თანაარსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანაარსი - „იმავე არსის მქონე“. ეს ტერმინი შეიქმნა ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებაზე 325 წ. არიოზის ერესთან დაკავშირებით.

რომის წმიდა იმპერატორმა კონსტანტინე I დიდმა (306-337), სანამ 325 წლიდან რომის იმპერიის ერთპიროვნული მბრძანებელი გახდებოდა, 313 წელს თავის მოკავშირე ავგუსტუს ლიცინიუსთან ერთად ქ. მედიოლანუმში (მილანში) გამოსცა ედიქტი ქრისტიანობის უფლებამოსილ რელიგიად გამოცხადების შესახებ. შეწყდა ქრისტიანთა საშინელი დევნა. კონსტანტინემ საფუძველი დაუდო იმპერიის ახალი დედაქალაქის მშენებლობას, რომელიც დაარსდა კიდეც 330 წელს და კონსტანტინოპოლი ეწოდა. ამ ახალი სატახტო ქალაქის დაარსებამდე, 325 წელს, კონსტანტინე დიდმა ქალაქ ნიკეაში მოიწვია I მსოფლიო საეკლესიო კრება. მსოფლიო კრება წარმოადგენს წმიდა ეკლესიის უმაღლეს ხელისუფლებას დედამიწაზე, განხორციელებულს სულიწმიდის ხელმძღვანელობით. პირველ მსოფლიო კრებაზე განხილულ იქნა იმ დროისათვის ყველაზე მწვავე საეკლესიო საკითხი. ალექსანდრიელი მღვდელი არიოზი უარყოფდა ქრისტეს ღვთაებრიობას, ამტკიცებდა, იესო ქრისტე მხოლოდ უმაღლესი ქმნილებააო. ამ ცრუსწავლებამ მოიცვა იმპერიის მრავალი რეგიონი. წმიდა კრებამ დაადგინა, რომ „იესო ქრისტე ძე ღვთისაა, თანაარსი მამისა“, იგი არის არა ქმნილება, არამედ „მამისაგანაა შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა“ - „შობილი და არა ქმნილი“.

ნიკეის I მსოფლიო კრებას ესწრებოდა ორი ეპისკოპოსი ქართველთა ისტორიული მიწა-წყლიდან. ესენი იყვნენ ბიჭვინთელი ეპისკოპოსი სტრატოფილე და ტრაპეზუნტელი ეპისკოპოსი დომნე (დომნუსი). მართალია, უცნობია, იყვნენ თუ არა ისინი ეთნიკური ქართველები, მაგრამ ევსევი კესარიელი, პირადი ხელისმომწერი პირველი მსოფლიო კრების დადგენილებისა და წოდებული „საეკლესიო ისტორიის მამად“, თავის თხზულებაში ამტკიცებდა, რომ შავი ზღვის სანაპირო, სადაც ბიჭვინთისა და ტრაპეზუნტის საეპისკოპოსოები იყვნენ განლაგებულნი, ქართველებით ანუ იბერებით იყო დასახლებული.


წყარო

ბარბაქაძე ლია, ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის. თბილისი, 2013 წ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები