თაქთაქიშვილი ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ თაქთაქიშვილი

თაქთაქიშვილი ოთარ ვასილის ძე - (27. VII. 1924, თბილისი, – 21. II. 1989, თბილისი), ქართველი კომპოზიტორი, სსრკ. სახალხო არტისტი. 1947 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი). 1947-1952 იყო საქართველოს საგუნდო კაპელის კონცერტმაისტერი და დირიჟორი, ხოლო 1952-56 სამხატვრო ხელმძღვანელი. 1959-იდან იგი თბილისის კონსერვატორიის პედაგოგია (1966-იდან პროფესორი), ხოლო 1962-65 – რექტორი. 1965-84 თაქთაქიშვილი საქართველოს კულტურის მინისტრია.

იგი ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურაა XX ს-ის მეორე ნახევრის ქართულ კულტურულ ცხოვრებაში. თაქთაქიშვილის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანი, თემატიკურად მდიდარია, აღმოცენებულია მკვიდრ ეროვნულ საფუძველზე, რასაც კომპოზიტორი პრინციპულ მნიშვნელობას ანიჭებდა. მისი შემოქმედება და საზოგადოებრივი მოღვაწეობა ფართო მასშტაბით დაფასდა, სარგებლობდა დიდი პიროვნული და შემოქმედებითი ავტორიტეტით. თაქთაქიშვილის მნიშვნელოვანი ნაწარმოებებია: ოპერები – „მინდია“ (1961), რომელიც დაიდგა 10 სხვადასხვა სცენაზე, „სამი ნოველა“ (1967), „მთვარის მოტაცება“ (1977 პრემიერა სსრკ დიდ თეატრში, მოსკოვი), ერთმოქმედებიანი კომიკური ოპერა „მუსუსი“ (1978), „პირველი სიყვარული“ (1980), ორი სიმფონია (1949, 1953), სიმფონიური პოემა „მწირი“ (1956), ოთხი საფორტეპიანო კონცერტი (1951-1983), სავიოლინო კონცერტი (1977), ჩელოს კონცერტი (1978), ვოკალური ციკლები ვაჟა ფშაველასა და გ. ტაბიძის ლექსებზე (1959), ორატორიები „ცოცხალი კერა“ (1964), „რუსთაველის ნაკვალევზე“ (1964), „ნიკოლოზ ბარათაშვილი“ (1970), კანტატა „გურული სიმღერები“ (1971), „მეგრული სიმღერები“ (სიუიტა სოლისტის, ვოკალური ოქტეტისა და კამერული ორკესტრისათვის, 1972), „სატრფიალო სიმღერები“ (1974), გუნდები, სიმღერები, საკრავიერი პიესები, მუსიკა დრამატულ სპექტაკლებისათვის და სხვ.

თაქთაქიშვილი იყო საქართველოს სსრ სახელმწიფო ჰიმნის ავტორი (1945-1990), შ. რუსთაველის სახელობის პრემიის (1987), სსრკ სახელმწიფო (3-გზის) და ლენინური პრემიის (1982) ლაურეატი (ერთადერთი ქართველ კომპოზიტორთა შორის). მისმა შემოქმედებითმა და საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ ღრმა კვალი დატოვა ქართული მუსიკის კულტურაში. (გ. ტორაძე)



იხილე აგრეთვე

ოთარ თაქთაქიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები