თეატრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპიდავროსი

თეატრი − (ბერძნ. theatron – სანახაობის გასამართი ადგილი; სანახაობა; drama – მოქმედება) – ხელოვნების სახეობა; წარმოდგენა, სპექტაკლი, შენობა, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები.

თეატრის ისტორიული განვითარება უშუალოდ დაკავშირებულია საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებასა და საკაცობრიო სულიერი კულტურის ფორმირებასთან.

სარჩევი

თეატრის წარმოშობა

თეატრი წარმოიშვა რელიგიური და საწესჩვეულებო რიტუალების, თამაშისა და მიბაძვის საფუძველზე. საწყის საფეხურზე იგი აერთიანებდა ხელოვნების ყველა დარგს: მუსიკას (ბგერა და რიტმი); ქორეოგრაფიას (ცეკვა, პანტომიმა); სახვით ხელოვნებას (კოსტიუმები, ნიღბები). სავარაუდოდ, იგი შეიცავდა სიტყვასაც (მაგრამ არა ქმედითი დანიშნულებით). თეატრის ასეთ პირველსახეს ეწოდა სინკრეტული (გაერთიანებული).

ტოტემიზმის ხანაში (ადრეული პალეოლითი), საწესჩვეულებო რიტუალი განუყოფელი იყო რელიგიურისაგან და დაკავშირებული იყო საყოფაცხოვრებო წარმატებასთან. იმის გამო, რომ ნადირობას თემისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა (ჯერ კიდევ არ არსებობდა მიწათმოქმედება და მესაქონლეობა), ნადირობის რიტუალს ასრულებდნენ განსაკუთრებული ყურადღებით და მრავალფეროვანი ხერხებით. ზოომორფული აზროვნებიდან გამომდინარე (ბერძნ. zoon – ცხოველი, morphe – ფორმა), სწორედ ცხოველი იყო მიბაძვის და თაყვანისცემის ობიექტი. ანიმიზმის (ფეტიშიზმის) ხანაში წარმოიშვა მაგიური რიტუალი, რომელსაც თუმც შენიღბული ფორმით, მაგრამ ახლდა თეატრალური ორგანიზაცია. მიუხედავად იმისა, რომ იგი თეატრისაგან განკერძოებით იდგა, მომავალში სწორედ მან უზრუნველჰყო თეატრში მისტიკური შრეების არსებობა. სასიცოცხლო ინტერესების მრავალფეროვნებამ თავისთავად წარმოშვა მრავალღმერთიანობა, მაგრამ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ხანაში, ბუნებრივია, უპირატესობა უყოყმანოდ ეძლეოდა ნაყოფიერების ღვთაებას (ამ ღვთაებაზე იყო დამოკიდებული თვით თემის გამრავლებაც). და რადგან იგი დაკავშირებული იყო საყოველთაო მხიარულებასთან ორგიების ჩათვლით, მას უპირატესობა ენიჭებოდა თვით პოლითეიზმის (მრავალღმერთიანობის) ხანაშიც (მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ღვთაებათა პანთეონში მას საკმაოდ მოკრძალელი ადგილი მიუჩინეს).

რელიგიური და საყოფაცხოვრებო რიტუალისგან პარალელურად, ჯერ კიდევ მეზოლითის ხანაში, გავრცელება იწყო ზეპირსიტყვიერებამ, რაც შემდგომში ჩამოყალიბდა მითოლოგიად. ლეგენდებს და თქმულებებს თავისი მთხრობელი ესაჭიროებოდა, თხრობას კი ოსტატობა. მსახიობად უკვე მოიაზრებოდა არა მარტო მიმბაძველი, არამედ მთხრობელიც. თხრობისა და რიტუალის შერწყმა, სავარაუდოდ, ანტროპოფორმიზმის (ბერძნ. anthropos – ადამიანი, morphe – ფორმა) ზეგავლენით მოხდა. როგორც კი ღმერთებს მიეწერათ ადამიანური თვისებები, მაშინვე ფრთა გაშალა დრამატულმა ფანტაზიამ, რაც დასრულდა რიტუალის და მითის შერწყმით. ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროების მიხედვით, პირველი ასეთი თეატრი ჩამოყალიბდა ძველ ეგვიპტეში (ძველეგვიპტური თეატრი).

ძველბერძნული თეატრი

ამავე „სცენარით“ ყალიბდებოდა თეატრი ძველ საბერძნეთშიც, თუმც უფრო დაჩქარებულად, რაც გაპირობებული იყო უკვე მზა თეატრალური ფორმების გადმოღებით ეგვიპტური კულტურიდან (ჰეროდოტე). ღვთაება დიონისესადმი მიძღვნილმა ღესასწაულებმა ძველ საბერძნეთში და უაღრესად მაღალმხატვრულმა მითოლოგიამ, ერთმანეთში განზავების შედეგად წარმოშვა ტრაგედია (დითირამბისგან) და კომედია (ფალიკური მსვლელობებიდან) (ძველბერძნული თეატრი).

თეატრალურ წარმოდგენაში დრამატული ფაბულის შემოჭრამ, ძირფესვიანად შეცვალა რიტუალისადმი დამოკიდებულება და გააძლიერა თამაშის ელემენტი. ფაბულის წარმოშობას თავისთავად მოჰყვა პერსონაჟის გამოკვეთა, მისი ჩვენება ქმედების და არა თხრობის საშუალებით. პროტაგონისტის (პირველი მსახიობი) გვერდით ჯერ დევტერაგონისტის (მეორე მსახიობი), ხოლო შემდგომ კი ტრიტაგონისტის (მესამე მსახიობი) ამოქმედებამ, საბოლოოდ განამტკიცა პერსონაჟის და მასთან ერთად მსახიობის მხატვრული დამოუკიდებელობა. ამავე პერიოდში მოხდა მითოლოგიის თემატიკის ჯერ რეალობაში გადმოტანა, შემდგომ კი რეალობის მითოლოგიზაცია. თავისუფალმა აზროვნებამ წარმოშვა კითხვები ღმერთების და ადამიანების სამართლიანობის შესახებ (ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე), გაამძაფრა იუმორისტული, სატირული, გამანადგურებელი სკეფსისის შემცველი დამოკიდებულება შეცდომისა და ნაკლის მიმართ (არისტოფანე). შესაბამისად, აღმოცენდა ტრაგედია და კომედია უკვე დასრულებული სახით. ანტიკური თეატრი გვაოცებს მხატვრული ფორმების დახვეწილობით და მრავალფეროვნებით, შინაარსის სიღრმით და მნიშვნელობით. მასში ორგანულად შერწყმულია სინამდვილის დაუძლეველ წინააღმდეგობათა შეგნება და მათ მიმართ ადამიანური შეურიგებლობა.

რომაული თეატრი

რომაელებმა თუმც მთლიანად გადმოიღეს ბერძნული თეატრის ფორმა, მაგრამ ქვეყნის საერთო სულისკვეთებიდან გამომდინარე, ვერ ამაღლდნენ ბერძნული დრამის პოეტიკამდე. რომაულმა ჰედონიზმმა და რაციონალიზმმა არ გაიზიარა ტრაგედიის პრობლემატიკა, სამაგიეროდ კომედია აიყვანა ახალ საფეხურზე. თუკი რომაული ტრაგედიები აღსავსეა სისხლიანი საშინელებებით (სენეკა), კომედიები არ იშურებენ გესლიან გროტესკს. რომაულმა პრაგმატიზმმა და მილიტარისტულმა სულისკვეთებამ მოითხოვა გრძნობების კონტროლი და სწორხაზოვანი გმირები, რაც ნაკლებად ესადაგებოდა ბერძნულ ტრაგედიას. სამაგიეროდ, ფრთა გაშალა კომედიამ (ტერენციუსი, პლავტი).

შუა საუკუნეების

მონოთეიზმის იდეოლოგიამ უარყო ანტიკური კულტურა და მასთან ერთად ანტიკური თეატრი. შუა საუკუნეებში (V ს. ბოლო, XVII ს. შუახანი) თეატრალურმა მუზამ კვლავ გადაინაცვლა საწესჩვეულებო სანახაობებში, თუმც უკვე ტრანსფორმირებულმა მონოთეიზმთან მიმართებაში. არ შეუწყვეტიათ არსებობა მოხეტიალე მსახიობებს და დასებს, მიუხედავად იმისა, რომ განიცდიდნენ სასტიკ დევნას. თეატრის აუცილებლობის შეგნებამ X ს. წარმოშვა საეკლესიო თეატრი (ლიტურგიკული და ნახევრადლიტურგიკული დრამა, მისტერია, მირაკლი, მორალიტე). წარმოიშვა თეატრალური სანახაობის სინთეზური, საერო ფორმა ფარსი. თეატრი კვლავ დაუბრუნდა მითოსურ მსოფლაღქმას, ოღონდ ამჯერად მონოთეიზმის წიაღში. საეკლესიო დრამის სიუჟეტები ამოკრებილ იქნა ძველი და ახალი აღთქმიდან. ლიტერატურაში წარმოიშვა ორი მხატვრული ნაკადი – ოვიდიუსის და ვერგილიუსის. შემზადდა ნიადაგი რენესანსისათვის (იტალიაში – XIV-XVI სს., ევროპის სხვა ქვეყნებში XV-XVII სს).

აღორძინების ხანის თეატრი

მე-13 ს. საეკლესიო თეატრების უმრავლესობამ გადაინაცვლა ქალაქის მოედნებზე. ფორმის თვალსაზრისით, ფარსმა ბევრი რამ ისესხა რომაული კომედიისაგან, მაგრამ შინაარსობრივად მთავარი მისთვის ყოველდღიურობის ასახვა იყო კათოლიკური ეკლესიის ბატონობის დამთავრებისთანავე, ორი ათასი წლის შუალედის შემდეგ, თეატრში კვლავ დგება გაფურჩქვნის ხანა (მე-16 ს.). რეალობის ფილოსოფიური შრეების ამსახველი გახდა ალეგორიული ხასიათის თეატრი – მორალიტე. სხვადასხვა ფორმები მიიღო ფარსმა (სოტი, ინტერლიუდია, ფასტნახტშპილი). აღორძინების პირობებში „ოქროს ხანა“ დაუდგა ესპანურ და ინგლისურ თეატრს. პიროვნების თავისუფლების იდეამ წარმოშვა ტიტანური პერსონაჟები, რომლებიც მზად არიან ნების თავისუფლებას ყველაფერი შესწირონ. მარლომ და შექსპირმა ინგლისში საფუძველი ჩაუყარეს ტრაგედიისა და კომედიის არნახულ მასშტაბებს. ლოპე დე ვეგამ ასახა მარადიული ჭიდილი დესპოტიასა და თავისუფლებას შორის. განვითარების მწვერვალზე მყოფმა ტრაგედიამ და კომედიამ ერთმანეთში ნათესაური კავშირი აღმოაჩინეს. იგივე პროცესი გაიარა რეალურმა და ფანტასტიკურმა, ინტელექტმა და პოეტურობამ. მათ შორის მხოლოდ პირობითი წყალგამკვეთის არსებობამ წარმოშვა ბაროკოს სტილი, რაც ყველაზე სრულყოფილად აისახა კალდერონის შემოქმედებაში.

კლასიცისტური თეატრი

საფრანგეთში აბსოლუტიზმის განმტკიცებასთან ერთად (მე-17 ს.) წარმოიშვა კლასიცისტური დრამა, რომელიც შემდგომ გავრცელდა მთელს ევროპაში. კლასიციზმში თავი იჩინა სახელმწიფოებრივი და მორალური კატეგორიებით აზროვნებამ, რასაც მოჰყვა დრამის და მთლიანად თეატრის კანონიზებისკენ სწრაფვა. კლასიციზმმა გაიზიარა არისტოტელეს და ჰორაციუსის მოსაზრებები სამი ერთიანობის შესახებ, პერსონაჟის დახასიათებისათვის მოითხოვა ერთი ცენტრალური ნიშნის (დადებითის ან უარყოფითის) გამოყოფა. ყოველივე ამის მიუხედავად, კორნელისა და რასინის კლასიცისტურმა დრამებმა ჰიმნი უმღერეს ადამიანურ გრძნობებს. კლასიციზმის დადებითი ტენდენციები ყველაზე მკაფიოდ გამოვლინდა მოლიერის შემოქმედებაში. მისი კომედიები გასცდა ყოველდღიურობის ფარგლებს და ზოგადსაკაცობრიო პრობლემატიკამდე ამაღლდა.

თეატრი განმანათლებლობის ეპოქაში

განმანათლებლობის ხანამ (მე-18 ს.) მოქალაქეობრივი, დემოკრატიული სულისკვეთება შესძინა თეატრალურ ხელოვნებას. განმანათლებლობის ეპოქის თეატრალური მოღვაწეები იზიარებდნენ კლასიციზმის პრინციპებს, მაგრამ ამასთანავე მოითხოვდნენ მის მიახლოებას ცხოვრებისეულ რეალიებთან. მათ უარყვეს სიმკაცრე ჟანრის, სტილის და სცენური მეტყველების სფეროში. დიდრომ საფრანგეთში და ლესინგმა გერმანიაში თეატრი საგრძნობლად დაუახლოვეს ცხოვრებას და მას მოქალაქეობრივი მისია დააკისრეს.

სენტიმენტალიზმი

პიროვნების თავისუფლების, გრძნობისა და არჩევანის მნიშვნელობის შეგნებამ წარმოშვა სენტიმენტალიზმი (ფრ. sentiment – გრძნობა), მიმდინარეობა, რომელიც იქცა ერთგვარ გარდამავალ ხანად კლასიციზმსა და რომანტიზმს შორის. მისი გერმანული ვარიანტი იყო ლიტერატურული მოძრაობა „ქარიშხალი და შეტევა“ („sturm und drang“), რომელმაც საბოლოოდ დაუსვა წერტილი კლასიციზმის პოეტიკას, დემოკრატიული სულისკვეთბით გაჟღინთა სიუჟეტი და პერსონაჟები, კერძო ინტერესებს დაუპირისპირა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები. „შტურმერებმა“ უარყვეს კლასიცისტური რაციონალიზმი და სიკეთის პირველსაწყისად გრძნობა გამოაცხადეს (გოეთეს და შილერის ადრეული დრამატურგია).

XIX საუკუნის თეატრი

მე-18 ს. დამლევს და მე-19 ს. დასაწყისში, უძლიერესი მიმდინარეობის, რომანტიზმის წარმოშობამ, საბოლოოდ გაამყარა მხატვრული აზროვნების ახალი ტენდენციები. რომანტიკოსები ისწრაფვოდნენ ისტორიული წარსულის კონკრეტული ასახვისაკენ, რომლის წიაღში უნდა გამოკვეთილიყო მრავალწახნაგოვანი გმირი, დაჯილდოებული განსაკუთრებული თვისებებით და გარემოცული უძლიერესი ვნებებით. პერსონაჟის ინდივიდუალიზაციასთან და გრანდიოზული მოვლენების ასახვასთან ერთად, რომანტიკოსებმა გმირთა მეტყველებაში შეიტანეს შთაგონებული ლირიზმი. რომანტიზმის ბუნტარული სულისკვეთება. საუკეთესოდ გამოხატეს ჰიუგომ, ვინიიმ, ბაირონმა, შელიმ. ამავე პერიოდში საგრძნობლად დაიხვეწა დრამატურგიული ტექნიკა (დიუმა-მამა, სკრიბი, ოჟიე).

მე-19 ს. მე-2 ნახ. ერთის მხრივ მეცნიერული აზროვნების განვითარებამ და მეორეს მხრივ მისტიციზმის გაღრმავებამ წარმოშვა ორი ურთერთსაპირისპირო მიმდინარეობა ნატურალიზმი და სიმბოლიზმი. ნატურალიზმის მამამთავარი ემილ ზოლა უარყოფს ტიპიზაციას, მოითხვს მოქმედების დეტალიზაციას და ასაბუთებს პერსონაჟის დახასიათების დროს მისი სოციალური წარმომავლობის და ბიოლოგიური თავისებურების გათვალისწინების აუცილებლობას.

სიმბოლიზმი კი პირიქით, უარს ამბობს კონკრეტული რეალიების ასახვაზე და ცდილობს გამოავლინოს არსებობის მისტიკური არსი.

სიმბოლიზმის ყველაზე მკაფიო წარმომადგენლები მ. მეტერლინკი და ე. ვერჰარნი სიკეთისა და ბოროტების ჭიდილს მიიჩნევენ შეუცნობელი, ზებუნებრივი ძალების მარადიულ თვისებად.

თითქოსდა ამ ორი მიმდინარეობის შეთავსებას ცდილობენ ჰ. იბსენი და გ. ჰაუპტმანი. მათ ნაწარმოებებში მწვავედ დგას ფილოსოფიური და ეთიკური პრობლემები, რომელთა წიაღში განფენილია მისტიკური შრეებიც.

XX საუკუნის თეატრი

მე-19 ს. მიწურულში ასპარეზზე გამოდის ორი უძლიერესი მიმართულება, ავანგარდიზმი და დეკადანსი, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს თეატრის განვითარების შემდგომ ეტაპებს.

მე-20 ს. დასაწყისშივე წარმოიშვა უამრავი ავანგარდისტული მიმართულება – ფუტურიზმი, დადაიზმი, ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, სიურრეალიზმი, იმაჟიზმი, კუბიზმი, კონსტრუქტივიზმი, პრიმიტივიზმი და ა.შ., რაც გაერთიანდა საერთო სახელწოდებაში – მოდერნიზმი. ამ მიმდინარეობათაგან თეატრისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ექსპრესიონიზმი და სიურრეალიზმი. გვიანი მოდერნიზმის ხანას განეკუთვნება აბსურდიზმი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი კვალი დაამჩნია მე-20 ს. თეატრს.

მოდერნიზმის ერთ-ერთ განტოტებად მოიაზრება ინტელექტუალური დრამა, რომელიც წარმოიშვა ფილოსოფიური მიმდინარეობის, ეგზისტენციალიზმის საფუძველზე და ერთგვარად გააერთიანა კიდეც სხვადასხვა ავანგარდისტული მიმდინარეობები. ინტელექტუალური დრამის ტალღაზე იშვა ეპიკური თეატრიც, თუმც რადიკალურად სხვა ფილოსოფიურ საფუძველზე. მე-20 ს. მე-2 ნახ. მოდერნიზმმა თავი ამოწურულად სცნო და ფილოსოფიური ან მეცნიერული ბიძგის არარსებობის გამო, გადაიზარდა პოსტმოდერნიზმში, რაც გულისხმობდა მიმდინარეობათა და სტილთა სრულ აღრევას დასახული მხატვრული ამოცანის მიხედვით. პოსტმოდერნიზმისთვის უცხო არ აღმოჩნდა მოდერნიზმამდე არსებული თვით ისეთი „ანტიმოდერნისტული“ მიმდინარეობაც კი, როგორიცაა ნატურალიზმი. პოსტმოდერნიზმი შეეცადა თეატრის მთელი ისტორიული გამოცდილების გაერთიანებას.

თეატრი მარად ცვალებადი ხელოვნებაა და მისი მხატვრული პროცესები დამოკიდებულია კაცობრიობის სულიერი კულტურის განვითარებაზე.

მ. გეგია

წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები