თბილისური ყეენობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყეენობა (ისპანახობა) ძველი თბილისი, ფოტო ა. აივაზოვი

თბილისური ყეენობა - წარმართული მითოლოგიის წიაღიდან გამოსული ბერიკაობაყეენობა თანდათან საერო სანახაობად განვითარდა და ქართველი ხალხის დამპყრობლებთან გმირული ბრძოლის გამოხატულებად გადაიქცა. ამ მხრივ განსაკუთრებით ქალაქური, მეტადრე კი თბილისური ყეენობა გამოირჩევა, რომელიც მდიდარია სხვადასხვა ისტორიული ეპოქისა და საზოგადოებრივი წყობილების დამახასიათებელი ელემენტებით.

ყველიერის უკანასკნელ დღეებში, ყეენობის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, მთელი ქალაქი დღესასწაულისათვის ემზადებოდა. სეიდაბადის ხელოსნებს, ფეიქრებს, ხუროებსა და მჭედლებს დიდძალი სამუშაო უჩნდებოდათ – ამზადებდნენ ხის ხმლებსა და ხანჯლებს, საცერე რგოლებსა და შურდულებს, ყეენისა და სხვა მონაწილეთა ნიღბებსა და ტანსაცმელს.

ორშაბათს, დიდმარხვის პირველ დღეს, დაბახანის ხეობაში (ბოტანიკურ ბაღთან) საგანგებოდ გამოყენებული პირები ყეენისა და მისი ამალის ჩაცმის თადარიგს შეუდგნენ. ჭრელტანსაცმლიან, სპარსულად მორთულ ყეენს მაღალი, წოწოლა ქუდი ეხურა და სახე გამურული ჰქონდა, ზოგი ყეენი კი გადმობრუნებილი ტყაპუჭით დადიოდა. ყეენის ამალა ბარიკული თუ სხვა ნაირფერი ტანსაცმლით იკაზმებოდა, გადმობრუნებული ტყაპუჭები ან მყვირალა ფერიის მოსასხამები ეცვათ და სახეგამურულები იყვნენ.

ქალაქს, ყეენის გარდა, მეფეც ჰყავდა. მეფე – დედოფალი სამეფო ტანსაცმელში იყო გამოწყობილი, მათ თავზე ტოტებიანი გვირგვინები ედგათ.

ქალაქი ორ მოწინააღმდეგე ბანაკად იყოფოდა: ერთ მხარეს მეფის ამალის წევრები და მათი მომხრეები იყვნენ, მეორეზე კი – ყეენი და მისი მარაქა.

1817 – 1827 წლებში ჩატარებული ყეენობის დროს თბილისი ორ უბნად იყო გაყოფილი: ერთი იყო ისანი (საიდანაც ყეენი უნდა გამოსულიყო) და მეორე – ნარიყალა. ისნის მხარეს იყვნენ ჩუღურეთისა და კუკიის მოსახლენი, ხოლო ნარიყალას ემხრობოდნენ ვერისა და სოლოლაკის მცხოვრებნი. ნარიყალის ნარაქაში გამოდიოდნენ მუხრან-ბატონი, ორბელიანი, ბარათაშვილი, ერისთავი და ერმოლოვი; ისანში კი – კახეთის მებატონენი: ჭავჭავაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი და სხვ.

ორშაბათობით თბილისის სავაჭროები და სახელოსნოები არ მუშაობდნენ. მონაწილეთა მსვლელობის დროს ხელოსანთა ამქრები საკუთარი ნიშნებითა და მემუსიკეებით ორთაჭალის ვიწრო ყელებისკენ მიდიოდნენ, რათა ყეენის ქალაქში შემოსვლა დაენახათ.

დღესასწაულის დაწყების დროს სახედარზე ან აქლემზე შემჯდარი ყეენი და დედოფალი გამოჩნდებოდნენ თავიანთი ამალით. ხმალამოღებული ყეენი თქარათქურით მოდიოდა. ისმოდა საყვირების გულშემზარავი ხმა, ხშირად საომარი ჰიმნი „დოგუშიც“ გაისმოდა, ყეენი შემოესეოდა ჯერ განჯისკარს, ხარფუხსა და კალოუბანს, შემდეგ მტელ ქალაქს ალყას შემოარტყამდა და გზაჯვარედინებზე თავის მოხელეებს ჩააყენებდა ხარკის ასაკრეფად. თვითონ კი სეიდაბარის აღმართისკენ გასწევდა, სადაც მისთვის ტახტი იყო მომზადებული. ყეენის მოხელენი გამვლელ–გამომვლელებს იჭერდნენ, თაყვანისსაცემად და ხარკის გადასახდელად ყეენთან მიჰყავდათ.

ასე ბატონობდა ყეენი ქალაქზე შუადღემდე. შუადღეს მას მოახსენებდნენ: ქალაქი აჯანყდა და შენი ჩამოგდება სურსო. განრისხებული ყეენი რაზმავდა თავის ხალხს და „გაბდგომილებს“ უტევდა. შეტაკება მთაწმინდის სერზე ეწყობოდა. ორივე მხაერე შურდულებით, ხის ხმლებითა და ხელჯოხებით იბრძოდა, შემდეგ ხელჩართული კრივი იმართებოდა. ნარიყალელები იმარჯვებდნენ, ჯარი ყეენსა და დედოფალს ხელთ იგდებდა. გამარჯვებული ქართველთა მეფე და მისი ამალა მათ სახედრებზე პირუკუ სხამდნენ, მტკვრის პირას მიჰყავდათ და მტკვარში ყრიდნენ, დამარცხებულ ყეენს ხშირად ლაფშიც ამოსვრიდნენ ხოლმე.

ხალხი ქალაქის ყეენისაგან დახსნასა და ყეენის სიკვდილს დღესასწაულობდნენ. მეფე თავისი მომხრეებითურთ ქალაქში ილხენდა, ყეენი კი ქალაქგარეთ მიდიოდა ქეიფს იქ მართავდა.

შემდგომში დღესასწაულმა კიდევ უფრო იცვალა სახე. თბილისის ხელისუფალთ ომის მისტიფიკაცია მაინცდამაინც არ მოსწონდათ და აკრძალეს კიდეც.

თბილისსი ერთის მაგივრად რამდენიმე ყეენობა ეწყებოდა. ყოველ უბანს თავისი ყეენი ჰყავდა. პროცესიაში მონაწილეობდნენ ბერიკები, ნეფე-დედოფალი მაყრებით, „სპარსელი ყეენი , ფრაკიანი და სათვალიანი „მოსამართლე“ და სხვ. ისინი ავლაბრიდან შემოდიოდნენ, მთელ ქალაქს შემოუვლიდნენ და გზადაგზა ხარკს კრეფდნენ; შემოწირულობა მაღაზიებიდანაც კი გამოჰქონდათ. აკრეფილი ფულით ვერის, ორთაჭალისა და დიდუბის ბაღებში ქეიფები იმართებოდა.

უფრო მოგვიანობით ყეენობა ცარიზმის წინააღმდეგ მიმართულ სანახაობად გადაიქცა. ყეენობას, როგორც ეროვნულ – განმათავსებელი ბრძოლის იარაღს, ჩვენი ცნობილი მწერლები, პოეტები და მსახიობები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მის უშვალო ორგანიზატორებათდ თუ მონაწილეებად გამოდიოდნენ.

მეფის მთავრობას ეშინოდა ამ აშკარა სახალხო-პატრიოტული სანახაობისა და ყოველმხრივ ცდილობდა, თუ ვერ აკრძალავდა, ჩარეულიყო მაინც დღესასწაულში. პოლიციის მოხელეებმა მოინდომეს, ყეენობა ცარიზმის ძლევამოსილების გამომხატველ დღესასწაულად ექციათ. მაგრამ ყეენობაში თანამედროვების ელემენტების შეტანა ხალხმა თავისებურად გამოიყენა და უფრო სრულად გამოხატა თავისი სიძულვილი ცარიზმისადმი. ყეენობაში მეფის უნიჭო გენერლებისა და პოლკოვნიკების გამასხარავება დაიწყეს; ყეენის მაგივრად მეფის პოლკოვნიკის მუნდირში გამოწყობილი პირი დასვეს და მეფის მოხელეების მიერ ქალაქის აწიოკების, დატყვეებისა და გაციმბირების ინსცენირებებს აწყობდნენ. ზოგიერთი უბნის ყეენებს „პიანიცა კაპიტნებიც“ ტანსაცმელს აცმევდნენ და ასე ჩამოატარებდნენ ხოლმე მთელ ქალაქში. მსვლელობაში შებორკილი ტუსაღებიც იღებდნენ მონაწილეობას. გარს შუბიანი ჯარისკაცები ეხვივნენ. ერთხელ ევროპის პოლიტიკური მდგომარეობის ინსცენირებისათვის უბანში გენერალ ბულანჟესა და თავად ბისმარკის მსგავსად ჩაცმული პირებიც გამოუყვანიათ.

ცხადია, ასეთი სახის ყეენობას მეფის მთავრობა ვერ შეურიგდებოდა. ჟურნალი „კვალი“ 1894 წელს აუწყებს, რომ „ყეენობა რამდენიმე ხანი აკრძალულია და ტბილისის ჩვეულებრივ მყუდროებას ვერ არღვევს“ .

მაგრამ ხალხი თავის საყვარელ სანახაობას მაინც ვერ შეელია და ზოგჯერ „ყეენობის კუდის“ სახელით მას ქალაქგარეთ მალულად მართავდა. ამ დღესასწაულის მოწყობაზე, რომელსაც წესრიგისათვის პოლიციის ბოქაულიც კი ესწრებოდა, ნებართვის აღება სჭირდებოდა.

ქალაქელი ვაჭრები ორთაჭალაში მიდიოდნენ, მასხარის ტანსაცმელს იცმევდნენ, თავზე ჩაჩს იხურავდნენ და იქ ქეიფობდნენ. ლხინის მონაწილენი ფულს ჩადიოდნენ, რომელსაც ვინმე ღარიბი გასათხოვარი ქალის მზითვისათვის ან სხვა საქველმოქმედო საქმისათვის იყენებდნენ. ქეიფობდნენ დაღამებამდე და ჩირაღდნებით ხელში ზურნითა და კინტაურით ქალაქში ბრუნდებოდნენ...

ქალის ინტელიგენცია მხარს უჭერდა ყეენობის შენარჩუნებას; 1894 წელს გამართულ „ყეენობის კუდში“ ბანკის წარმომადგენლებთან ერთად ილია ჭავჭავაძესაც მიუღია მონაწილეობა.



წყარო

  • რუხაძე, ჯულიეტა ქართული ხალხური დღესასწაული: საბჭ. საქართველო,1966
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები