თბილისის ობსერვატორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თბილისის ობსერვატორია - თბილისში ე. წ. „საფიზიკო ობსერვატორია“ დაარსდა 1850. მას ევალებოდა არა მარტო თბილისში, არამედ მთელ კავკასიაში „კლიმატოლოგიური და საფიზიკო გამოკვლევა“. მის მიერ მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად მიღებული დასკვნები შევიდა 60-ტომიან ნაშრომში - „დაკვირვებანი ტფილისის საფიზიკო ობსერვატორიისა“ და 25-ტომიან „ტფილისის საფიზიკო ობსერვატორიის თვიურ ბიულეტენში“, „ნიკოლოზის მთავარ საფიზიკო ობსერვატორიის მატიანეში“ და „სეისმურ ბიულეტენში“. XIX ს-ში პროფესორებმა ვოეიკოვმა, დოკუჩაევმა, კუზნეცოვმა, ფიგუროვსკიმ და სხვ. ამ კვლევებზე დაყრდნობით შეისწავლეს კავკასიის კლიმატი, ნიადაგი და შეიმუშავეს სუბტროპიკული და სხვა კულტურების დანერგვის თეორია.

1918 ობსერვატორიას ჰქონდა თბილისში განყოფილება სამეცნიერო დაკვირვებებისათვის, სადაც მუშაობდა გამგე, 2 ფიზიკოსი და 4 დამკვირვებელი. ობსერვატორიას ეკუთვნოდა 6 სეისმოგრაფი, სეისმური სადგური ბორჯომში, რომელიც აკვირდებოდა მიწისძვრასა და მინერალური წყლების „ინტერმიტეციას“. ობსერვატორიასთან იყო მექანიკური სახელოსნო, სადაც შეაკეთებდნენ დაზიანებულ ხელსაწყოებს, ზოგჯერ ამზადებდნენ ახალსაც, რადგან უცხოეთიდან ამ ხელსაწყოთა გამოწერა ჭირდა. ობსერვატორიას მაგნიტური განყოფილება ჰქნდა ქარხანაში, მცხეთასთან ახლოს. აქ იკვლევდნენ დედამიწის მაგნიტურ მდგომარეობას, ადგენდნენ ცვლილებების შკალას. თბილისის ობსერვატორიის დირექტორი იყო გ. ა. ფონ ლემლეინი.

1919 წლის ზაფხულში, მთავრობის დავალებით, დამფუძნებელი კრების განათლების კომისიის მიერ გამოყოფილმა მცირე კომისიამ შეამოწმა თბილისის ობსერვატორია, გამოავლინა მის სამეცნიერო და ტექნიკურ მუშაობაში მთელი რიგი ხარვეზები. ამის საფუძველზე დამფუძნებელი კრების 1919 წლის 28 ივლისის სხდომაზე გადაწყდა, თბილისის ობსერვატორია გაუქმებულიყო, მის ნაცვლად დაარსებულიყო „საქართველოს ფიზიკური ობსერვატორია“, დაწესებულება გადასცემოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, გათავისუფლებულიყო მისი გამგე დაკავებული თანამდებობიდან და ეს ადგილი დაეკავებინა უნივერსიტეტის პროფესორს ანდრია მიხეილის ძე ბენაშვილს. გაუქმდა ძველი შტატები, უნივერსიტეტმამა შეიმუშავა ობსერვატორიის ახალი დებულება და შტატები. (დოდო ჭუმბურიძე)

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 1935, აღწ. 1, საქ. 9, ფ. 12-17;
  • სცსა, ფ.1935, საქ. 9, ფ. 44, 46, 48.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები