თბილელი აბო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აბო თბილელი

წმ. აბო თბილელი - (ჰაბო ტფილელი) (დაახლ. 757 – 6. 1. 786, ქ. თბილისი), წმ. მოწამე (ხსენ. დღე 8/21.01), ქრისტიანობისთვის წამებული არაბი, ერისმთავარ ნერსეს მსახური, ნელსაცხებელთა ოსტატი.

აბო თბილელი ბაღდადიდან ქართლში ჩამოჰყვა ნერსეს. მისი მოწამებრივი ცხოვრება აღწერა იოანე საბანისძემ (VIII ს). ნერსე ერისთავი ხალიფა ალ-მანსურმა ბაღდადში დააპატიმრა, მოგვიანებით გაათავისუფლა და ერისთავი სამშობლოში დაბრუნდა. არაბი აბო თბილელი მუსლიმი იყო, როდესაც მან ქართველთა ეკლესიაში სიარული დაიწყო და ქრისტიანულ მოძღვრებას დაეწაფა. მალე კათაკმეველი გახდა. ხოლო, როდესაც ნერსე ერისთავს ხალიფასგან კვლავ საფრთხე დაემუქრა, ნერსე ოჯახთან ერთად თავდაპირველად აფხაზეთში, შემდეგ კი ხაზარეთში გადავიდა. აბო თბილელი დევნილობაშიც გაჰყვა ერისთავს. სწორედ ხაზარეთში მიიღო მან ქრისტიანობა. ბოლოს ხალიფა შეურიგდა ნერსეს და ქართლში დაბრუნების ნება. დართო.

აბო თბილელი მხურვალე ქრისტიანი გახდა და ქართლში არაბებს შორის ქრისტიანობას ქადაგებდა. არაბ ჭაბუკს, ალბათ, ჰაბიბი ერქვა, ქართველებმა კი ჰაბო შეარქვეს. იმ დროისათვის სავალდებულო არ იყო ახალმონათლულისთვის ანგელოზის, წმინდანის ან ბიბლიური სახელის დარქმევა. ასე რომ, ჰაბო არაბის ნათლობის სახელია. ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, სახელი აბო შემოკლებული აბრაამია (მ. საბინინი). არაბებმა აბო თბილელი რამდენჯერმე დააპატიმრეს და უბრძანეს ისლამს დაჰბრუნებოდა, მუსლიმისთვის მომაკვდინებელი ცოდვაა ისლამიდან განდგომა. მაგრამ აბო თბილელი შეურყეველი იყო: „ხოლო ნეტარი ჰაბო განძლიერდა სულითა სარწმუნოებისაითა ქრისტეს მიერ და ჰრქუა მსაჯულსა მას ამირასა: კეთილად გასმიეს, რამეთუ ვარ მე ბუნებით სარკინოზ, შობილივე მას შინა მამულად და დედულად, განსწავლულ ვიყავ სჯულითა მით მაჰმედისითა და ვცხონდებოდე მას შინა, ვიდრე უმეცრებასა შინა ვიყავ, ხოლო ოდეს სათნო იყო ღმერთმან, რომელმან გამომირჩია მე ძმათა და ნათესავთა შორის ჩემთა და მიხსნა მე იესო ქრისტჰს მიერ, ძისა მისისა და ღმრთისა ჩემისა და გულისხმა - მიყო, უმჯობჰსი იგი კეთილი“.

ორმოცი მოწამის ტაძართან ახლოს აბო თბილელის თავი მოჰკვეთეს, სხეული დაწვეს, ცხვრის ტყავში გაახვიეს და მტკვარში გადააგდეს, რათა ქრისტიანებს წმ. ნაწილებზე არ ელოცათ. ქართულმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა. რადგან აბო თბილელი უფლის ნათლისღების დღეს აწამეს, ამიტომ წმინდანის ხსენება ნათლისღების მეორე დღეს დაწესდა. „წმიდისა მოწამისა აბოსი სამარტვირე ტფილისსა შინა არს, ხიდსა ზედა, რომელსა ეწოდების „მოწამეთა ხიდათ“ მეტეხის მთის ძირას“ (მ. საბინინი).

აბო თბილელის წამების აღწერა სამუელ ქართლის კათოლიკოსმა სთხოვა იოანე საბანისძეს, რომელმაც ჰაგიოგრაფიული მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი შექმნა.

აბო თბილელი მიჩნეულია თბილისის მფარველ წმინდანად.

გ. კუჭუხიძე

ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ადრინდელი ფეოდალური ქართულლი ლიტერატურა, ტფ., 1935;
  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1., თბ., 1960;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
  • იოანე საბანისძე, მარტელობა ჰაბო ტფილელისაი, წგ.: ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ი. აბულაძის რედ., წგ.1, თბ., 1963.

წყარო

იხილე აგრეთვე

აბო თბილელი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები