თალაკვაძე ნიკიტა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკიტა თალაკვაძე

თალაკვაძე ნიკიტა (1873 - 8.XII.1933) - დეკანოზი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1889-1895 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1895-1899 წლებში კი კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლობდა. 1899-1902 წლებში ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მასწავლებლად მუშაობს. 1902 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. მამა ნიკიტამ, მიტროფანე ლაღიძის, სოსიკო მერკვილაძისა და სხვათა დახმარებით აღადგინა წმინდა თამარ მეფის ხსოვნის დღე და თამარობის დღესასწაული. იგი, როგორც ეპისკოპოს კირიონის (საძაგლიშვილი) თანამოაზრე, აქტიურად მონაწილეობდა ავტოკეფალურ მოძრაობაში.

1912 წელს ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს.

1917 წელს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1917 წლის 8 მარტს მამა ნიკიტას ბინაზე შედგა საიდუმლო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ ნოე ჟორდანია, ალექსანდრე ლომთათიძე, სოსიკო მერკვილაძე და ეპისკოპოსი ანტონი (გიორგაძე). კრებაზე გადაწყდა, რომ 12 მარტს სვეტიცხოველში გადაეხადათ სამშვიდობო პარაკლისი, ხოლო შემდეგ წაეკითხათ ავტოკეფალიის აღდგენის აქტი. 1917-1920 წლებში დეკანოზი ნიკიტა იყო საკათოლიკოსო საბჭოს წევრი. იგი იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების დროს ხმის დამთვლელი კომისიის თავჯდომარე და პირველმა გამოაცხადა ახლად აღდგენილი ქართული ეკლესიის მეთაურად კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი).

1918-1921 წლებში დეკანოზი ნიკიტა გამოირჩეოდა აქტიური მოღვაწეობით, რაც გააგრძელა ქვეყნის გასაბჭოების შემდეგაც, საბჭოთა ხელისუფლება ავიწროებდა უშიშრად მამხილებელ მოძღვარს. 1922 წლის 17 ოქტომბერს ქალთა სასწავლებლის დირექტორმა იგი მასწავლებლობიდან დაითხოვა. 1924 წელს დეკანოზი ნიკიტა აიძულეს, დაეტოვებინა ეკლესია. იგი ჯერ საქართველოს ფინსახკომის საბიუჯეტო განყოფილების უფროსად მუშაობდა, შემდეგ - კულტურის სამინისტროში.

დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. დეკანოზი ნიკიტა იყო თავისი დროის შესანიშნავი მქადაგებელი. ჩვენამდე მოაღწია მისმა არაერთმა ქადაგებამ. ავტორია ჩანაწერებისა, რომელიც ცნობილია, როგორც „მოქალაქე-მღვდლის დღიური“.

მიხეილ ქართველიშვილი

ლიტერატურა

გ. მაჩურიშვილი, ლ. ტოგონიძე, XVIII-XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირთა ცხოვრება და მოღვაწეობა, თბ., 2012.

იხილე აგრეთვე

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები