თამბაქო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თამბაქოს ფოთლის შრობა

თამბაქო - (Nicotiana Tabacum) ერთწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა ოჯახიდან, რომლის სიმაღლე 1,0- 3,0მ აღწევს. ფესვთა სისტემა მთავარღერძაა, უხვად დატოტვილი და მისი მთავარი მასა ძირითადად სახნავ ფენაშია მოთავსებული. ფოთოლი დიდი ზომისაა, სიგრძით 10-50 სმ; სიგანით 10-30 სმ. ნაყოფი კოლოფია, რომელშიც ვითარდება 4000-მდე წვრილი, ყავისფერი თესლი. 1000 თესლის მასა 0,06-0,08გ უდრის. თამბაქოს თესლის მომწიფების პროცესი გრძელდება მოსავლის აღების შემდეგაც. ამიტომ დასათესად უკეთესია წინა წლის მოსავლის თესლი.

თამბაქო სითბოსმოყვარული მცენარეა. მისი აღმოცენებისთვის და ნორმალური განვითარებისთვის საჭიროა 20-250C ტემპერატურა. სითბოს საერთო მოთხოვნილება ჯიშების მიხედვით შეადგენს 19-340C. დიდ მოთხოვნილებას იჩენს თამბაქო სინათლის და წყლის მიმართაც. უხვი და მაღალხარისხიანი მოსავლის მისაღებად საჭიროა მცენარის შეუფერხებელი მომარაგება წყლით. განსაკუთრებით საჭიოა წყალი ჩითილების დარგვის დროს. თამბაქო საკმაოდ მომთხოვნია საკვები ნივთიერებების მიმართაც. 1,5ტ /ჰა მოსავლიანობის დროს ნიადაგიდან გამოაქვს 90კგ. აზოტი, 25კგ. ფოსფორი და 70კგ. კალიუმი. თამბაქოსთვის კარგია მცირე ჰუმუსიანი, მსუბუქი, ნეშომპალა-კარბონატული ან ეწეროვანი ნიადაგები, რომლებიც წყალს კარგად ატარებენ. არ გამოდგება მძიმე თიხა, დაჭაობებული, მლაშე და ქვიშა ნიადაგები.

თამბაქოს კულტურის მოყვანა მოიცავს 2 პერიოდს: ჩითილის პერიოდს და ღია გრუნტის პერიოდს. მცენარის სავეგეტაციო პერიოდი ჯიშების მიხედვით შეადგენს 110-165 დღეს, აქედან 35-45 დღე ჩითის პერიოდს უკავია.

სარჩევი

თამბაქოს მნიშვნელობა და ისტორია საქართველოში

თამბაქოს იყენებენ უმთავრესად მოსაწევად, მისი ჩაყვითლებული და ფერმენტირებული ფოთლებიდან მზადდება პაპიროსი, სიგარები, სიგარეტები, საჩიბუხე თამბაქო. ეს კულტურა ასევე გამოიყენება მედიცინაში სამკურნალო პრეპარატების დასამზადებლად. მისი ფოთლებიდან მიიღება ვაშლმჟავა და ლიმონმჟავა, რომელსაც იყენებენ კვებისა და საპარფიუმერიო მრეწველობაში.

საქართველოში თამბაქო შემოიტანეს მე-19 საუკუნეში. 1850 წელს საქართველოში არსებობდა კავკასიის სასოფლო-სამეურნეო საზოგადოება, რომელიც საქართველოში მეთამბაქოების განვითარებისათვის ხელის შეწყობის მიზნით სხვა ქვეყნებიდან იწერდა თამბაქოს თესლს და ამ დარგის სპეციალისტებს. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში თამბაქო საბოლოოდ გავრცელდა შავი ზღვის სანაპიროზე, კერძოდ აფხაზეთში, სადაც მისთვის სავსებით შესაფერისი კლიმატური და ნიადაგური პირობები აღმოჩნდა. მაღალხარისხოვან ნედლეულს საქართველოში განსაკუთრებით თამბაქოს „სამსუნი“ და „ტრაპიზონის“ ჯიშები იძლეოდა.

აღმოსავლეთ საქართველოში ხარისხოვანი თამბაქოს წარმოების მხრივ გამოირჩეოდა ლაგოდეხის რაიონი, სადაც წარმატებით მოჰყავდათ ჯიშები „დიუბეკი“, „სამსუნი“ და „ტრაპიზონი“.მე-20 საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში თამბაქოს მოსავალმა მეტად თვალსაჩინო მაჩვენებლებს მიაღწია. გაიზარდა არა მარტო მოსავლიანობა, არამედ ხარისხიც. ძირითადად სამრეწველო მეთამბაქოება გავრცელებული იყო: აფხაზეთსა და აჭარაში, ლაგოდეხსა და მარნეულში. ამ მეტად განსხვავებულ კლიმატურ-ნიადაგობრივ პირობებში თამბაქოს ხარისხიც სხვადასხვა იყო.

საქართველოში გავრცელებული თამბაქოს ჯიშები

სამსუნი 27

მისი ფოთოლი საშუალო ზომისაა, იგი იძლევა არომატულ, გემოიან ნედლეულს. საშუალო სავეგეტაციო პერიოდის ჯიშია. სამსუნებს შორის ის მაღალმოსავლიან ჯიშად ითვლება. ჰექტარზე იძლევა საშუალოდ 1,1-1,5 ტონა მოსავალს. მისი სიმაღლე 150 სმ.-ია. შავი ზღვის სანაპიროზე ეს ჯიში მაღალხარისხოვან, ნარინჯისფერ და მუქნარინჯისფერ, ელასტიურ, ნაზ, მაღალარომატულ ნედლეულს იძლევა. სხვა რაიონებში კი იგივე ჯიში - მოყვითალო, ნარინჯისფერ, ნაკლებად ტიპიური გემოს მქონე საჩონჩხე ნედლეულს იძლევა. თავისი არომატულობის გამო ის გამოიყენება საკუპაჟედ სხვა ნედლეულის გასაუმჯობესებლად.


ტრაპიზონი 1268

(იგივე ლაგოდეხურიტრაპიზონი), გავრცელებულია ლაგოდეხის რაიონში, ასევე აზერბაიჯანშიც. გამოყვანილია ლაგოდეხის მეთამბაქოეობის საცდელ სადგურში. ის იძლევა ნეიტრალურ, საჩონჩხე, ღია ფერის და საშუალო სიმაგრის, სუსტ არომატიან ნედლეულს. ჯიში საშუალო-საგვიანოა, საშუალო მოსავლიანობა 1,8-2,3 ტ/ჰა.

ადგილი თესლბრუნვაში

თესლბრუნვაში თამბაქო თავის პირვანდელ ადგილს არ უნდა დაუბრუნდეს 3-4 წელზე ადრე. წინააღმდეგ შეთხვევაში მოსალოდნელია: ნიადაგის გამოფიტვა, სტრუქტურის დარღვევა, მავნებელთა და დაავადებების გავრცელება, მოსავლიანობის შემცირება და პროდუქცისს ხარისხის გაუარესება. თამბაქოსთვის ცუდი წინამორბედებია: მზესუმზირა, კარტოფილი, პამიდორი, ბაღჩეული კულტურები, რადგანაც მათ აქვთ საერთ დაავდებები და მავნებლები.

პლანტაციის მოვლა

პლანტაციის მოვლა მოიცავს შემდეგი სახის სამუშაოებს:

  • მწკრივთაშორის დამუშავება და გაფხვიერება - 3-4-ჯერ ზაფხულის პერიოდში.
  • მორწყვა - 2-3-ჯერ გვალვიან ზაფხულში
  • თამბაქოს თავების წაწყვეტა და ფურჩქვნა - სუსტ მცენარეებს აცლიან ყვავილედს პირველი ყვავილის გამოტანისთანავე და მიაყოლებენ 3-4 ფოთოლს. ძლიერ მცენარეების თავის წაჭრა ყვავილთა 50% გაშლის პრიოდში ხდება. ფოთლებს არ აყოლებენ.

მოსავლის აღება

თამბაქოს მოსავალს იღებენ ტექნიკური სიმწიფის ფაზაში. ფოთოლი ამ დროს ღია მწვანე ფერის ხდება, მისი წვერო და კიდეები ოდნავ ყვითლდება, ფოთოლი წებოვანი ხდება, მთავარი ძარღვი ღია ფერია და ფოტოლი ტკაცუნით სცილდება ღეროს. ფოთლის მომწიფება 5-6 იარაუსად ხდება და შესაბამისად შეტეხვაც ამდენივეჯერ წარმოებს. ტრაპიზონის ჯიშები 6-ჯერ საჭიროებენ შეტეხვას, ხოლო სამსუნის ჯიშები 7-ჯერ. ამის მიხედვით თამბაქოს მოსავლის აღება გრძელდება ორი თვე. უმაღლესი ხარისხის თამბაქოს იძლევა ზედა იარუსის ფოთლები - მეოთხე და მეხუთე შეტეხვა. მოსავლის აღება უმჯობესია საღამოს საათებში.

თამბაქოს დაავადებები, მავნებლები

თამბაქოს დაავადებები:

  • პერენოსპოროზი ანუ ცრუ ნაცარი
  • ფესვის სიდამპლე
  • ნერგის სიდამპლე
  • ნაცარი
  • მოზაიკა
  • ფოთლის რგოლლაქიანობა

თამბაქოს მავნებლები

  • მახრა
  • ხვატარი
  • მდელოს ფარვანა
  • კარადრინა
  • კოლოფის მატლი
  • თრიფსი
  • მავთულა ჭია


წყარო

თამბაქოს აგროტექნოლოგია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები