თარხნიშვილი ივანე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ივანე თარხნიშვილი

ივანე თარხნიშვილი (თარხან-მოურავი, თარხანოვი) - Ivan Tarkhnishvili, Иван Тархнишвили, 1846-1908

ცნობილი ქართველი ფიზიოლოგი და ფსიქოფიზიოლოგი. დაიბადა თბილისში. 1863 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. მალე ი. სეჩენოვის გავლენის ქვეშ მოექცა და პეტერბურგის სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში გადავიდა, სადაც სეჩენოვი ასწავლიდა. 1869 წელს წარჩინებით დაამთავრა აკადემია, ორი წლის შემდეგ დაიცვა სადოქტორი დისერტაცია. კიდევ ორი წლის შემდეგ კი აკადემიის სტიპენდიით უცხოეთში გაემგზავრა ცოდნის გასაღრმავებლად, ორწლიანი მივლინებით. იგი მუშაობდა ევროპის საუკეთესო ლაბორატორიებში და ფასდაუდებელი გამოცდილება შეიძინა ბერნარის, გოლცის, შარკოს და სხვათა ხელმძღვანელობით. 1877-1895 წლებში მუშაობდა სამედიცინო-ქირურგიულ აკადემიაში პროფესორად და ხელმძღვანელობდა ფიზიოლოგიის კათედრას. ი. თარხნიშვილის წასვლის შემდეგ ამ კათედრას ი. პავლოვი ჩაუდგა სათავეში, რომელიც ძალზე მაღალ შეფასებას აძლევდა თავის წინამორბედს. ი. თარხნიშვილი იყო მსოფლიოში ცნობილი მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო საზოგადოებისა და აკადემიის წევრი, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი. ი. თარხნიშვილი დაკრძალულია პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.

ი. თარხნიშვილი იყო გამოჩენილი ფიზიოლოგი ექსპერიმენტატორი. მის სახელს უკავშირდება რამდენიმე საქვეყნოდ ცნობილი აღმოჩენა, განსაკუთრებით ბიოელექტრული (ფსიქოგალვანური) მოვლენების მიმართულებით (კანში აღმოცენებულ ნელ ელექტრულ ეფექტებს „თარხანოვის ფენომენად” მოიხსენიებენ მსოფლიო ლიტერატურაში). ამავე დროს, იგი იყო ბუნებისმეტყველი თეორეტიკოსი, სიცოცხლის ფუნდამენტური პრობლემებით დაინტერესებული უაღესად განსწავლული მოაზროვნე, რომელიც ძირფესვიანად აანალიზებდა ბიოლოგიური ორგანიზმის მიმართებას ფიზიკურთან და ფსიქიკურთან. ი. თარხნიშვილის კვლევა-ძიება მოიცავდა ფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის მოსაზღვრე თემებსაც (ფსიქოფიზიოლოგია, სამედიცინო ფსიქოლოგია, ძილი და სხვა ცნობიერების შეცვლილი მდგომარეობები). მას მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგია, როგორც ემპირიული მეცნიერება სულის მოვლენების წარმოქმნისა და მიმდინარეობის შესახებ, უნდა გაემიჯნოს მეტაფიზიკას და კვლევა წარმართოს მისთვის სპეციფიკური ინტროსპექციის (სუბიექტური) და ექსპერიმენტის (ობიექტური) მეთოდების შეერთების გზით.

მიაჩნდა რა, რომ ფსიქიკური სინამდვილე ცნობიერებით არ შემოიფარგლება, ი. თარხნიშვილს თამამად შემოაქვს არაცნობიერი ფსიქიკურის ცნება. მისი გამოყენება აუცილებელია, რათა ფსიქიკური მოვლენების ანალიზისას დეტერმინაციის პრინციპი იქნეს შენარჩუნებული. სახელდობრ, თუკი ფსიქიკური სინამდვილე ერთმანეთის განმსაზღვრელი მოვლენების უწყვეტი ჯაჭვედია, მაშინ სულის მოვლენები, ცნობიერი ფორმის გარდა, არაცნობიერ ფორმაშიც უნდა არსებობდეს. ი. თარხნიშვილის აზრით, არაცნობიერი ფსიქიკურის აღიარების გარეშე აუხსნელი დარჩება მრავალი ფაქტი: 1. ჩვევა, ანუ თავდაპირველად ცნობიერი მოქმედება, რომელიც გამეორებათა შედეგად გახდა ცნობიერებას მოკლებული ავტომატიზმი; 2. იდეამოტორული მოქმედება, რომელიც გულისხმობს იდეის, აზრის მიერ ქცევის ავტომატურ გამოწვევას. 3. აზროვნების მიმდინარეობა, როდესაც ცნობიერდება პროცესის მხოლოდ საწყისი და დამამთავრებელი პუნქტები {ინტუიცია}. არაცნობიერის არსებობასა და მის რეალურ ქმედითუნარიანობაზე განსაკუთრებით თვალნათლივ მეტყველებს ჩაგონების სხვადასხვა სახეობა, (განსაკუთრებით − პოსტჰიპნოზური ჩაგონება), რომელთაც თარხნიშვილი საგანგებოდ შეისწავლიდა. დასაფასებელი ისაა, რომ ქართველი მეცნიერი ამას ამტკიცებდა ცნობიერების ფსიქოლოგიის საყოველთაო ბატონობის ხანაში, ანუ მაშინ, როცა თითქმის ყველა ფსიქოლოგი ფსიქიკას ცნობიერებასთან აიგივებდა და არაცნობიერზე მხოლოდ ფიზიოლოგიურის მნიშვნელობით საუბრობდა.

ი. თარხნიშვილს არაცნობიერის ცნება საკმაოდ ფართოდ აქვს მოაზრებული. მასში შედის ფსიქიკური პროცესები, რომლებიც სულ არ განიცდება და ფსიქიკური შინაარსები (შეგრძნებები, წარმოდგენები), რომლებიც რეფლექსიური ცნობიერების შუქით არაა განათებული. ცნობიერება გაგებულია, როგორც გარკვეულ მომენტში მოცემული წარმოდგენების ერთობლიობა. ი. თარხნიშვილი განიხილავს შეგრძნებისა და აღქმის საკვანძო საკითხებს. იგი იზიარებს შეგრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონს. საინტერესო და თავისებურია ი. თარხნიშვილის მიერ შეგრძნებათა დაყოფა {კლასიფიკაცია} პროექციის ნიშნის მიხედვით, ანუ იმის მიხედვით, თუ საითაა ისინი მიმართული − გარეთ, საგნებსა და მათ თვისებებზე (ობიექტური ნიშანი), თუ შიგნით − სხეულსა და მის მდგომარეობებზე {სუბიექტური ნიშანი}. ობიექტურია მხედველობის, შეხების, სმენის, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებები {გარე შეგრძნება}. სუბიექტური − კუნთური, შიმშილის, წყურვილისა და საზოგადოდ ორგანული შეგრძნებები {შიდა შეგრძნება}. ხოლო აღქმა, კერძოდ კი სივრცის აღქმა, თავისი საბოლოო ფორმით აპრიორულ-თანდაყოლილი და გამოცდილებისეულ-შეძენილი საწყისების ერთობლივი შედეგია. ხოლო ე.წ. „თანდაყოლილი იდეების” არსებობას თარხნიშვილი კატეგორიულად უარყოფს.

ი. თარხნიშვილისთვის ამოსავალია დებულება, რომ ფსიქიკური პროცესები წარმოიქმნება ფიზიოლოგიურიდან, ანუ ნერვულ სისტემაში მიმდინარე მატერიალური პროცესებიდან. მაგრამ მეცნიერებამ ამ ეტაპზე არ იცის, ეს როგორ ხდება. თარხნიშვილი წლების განმავლობაში შეისწავლიდა ფსიქოფიზიოლოგიის სხვადასხვა საკითხებს. ამ კვლევის შედეგები განზოგადებულია რამდენიმე სპეციალურ ნაშრომში, რომელთაგან აღსანიშნავია წიგნი „სული და სხეული” (1904). ავტორი განიზილავს უამრავ ფაქტობრივ მონაცემს, თუ როგორ მოქმედებს ფსიქიკური მოვლენები ორგანიზმის სხვადასხვა ფუნქციაზე (გულის მოქმედება და სისხლის მიმოქცევა, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი სისტემები, ნივთიერებათა ცვლა და კუნთური მოძრაობა და სხვა). სხეულზე მოქმედ ფსიქიკურ ფაქტორთა რიგში კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ემოციური ფაქტორები, უპირველესად აფექტები. ი. თარხნიშვილმა სპეციალურად იკვლია მუსიკის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე და დაასაბუთა, რომ მხიარული მუსიკა კუნთების მუშაობას აძლიერებს და პირიქით. სულისა და სხეულის მჭიდრო ურთიერთობის საუკეთესო ილუსტრაციად ნებელობითი პროცესები გამოდგება. უაღრესად მრავალფეროვანია, აგრეთვე, საპირისპირო მიმართულების, ანუ სომატურის სულიერზე ზემოქმედების გამოვლინებები. ავტორი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ორგანული პროცესების დარღვევა მკვეთრად უარყოფითად აისახება ფსიქიკურ ფუნქციონირებაზე. აქედან გამომდინარე, იგი ამტკიცებს, რომ მედიცინაში, ორგანულ მკურნალობასთან ერთად, უნდა დამკვიდრდეს ფსიქოლოგიური მეთოდიც. ფსიქოთერაპია ფართოდ უნდა დაინერგოს სამედიცინო პრაქტიკაში.

ი. თარხნიშვილის შემოქმედებაში დიდი ადგილი ეთმობა ქცევის ფსიქოფიზიოლოგიისა და ფსიქოლოგიის საკითხებს. იგი ქცევის ოთხ ნაირსახეობას გამოყოფს:

1. რეფლექტორული, რეფლექსური მოძრაობები, რომლებიც არ შეიცავენ ფსიქიკურ ელემენტს;
2. ემოციების გამომხატველი მოძრაობები;
3. იდეომოტორული აქტივობა და
4. ნებელობითი ქცევა. ფსიქოლოგიის ისტორიის კუთხით განსაკუთრებით საინტერესო ბოლო ორია.

აუცილებელია აღინიშნოს, რომ რ. ლოტცესთან, ვ. კარპენტერთან და უ. ჯეიმსთან ერთად, ი. თარხნიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იდეომოტორული აქტის საკითხის დამუშავებაში, რაც XIX საუკუნის მეორე ნახევარში გახდა პოპულარული. იდეომოტორიკა, არსებითად, განცდების არაცნობიერი გამოვლინებაა მოძრაობაში. იდეომოტორიკის მექანიზმის გამოყენება ნაყოფიერია, აგრეთვე, ჰიპნოზური და პოსტჰიპნოზური ეფექტების დახასიათებისას. ასეთ დასკვნებამდე მიდის ი. თარხნიშვილი თავის ცნობილ წიგნში „ჰიპნოტიზმი, ჩაგონება და აზრების წაკითხვა” (1886).

ნებელობითი მოქმედება და მასთან დაკავშირებული ნების თავისუფლების საკითხი ი. თარხნიშვილის შემოქმედების ერთერთ ლეიტმოტივია. ეს საკითხი ამჟამადაც „მუდმივ პრობლემებს” განეკუთვნება. ამიტომ ბუნებრივია, რომ ვერც ი. თარხნიშვლმა შეძლო მისი დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტა. ერთი მხრივ, იგი როგორც ფიზიოლოგი, მკაცრი დეტერმნიზმის პოზიციაზე დგას; მეორე მხრივ, მან თვითონ დაასაბუთა, რომ ცნობიერ ნებას გულის მოქმედების შენელების უნარიც კი აქვს. ნება აძლიერებს მიზანშეწონილ მოთხოვნილებებს და აკავებს ან სულაც ანეიტრალებს ნაკლებად მიზანშეწონილებს; ნების საშუალებით ადამიანს ხელეწიფება თავის შესაძლებლობათა განვითარება ამა თუ იმ მიმართულებით. ამიტომ ჩნდება განცდა, რომ ეს იმპულსი თავისუფალი ნებიდან მომდინარეობს, თუმცა სინამდვილეში რეალური მიზეზი პიროვნების გარეთაა. მოკლედ, თავისუფლება, როგორც ასეთი, არ არსებობს, თავისუფლების განცდა კი მხოლოდ ცნობიერების შეცდომაა. ამავე დროს, ავტორი ხაზს უსვამს ამ განცდის დადებით მნიშვნელოვნებას. ერთერთი ინტერპრეტატორის თქმით, თავისუფლების ცნობიერება ი. თარხნიშვილთან „დადებითი ილუზიაა”.

მთავარი ნაშრომები

  • თარხანოვი (თარხნიშვილი) ი. შთაგონება, ჰიპნოტიზმი და აზრების წაკითხვა. თბილისი: “პეგა”: 2017;
  • Роль нервной системы в движении животных / Мед. сб. Кавказ. мед. общ., Тифлис, 1872, № 14; Опыты над естественным сном животных // Здоровье, 1879, № 121;
  • Психические явления и телесные процессы в организме животных и человека. Вест. Европы, 1884, № 7, 8;
  • О влиянии музыки на человеческий организм. СПб, 1893;
  • Опыты над действием рентгеновских лучей на животный организм / И.Р. Тархнишвили. Избранные Сочинения. Тбилиси, 1961;
  • Дух и тело. Коренная разница между областью психических и физических явлений в организме. M., 2016.

იხილე აგრეთვე

ივანე თარხნიშვილი


წყარო

ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი
სტატიის ავტორი - ირაკლი იმედაძე, დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება.
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები