თანამედროვე ხუთჭიდი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანათენური ამფორა. ძვ.წ. 530-520 წლები

თანამედროვე ხუთჭიდი, სპორტული მრავალჭიდი – აერთიანებს ხუთ სახეობას: ცხენოსნობას, ფარიკაობას, სროლას, ცურვას და კროსს.

თანამედროვე ხუთჭიდში ოლიმპიური თამაშების პირველი ჩემპიონი, შვედი გუსტავ მალჰოლმი. სტოკჰოლმი, 1912 წელი

სარჩევი

ისტორია

ანტიკურ საბერძნეთში ტარდებოდა ასპარეზობა ხუთჭიდში – პენტათლონში, რომელიც მოიცავდა სირბილს, სიგრძეზე ხტომას, შუბისა და ბადროს ტყორცნას, ჭიდაობას (პირველი შეჯიბრება გაიმართა მე-18 ოლიმპიადაზე, ძვ.წ. 708 წელს).

თანამედროვე ხუთჭიდი ანტიკური პენტათლონის ერთგვარი ანალოგია. XIX საუკუნის მეორე ნახევარში ჯერ შვედეთში, შემდეგ კი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ეწყობოდა შეჯიბრებები ე.წ. საოფიცრო ხუთჭიდში, რომლის შემადგენელი სპორტის სახეობებიც შეესაბამებოდა იმდროინდელ წარმოდგენას ოფიცრის მომზადების აუცილებელ კომპონენტებზე.

წარწერის ტექსტი

ოლიმპიური თამაშების პროგრამაში თანამედროვე ხუთჭიდი 1912 წელს შეიტანეს პიერ დე კუბერტენის თაოსნობით, რომელსაც ეს სახეობა პენტათლონის თავისებურ მემკვიდრედ და სრულყოფილი, იდეალური ათლეტისთვის აუცილებელი უნარ-თვისებების გამოცდის საუკეთესო საშუალებად მიაჩნდა. 1952 წლის ოლიმპიადამდე ტარდებოდა მხოლოდ პირადი პირველობა, შემდეგ კი გუნდური ასპარეზობაც შემოიღეს. 1948 წლამდე თამაშებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ სპორტსმენ ოფიცრებს ჰქონდათ. 2000 წლიდან ოლიმპიადის პროგრამაშია ქალთა ინდივიდუალური შეჯიბრება. სპორტის ამ სახეობას დღევანდელი სახელი პენტათლონი ეწოდა 1948 წელს ლონდონში, როდესაც დაფუძნდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი (UIMP). მისი შექმნის ინიციატორი იყო შვედი გუსტავ დირსენი (1920 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), რომელიც ამ კავშირის პირველი პრეზიდენტი გახდა. 1953 წელს ეს ორგანიზაცია თანამედროვე ხუთჭიდისა და ბიათლონის საერთაშორისო კავშირად გარდაიქმნა (UMPB), 1998 წლიდან კი კვლავ თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო კავშირი ეწოდება (ბიათლონის ფედერაცია ცალკე გამოეყო).

თანამედროვე ხუთჭიდი საქართველოში

სეულის 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი ვახტანგ იაგორაშვილი

საქართველოში თანამედროვე ხუთჭიდი 1950-იან წლებში დაინერგა. სსრკ ჩემპიონატში პირველი მედალი (ბრინჯაო) მოიპოვა თბილისელმა ანატოლი პევცოვმა. პირველი თაობის ხუთჭიდელთა შორის იყვნენ რევაზ მანჯავიძე, ივანე მიხაილიცკი, ანატოლი პევცოვი, ჯუანშერ ზალდასტანიშვილი, გურამ კალმახელიძე, ვალერიან როგავა და სხვები.

1981 წელს საქართველოს გუნდმა სსრკ ჩემპიონატში გაიმარჯვა, ევროპის თასის გათამაშებაში კი მესამე ადგილზე გავიდა. პირად შეჯიბრებაში პირველი საერთაშორისო გამარჯვება მოიპოვა იგორ ბრიზგალოვმა, რომელიც 1985 წელს ევროპის თასს დაეუფლა. 1988 წელს სსრკ ნაკრებთან ერთად ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა როლანდ ლოხიშვილი. განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწია ვახტანგ იაგორაშვილმა (მწვრთნელი ამირან შეროზია), რომელიც 1980-იან წლებში მსოფლიოს უძლიერეს ხუთჭიდელთა რიგებში შედიოდა. მან სეულის ოლიმპიურ თამაშებზე პირად შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედალი აიღო, მომდევნო წელს ასევე გუნდურ ტურნირში მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი გახდა, 1990 წელს კი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა.

2018 წელს თბილისი მასპინძლობდა თანამედროვე ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციის (UIPM) კონგრესს, ორი წლით ადრე კი ამ ავტორიტეტული ორგანიზაციის მმართველ გუნდში – აღმასრულებელ საბჭოში აირჩიეს საქართველოს თანამედროვე ხუთჭიდისა და ტრიათლონის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიაჩესლავ მალიშევი.

წესები

თანამედროვე ხუთჭიდი მოიცავს ხუთ დამოუკიდებელ სახეობას: ტყვიის სროლას, ფარიკაობას, ცურვას, კროსსა და ცხენოსნობას. საბოლოო ადგილები ხუთჭიდის ჯამში მოპოვებული ქულების მიხედვით ნაწილდება. ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედის ორი დისციპლინა: 1. ქალთა ინდივიდუალური პირველობა; 2. კაცთა ინდივიდუალური პირველობა. მთელი ტურნირი ერთ დღეში მთავრდება (არაოლიმპიურ შეჯიბრებებში – ორ დღეში).

ტყვიის სროლა

სამიზნის დიამეტრია 15,5 სმ, შედგება 10 რგოლისა და ცენტრალური წრისაგან. შეჯიბრებისთვის განკუთვნილი პნევმატური პისტოლეტის კალიბრია 4,5 მმ, მისი წონა არ უნდა აღემატებოდეს 1500 გრამს. ისვრიან 20 ტყვიას, დგომელა, 10 მ დისტანციიდან. თითოეული სროლისთვის სპორტსმენს ეძლევა 40 წამი. თუ შეჯიბრებისას იარაღმა უმტყუნა, უფლება აქვს პისტოლეტის რემონტისთვის 5 წუთი მოითხოვოს. სროლაში მიღებული 172 ქულა საერთო ჩათვლის 1000 ქულას შეესაბამება, ხოლო ყოველი დამატებითი ქულა – საერთო ჩათვლის 12 ქულას.

ფარიკაობა

2018 წლის მეორე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მონაწილე თანამედროვე ხუთჭიდელი გიგა ხიჯაკაძე

შეჯიბრებისთვის იყენებენ სტანდარტულ საფარიკაო ბილიკს და აღჭურვილობას. ხუთჭიდელები დაშნით ფარიკაობენ და წრიული სისტემით ხვდებიან ერთმანეთს (ყველა ყველას). ბრძოლა ერთ წუთს გრძელდება. იმარჯვებს ის, ვინც მეტოქეს პირველი მიაყენებს ჩხვლეტას. თუ შეხვედრა უშედეგოდ დამთავრდა, ორივე მონაწილე წაგებულად ცხადდება. ბრძოლის საერთო რაოდენობის 70 პროცენტის მოგებისთვის სპორტსმენს ენიჭება 1000 ჩასათვლელი ქულა. ყოველი მომდევნო მოგება-წაგებისთვის ქულათა რაოდენობა, შესაბამისად იზრდება ან მცირდება სპეციალური ცხრილის მიხედვით. არსებობს დარღვევათა 5 ჯგუფი, ამიტომ სხვადასხვა შემთხვევაში მონაწილემ შეიძლება მიიღოს ყვითელი, წითელი ან შავი ბარათი და შესაბამისად საჯარიმო ქულები ან დისკვალიფიკაცია.

ცურვა

დისტანცია – 200 მ, სტილი – თავისუფალი. შედეგი 2,30 წუთი კაცებისთვის და 2,40 წუთი ქალებისთვის საერთო ჩათვლის 1000 ქულას შეესაბამება. შედეგის ყოველი 0,33 წამით გაუმჯობესებისთვის (გაუარესებისთვის) სპორტსმენს კიდევ 4 ქულა ემატება (აკლდება). ფალსტარტი ისჯება 40 საჯარიმო ქულით.

ცხენოსნობა

ტრასის სიგრძეა 350-400 მ. მარშრუტზე განლაგებულია სხვადასხვა სიმაღლის 12 დაბრკოლება, მათ შორის, ორმაგი და სამმაგი სისტემა. ცხენები ნაწილდება წილისყრით. ყოველ 2 მონაწილეზე მოდის 1 ცხენი, ყოველ 8 მონაწილეზე კიდევ 1 სამარქაფო ცხენი. თითოეულ მხედარს ცხენის გაცნობისა და მოთელვისთვის ეძლევა 20 წუთი. ტრასის გასავლელი დროის ლიმიტი განისაზღვრება დისტანციის სიგრძის მიხედვით. შეჯიბრების მონაწილეს შეუძლია მაქსიმუმ 1200 ჩასათვლელი ქულის მიღება, იმ შემთხვევაში, თუ იგი მარშრუტს დადგენილ დროში საჯარიმო ქულების გარეშე გაივლის. თითოეული გადამეტებული წამისთვის მხედარს აკლდება 4 ქულა, დაბრკოლების დარღვევისთვის, ცხენის გაჯიუტებისა და ცხენთან ერთად წაქცევის ან ცხენიდან ჩამოვარდნისთვის – 40-40 ქულა.

კროსი

დისტანციის სიგრძეა 3000 მ. მარშრუტი მარჯვენა მხარეს მონიშნულია თეთრი ალმებით, ხოლო მარცხენა მხარეს – წითელი ალმებით. შეჯიბრების დღეს მონაწილენი ათვალიერებენ მარშრუტს და ეცნობიან მის სქემატურ რუკას. მორბენლები სტარტს იღებენ ჰანდიკაპით, წინა ოთხ სახეობაში დაგროვილი ჩასათვლელი ქულების მიხედვით. კროსამდე მოპოვებული ყოველი 4 ქულა 1 წამის ტოლფასია. სტარტზე პირველი ის გამოდის, ვისაც ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდა. თუ მეორე ადგილზე მყოფ სპორტსმენს ლიდერზე 20 ქულით ნაკლები ჰქონდა, ის სტარტს 5 წამის ინტერვალით აიღებს. საბოლოო გამარჯვება იმას რჩება, ვინ ფინიშის ხაზს პირველი გადაკვეთს.




წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები