თამარ მეფის ორდენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თამარ მეფის ორდენი - სამხედრო ჯილდოს ერთ-ერთი სახეობა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. I მსოფლიო ომის პერიოდში იყო სამხედრო წარჩინების ნიშანი გერმანიისა და მისი მოკავშირე ქვეყნების შეიარაღებული ძალების მხარდამხარ მებრძოლი ქართული ლეგიონისა, რომელიც ოსმალეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, ჭანეთში (ვიწე) ჩამოყალიბდა. გასცემდა ბერლინში მოქმედი საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტი.

თავდაპირველად არსებობდა I და II ხარისხისა, მოგვიანებით მათ დაემატა III ხარისხისაც. სამივე მათგანზე, რვაქიმიანი ვარსკვლავის ცენტრში, მოთავსებულია მედალიონი, რომლის ცისფერი ან ლურჯი მინანქრის ფონზეც გამოსახულია თამარ მეფის რელიეფური პორტრეტი. მედალიონის ირგვლივ არის ზედწერილი ქართულ ენაზე (მხედრული შრიფტით): „ქართული ლეგიონი. 1915“.

I ხარისხის ორდენის მედალიონს გარს აკრავს წვრილი ბრილიანტების ორი წყება, II ხარისხისას - ერთი წყება, ხოლო III ხარისხისა - ბრილიანტების გარეშეა. I და II ხარისხის ორდენებს ამზადებდნენ ვერცხლისაგან, ხოლო III ხარისხისას - ძირითადად ბრინჯაოსაგან. ორდენების ძირითადი ნაწილი დაამზადეს ბერლინში არსებულმა ფირმებმა: „პაულ კუსტმა“, „იოგენ გოდემ“, „პაულ მეიბაუერმა“, ხოლო გარკვეული ნაწილი ბრიუსელშიც დამზადდა. ამან თავისთავად წარმოშვა გარკვეული განსხვავებანი ხსენებული წარჩინების ნიშნის საორდენო ტიპებს შორის.

ამ ორდენის კავალერი შესაძლოა გამხდარიყო როგორც ლეგიონერი, ასევე ის პიროვნებაც,რომელიც მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევდა გერმანულ-ქართულ პოლიტიკურ ალიანსს. სათანადო დოკუმენტში ვკითხულობთ: „ქართული ლეგიონის სამახსოვრო ნიშანი ეძლევა იმ პირთ, რომლებმაც რაიმე თვალსაჩინო სამსახური გაუწიეს ქართულ საქმეს და იმ საპატიო პირთ, რომელთა გავლენასაც შეუძლია სამსახური გაუწიოს ამავე საქმეს“. მათ შორის იყვნენ როგორც ქართველები, ასევე გერმანელები.

ორდენის ქართველ კავალერთა შორის იყვნენ: ნიკო ნიკოლაძე, ლეო კერესელიძე, სტეფანე ახმეტელი, დავით ვაჩნაძე, მემედ აბაშიძე, ყადირ შერვაშიძე, ალექსანდრე გრიგოლია, ნიკო ხორავა და სხვები, ხოლო გერმანელ კავალერთა შორის: გენერლები პაულ ფონ ჰინდენბურგი (რომელიც შემდგომში პრეზიდენტი გახდა), ერიხ ლუდენდორფი და ფონ ლოსოვი, პრუსიის პრინცი ვოლდემარი, გრაფი ფონ დერ შულენბურგი (რომელიც მუშაობდა გერმანიის კონსულად თბილისში, ხოლო შემდგომში ელჩად მოსკოვში), გრაფი კურტ ფონ გალენი, დოქტორები გ. შედე, რ. ფრიშკე და სხვ.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მოწვევით, 1918 წლის ივნისიდან ქვეყანაში იმყოფებოდა გერმანული ჯარი, რომელიც უზრუნველყოფდა ქართული სახელმწიფოს დაცვას საგარეო და საშინაო საფრთხეებისაგან. მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ გერმანული ჯარი იძულებული გახდა, სამშობლოში დაბრუნებულიყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, 1918 წლის 13 დეკემბერს, სამხედრო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალ-მაიორმა ზაქარია მდივანმა, ხელი მოაწერა ბრძანებულებას №5332, რომლის თანახმადაც, 4 ნოემბრის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში მყოფი გერმანელი სამხედრო მოსამსახურენი, რომელთაც დამსახურება ჰქონდათ ქართული სახელმწიფოს წინაშე, ჯილდოვდებოდნენ წმ. თამარ მეფის ორდენებით. ამ ბრძანებულებით, ქართული ლეგიონის წარჩინების ნიშანმა ფაქტობრივად შეიძინა საქართველოს სახელმწიფო სამხედრო ჯილდოს ფუნქცია, თუმცა შემდგომში, აღნიშნული ორდენით აღარავინ დაუჯილდოებიათ. თამარ მეფის ორდენების ცალკეული ეგზემპლარები დაცულია მსოფლიოს მუზეუმებში (მათ შორის, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟში), ასევე, კერძო კოლექციებში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

  • ნ. ჯავახიშვილი, ქართული ფალერისტიკა (ჯილდოთმცოდნეობა), თბ., 1995;
  • ნ. ჯავახიშვილი, თამარ მეფის ორდენი (გერმანულ-ქართული სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის ისტორიიდან), თბ., 1998.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები