისგან მოქსოვილ ჭრელ თათებს ქალამანში იცვამენ. თათების ყელზე ჭრელი ზონარი - „შილიფანია“ შემოკერებული და ხშირად გრეხილი ბაწარიცაა გამობმული შესაკვრელად.

ხევსური დედაკაცები პაჭიჭებზე შიბიან (წინდებს)იცვამდნენ, რომელსაც „საქალამნე თათები“ ეწოდებოდა.


ლიტერატურა

გ. ბოჭორიძე, თუშეთი, 1993.

წყარო

  • ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი
  • ლ. ბოჭორიშვილი, ხევსურული ტალავარი, მსე, ტ. VIII, 1956. ც. ბეზარაშვილი, ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, 1974. ც.ბ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები